ავტორი:

"თალიბანი" აეროპორტისკენ მიმავალ მოქალაქეებს დაბრკოლებებს უქმნის - რა ვითარებაა ქაბულში

"თალიბანი" აეროპორტისკენ მიმავალ მოქალაქეებს დაბრკოლებებს უქმნის - რა ვითარებაა ქაბულში

„თალიბანი“ ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ მოქალაქეებს დაბრკოლებებს უქმნის, - ინფორმაციას მედია სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქაბულის აეროპორტს ამ დროისთვის 4 500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი აკონტროლებს, თუმცა მისკენ მიმავალი ყველა გზა თალიბების კონტროლის ქვეშაა.

ამასთან, ქვეყნების საელჩოები ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციას განაგრძობენ. მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე შეერთებულმა შტატებმა 5 200 ადამიანის გაყვანა მოახერხა, 1 200 მოქალაქე გაიყვანა გაერთიანებულმა სამეფომ, 500 - გერმანიამ, 209 - საფრანგეთმა, 500 - ესპანეთმა, 522 - თურქეთმა. მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა ასევე დანიამ, ნიდერლანდებმა, ჩეხეთმა იაპონიამ, ინდოეთმა და სხვ.

ამასთან, ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად მიიღო.

„ახლა საამიროებში ვიმყოფები. რომ დავრჩენილიყავი, ქაბულში სისხლისღვრის მომსწრე გავხდებოდი. ქაბული არ უნდა გადაქცეულიყო იემენად ან სირიად ძალაუფლებისათვის ბრძოლის გამო, ასე რომ, იძულებული გავხდი წავსულიყავი,“ - აცხადებს ღანი.

ავღანეთის პრეზიდენტი უარყოფს ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნიდან მილიონობით დოლარი წაიღო.

„ეს ბრალდებები არის უსაფუძვლო ტყუილი. წავედი მხოლოდ ჟილეტით და ტანსაცმლით“, - აცხადებს ღანი.

მისივე თქმით, ქვეყანაში დასაბრუნებლად მოლაპარაკებებს მართავს.

„ავღანეთში დასაბრუნებლად კონსულტაციებს ვაწარმოებ, რათა გავაგრძელო ძალისხმევა სამართლიანობის, ჭეშმარიტი ისლამური და ეროვნული ღირებულებებისათვის”, - განაცხადა ღანიმ.

აშრაფ ღანიმ ქვეყანა 15 აგვისტოს მას შემდეგ დატოვა, რაც თალიბებმა ქვეყნის დედაქალაქი დაიკავეს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება.