მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს.
ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის. რელიგიური ლიტერატურის თანახმად, მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თაბორის მთაზე იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფის - პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.
სახარების მიხედვით, ამ დროს მაცხოვართან ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე იგი მკვდრეთით არ აღდგებოდა.
ფერიცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილი იკურთხება. მარიამობის მარხვის გამო, ეს დღე თევზით ხსნილია.
ფერისცვალების მნიშვნელობაზე karibche.ambebi.ge-ს ვაზისუბნის ცხრა ყრმათა კოლაელთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზი გურამ გურამიშვილი ესაუბრა:
- ფერისცვალების დღესასწაული მართლაც განსაკუთრებულია - იგი ეხება არა ძე კაცისას ზეციდან გარდამოსვლისა და განკაცების საიდუმლოს, არა მაცხოვრის ქვეყნიურ მოღვაწეობას, არამედ საუკუნო ცხოვრებას. იესომ ფერისცვალება იმისთვის ინება, რომ ცხადად ეჩვენებინა მოციქულთათვის და ყველა მორწმუნისათვის საიდუმლო მომავალი ცხოვრებისა, მდგომარეობა გამართლებული ადამიანისა - ჩვენი ცხონება სულიერ ფერისცვალებასა და გაბრწყინებაში მდგომარეობს.
- მამაო, ამ დღეს ხილს რატომ აკურთხებენ?
- ეს ის პერიოდია, როცა თითქმის ყველანაირი ხილია შემოსული და ეკლესიაში დამკვიდრდა ტრადიცია ფერისცვალების დღესასწაულზე, წირვის შემდგომ მათი კურთხევისა, რაც სიმბოლურად იმას ნიშნავს, რომ კურთხევით განიწმინდება ადამის ცოდვით შებილწული ხილი და იმ სიწმინდეს იბრუნებს, რომლითაც ედემის ბაღში იყო მოსილი. გააგრძელეთ კითხვა