ავტორი:

"ეგონათ, რომ მოვკვდი და თავზე ზეწარი გადამაფარეს. ასევე, მომპარეს საათი, მიიჩნიეს, რომ აღარ დამჭირდებოდა" - 10 წუთის ტრაგიკული ფასი

"ეგონათ, რომ მოვკვდი და თავზე ზეწარი გადამაფარეს. ასევე, მომპარეს საათი, მიიჩნიეს, რომ აღარ დამჭირდებოდა" - 10 წუთის ტრაგიკული ფასი

ზღვისდან მონაბერი სიოთი და ბნელი ღამით შეგრილებულ ასფალტზე უგონოდ დაგდებულ ახალგაზრდა კაცს ექიმმა ზეწარი გადააფარა, გვერდზე მიმოიხედა და, ვიდრე მისი კოლეგები ავარიაში მოყოლილ სხვა მგზავრების გადარჩენას ცდილობდნენ, ინციდენტის თვითმხილველები კი შოკში იყვნენ, გარდაცვლილს მაჯიდან საათი ოსტატურად ჩამოხსნა და ხალათის ჯიბეში ჩაიგდო.

"ეს მკვდარია!“ - დაიძახა და სხვების დასახმარებლად წავიდა, თუმცა მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ "გარდაცვლილი“ ზუსტად 21 წელიწადში, არც მეტი არც ნაკლები, ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდებოდა...

2018 წელს გადაცემა "I’m a Celebrity... Get Me Out of Here!"-ის (უკანასკნელი გმირის ვარიანტი) ერთ - ერთი მონაწილე ასაკოვანი ჰარი რედნაპი იყო. მას კუნძულის საპირფარეშოს დალაგება სთხოვეს, რაზეც მწვრთნელმა უპასუხა:

"არანაირი პრობლემა არ მაქვს, პირიქით, დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ამ საქმეს, ყნოსვა არ მაქვს“. მოგვიანებით რედნაპი არასასიამოვნო სამუშაოს მუდმივ რეჟიმში შესრულებას დათანხმდა იმ პირობით, თუ მის ნაცვლად კუნძულზე საჭმელს სხვა დაამზადებდა.

მწვრთნელი, რომელიც ახალგაზრდა პოპ-ვარსკვლავებზე და მეტიჩარა არტისტებზე ბევრად ღირსეულად გამოიყურებოდა, გადაცემის იმ სეზონის გამარჯვებულიც გახდა - მან მაყურებლის ხმების 68% მიიღო.

რა თქმა უნდა, იყო დრო, როცა რედნაპს სუნის გარჩევა შეეძლო, მაგრამ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა1990 წლის შვებულებამ, რომელსაც ის იტალიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ატარებდა.

მაშინ ის "ბორნმუთის“ მთავარი მწვრთნელი იყო. იტალიაში კი მეგობრებთან: ბრაიან ტაილორთან ("ბორნმუთის“ აღმასრულებელი დირექტორი), მაიკლ სინკლერთან ("იორკ სიტის“ პრეზიდენტი) და ფრედ უაითჰაუსთან ("ასტონ ვილას“ პრეზიდენტი) ერთად იმყოფებოდა.

30 ივნისი იყო, დღე, როდესაც მასპინძლებმა რომში, ირლანდიას სძლიეს და ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ. მომდევნო დღეს ნეაპოლში ინგლისი კამერუნს ხვდებოდა. მეგობრებმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ 200 კმ არა დღისით, არამედ ღამით, იტალია-ირლანდიის მარჩის შემდეგ, დაუყონებლივ გაევლოთ, მიეღწიათ ლატინამდე, გამოეძინათ და მეორე დღეს გაეგრძელებინათ გზა. მათ მიკროავტობუსი ემსახურებოდა.

ოლიმპიური სტადიონიდან გამოსვლისთანავე, კამპანიას მოშივდა და პიცერიასთან გაჩერდნენ. ირლანდიელმა გულშემატკივრებმა ბიჭები დაინახეს და რედნაპთან მივიდნენ. მწვრთნელისა და ფანების განხილვის ობიექტი ირლანდიის ნაკრების მეორე მეკარე ჯერი პეიტონი გახდა, რომელიც მაშინ "ბორნმუთში“ თამაშობდა. ბრაიან ტაილერი, რომელსაც ადრე გაღვიძება ჰქონდა განზრახული, რედნაპს ევედრებოდა, რომ მომწყდარიყო ფანებს და ტრანსპორტში დაბრუნებულიყო.

ჰარიმ 10 წუთით დააგვიანა. როგორც წესი, ის მიკროავტობუსის მეორე რიგში ჯდებოდა, ორპირის ეშინოდა და ფანჯარასთან ჯდომას ერიდებოდა, მაგრამ იმ დღეს მის ადგილას ბრაიანი მოთავსდა, ხოლო რედნაპი ფანჯარასთან გადაუშვა... "ამით მათ დაგვიანებისთვის დამსაჯეს, იცოდნენ, რომ არ მიყვარდა ფანჯრებთან ჯდომა", - ახსნა მწვრთნელმა. თუმცა რედნაპი იმდენად დაღლილი იყო, რომ დაჯდა თუ არა, დაეძინა.

