ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი მზად არიან ზურაბ ზვიადაურს თავდებში ჩაუდგნენ.
ამის შესახებ მათ თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადეს.
"19 წელია ვიცნობ ზვიადს. ზურას გამო შემიყვარდა ძიუდო. ჩემთვის საუკეთესო სპორტსმენია. ერთ-ერთი საამაყო და მისაბაძი ადამიანია, ვისაც მე ძიუდოს ისტორიაში ვიცნობ. დღესაც მეხვეწვება ხოლმე და გვეხვეწება, ოღონდ მოინდომეთო. ეს ადამიანი აქ კი არ უნდა იყოს, ამის ძეგლი უნდა იდგეს. ცრემლი მომდის, აქ რომ მომიწია მოსვლა.
ის ისეთ რამეს არ გააკეთებს, რომ მე დამაზიანოს. ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს. არც კი დამიჯერებია, რომ ამას გააკეთებდა. მეც მყავს ძმა და ჭკუაზე როგორ უნდა იყოს, არ ვიცი. თავდებში ვუდგები ყველაფრით. თუ გინდათ მე დამაკავეთ და მე ვიქნები მის ნაცვლად. ზვიადაური - შენს გულს ვენაცვალე" - აღნიშნა ჭრიკიშვილმა.
"თანახმა ვარ ვუზრუნველყო მისი კანონიერი ქმედება, მთელი ცხოვრებაა ვიცნობ - 21 წელი. მზად ვარ, ვაკონტროლოთ ზვიადურის მოქმედება“, - აღნიშნა ბექაურმა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიური ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.
შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.