ავტორი:

ცეკვა და ელიზაბედ კიკნაძე - რა გეგმები აქვს მოცეკვავე ინფლუენსერს

ცეკვა და ელიზაბედ კიკნაძე - რა გეგმები აქვს მოცეკვავე ინფლუენსერს

ელიზაბედ კიკნაძე მოცეკვავე და-ძმა კიკნაძეების სამეულში უფროსია. სწორედ ის მივიდა პირველად სუხიშვილების სტუდიაში და შემდეგ ეს გზა მის ძმებთან (ნიკოლოზთან და ანდრიასთან) ერთად გააგრძელა. კიკნაძეების ოჯახის ცეკვა, ალბათ, უკვე ბევრმა თქვენგანმა ნახა. თუ „ქართული კვირის“ მკითხველი ხართ, კიკნაძეების დიდი ოჯახის ახლოდან გაცნობასაც მოახერხებდით.

ახლა კი გვინდა, იმის შესახებ მოგიყვეთ, თუ როგორ უყურებს ამ ყველაფერს თავად ელიზაბედი, რომლის იდეაც იყო იმპროვიზირებული ცეკვების შესრულება, რამაც კიკნაძეებს ფართო საზოგადოების ძალიან დიდი სიყვარული მოუტანა.

- ელიზაბედ, თუ შეიძლება მოკლედ მოგვიყევი შენი ემოციების შესახებ, რომლებიც ცეკვას უკავშირდება...

- ცეკვა თვითგამოხატვის საშუალებაა. ცეკვა გრძნობების და მოქმედების კავშირია, ჩემი ყოველდღიურობა, რომელიც უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს.

- ოჯახის 3 წევრი სუხიშვილების მოცეკვავეები ხართ. ბოლო პერიოდში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ერთად ასრულებთ ცეკვებს. ვისი იდეაა ეს და როგორ ხდება ამ ყველაფრის ორგანიზება?

- ჩემი იდეა იყო, დაგვედგა და შეგვესრულებინა იმპროვიზირებული ცეკვები, შემდგომ კი, უკვე ეს შესრულება გადაგვეღო.

ძალიან გვიყვარს ღია სივრცეში ცეკვა და შესაბამისად, ჩვენი ყველა ცეკვა გარე სივრცეშია გადაღებული.

- მოგვიყევი ამ პროცესის შესახებ...

- ამ დადგმის თუ რეპეტიციის პროცესში ძალიან დიდი ემოციებით ვარ ჩართული. გვიწევს ნახაზის შეცვლაც, რადგან ორი ბიჭი და ერთი გოგო ვართ. მინდა აღვნიშნო, რომ ბიჭები ძალიან მეხმარებიან და მეც მათ რჩევებს ვითვალისწინებ.

როგორც ცეკვის იმპროვიზაცია, ასევე ძალიან მიყვარს ერთი ცეკვის სხვადასხვა მუსიკაზე შესრულება.

მუსიკის შესაბამისად იცვლება მოძრაობის მანერა და ხასიათი, რაც ცეკვასთან ერთად არტისტიზმიც არის.

ვთვლი, რომ ამ მიმართულებას ცეკვაში უფრო მეტად განვავითარებ.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს? როგორც ვიცით, გინდა, სოციალურად დაუცველ ბავშვებს ცეკვა შეასწავლოთ...

- აუცილებლად, ამის სურვილი ძალიან დიდია. ძალიან მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და მინდა, მათ ბედნიერებისა და სიხარულის ის განცდა მივანიჭო, რომელსაც ცეკვა იწვევს.

- აპირებ თუ არა ცეკვის, როგორ პროფესიის გაგრძელებას?

- მე უკვე დავუკავშირე ჩემი მომავალი ცეკვას და ხელოვნებას. მინდა, მუდმივად ვიყო განვითარების და წინსვლის პროცესში. სამომავლო გეგმებში იმპროვიზაციის სტუდიის შექმნაც არის.

(R)