ჰარიმ 4 დღეში, 3 ივლისს, საავადმყოფოში, თავის ქალის, ცხვირისა და ნეკნების მოტეხილობებით გაიღვიძა. აღსანიშნავია, რომ ის ავარია მას დღემდე არ ახსოვს. მოვლენები კი პოლიციელების მიერ შედგენილი მოხსენების მიხედვითა და მეგობრების მონაყოლით მეტ-ნაკლებად აღიდგინა. ავტობუსი სამზოლიან გზაზე მოძრაობდა, როდესაც მათ საპირისპიროდ იტალიელი ჯარისკაცების მანქანამ სხვა მანქანის გასწრება სცადა, თუმცა მიკროავტობუსს 144 კმ/სთ-ით შეასკდა.

ჯარისკაცები ადგილზე გარდაიცვალნენ.

მიკროავტობუსი კი ამოტრიალდა და სახურავით ძირს 50 მეტრი გაცურდა...

ადგილზევე დაიღუპა "ბორნმუთის“ დირექტორი ტაილერი. რედნაპი ფანჯრიდან გადავარდა და მიწაზე უგონოდ დაეცა. ამასობაში ტრანსპორტის ავზიდან საწვავი იღვრებოდა. სინკლერმა ჰარი სავალი ნაწილიდან გვერდზე გადაიყვანა, შემდეგ უაითჰაუსი გამოათრია და თვითონაც უგონოდ დავარდა. აფეთქება არ მოხდა, მაგრამ მისულმა ექიმებმა ჰარის სიკვდილი დააფიქსირეს.

"მათ ეგონათ, რომ მოვკვდი და თავზე ზეწარი გადამაფარეს. ასევე, მომპარეს საათი, მიიჩნიეს, რომ აღარ დამჭირდებოდა. სხვა ფასეული ნივთებიც ჩამოგვხსნეს.“ მწვრთნელის თქმით, საავადმყოფოში მყოფ ექიმებსაც ვერ გაეგოთ, რომ მათ გარდაცვლილი კი არა, ცოცხალი ადამიანი მიუყვანეს.

"მოგვიანებით ექიმები მეუბნებოდნენ, რომ იმდენად საშინელი დარტყმა იყო, ნამდვილი სასწაული მოხდა, რომ გადავრჩი“, - იხსენებდა შემდგომ ჰარი.

კომის 2 დღეს იტალიურ კლინიკაში, 3 კვირაში ინგლისში ტრანსპორტირება და რამდენიმეთვიანი რეაბილიტაცია მოჰყვა. ავარიიდან ჰარის მარცხენა ფეხზე იარა და ყნოსვის დაკარგვა დარჩა, ამბობს, რომ ზოგიერთ გასახდელში სუნის ვერშეგრძნება მისთვისვეა კარგი. ასევე, მწვრთნელს სახის მიმიკური დარღვევა აქვს, თუმცა სულ სხვა რამეს დარდობს: "მთავარი რაც იმ ავარიიდან ვიცი, არის ის, რომ ერთი ადამიანის მიერ დროის უაზრო გაწელვამ სამი ახალგაზრდა შეიწირა, მე კი ჩემი მეგობარი ბრაიანი დავკარგე“.

"სადაც მიმუშავია, ყველა ხელმძღვანელთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მას არავინ ჰგავდა. ბრაიანზე კარგი ბოსი არ მყოლია და არც მეყოლება. მენატრება ის დრო, როცა პარასკევობით ღვინით სავსე ჭიქებს მოვიდგამდით და გაუთავებლად ვსაუბრობდით.

ასევე, დიდხანს ვფიქრობ იმ 10 წუთზე. თუ ჩვენ იმ დროს წამოვიდოდით ფანებისგან, როცა ბრაიანი ითხოვდა, შესაძლოა, ახლა აქ ყოფილიყო და ის გარდაცვლილი 3 ახალგაზრდაც ცოცხალი ყოფილიყო. და მაინც, იმ დღეს იმდენი პატარა და წვრილი დამთხვევები იყო, რომ მათაც განსაზღვრეს მისი სიკვდილ-სიცოცხლის მომენტი.

ნამდვილი მეგობარი დავკარგე, ვერავინ გამიგებს, როგორ ვნანობ და მენატრება", - განაცხადა ჰარიმ ტრაგედიიდან წლების მერე.

ჰარი მეუღლესთან ერთად

თუმცა, შესაძლოა, სწორედ იმ ტრაგიკულ ავარიას უნდა უმადლოდეს მწვრთნელი ხასიათის სიმტკიცეს, მუდმივ პოზიტივს და სიცოცხლის არანორმალურ სიყვარულს.

2007-08 სეზონში ჰარიმ "პორთსმუთს“ FA Cup მოაგებინა. შემდეგ უკვე "ტოტენჰემში“ გადაბარდგა, სადაც 2009-10-ის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.

არადა, მანამდე, ზუსტად 20 წლით ადრე, ექიმი ზეწარს აფარებდა, გარდაცვლილად აცხადებდა და საათს ჰპარავდა, - იმქვეყანად მაინც აღარ დასჭირდებაო...

ავტორი: ანრი კურტანიძე