ავტორი:

"ბორჯომის ტყის ხანძრისას, მამა რომ მირეკავდა, ვერ ვპასუხობდი, მეტირებოდა. მეგონა, ცეცხლი მთელ ჩემს სამშობლოს ეკიდა" - ტელეოპერატორი, მხატვარი და კულინარი ბექა "მსხვილი პლანით"

"ბორჯომის ტყის ხანძრისას, მამა რომ მირეკავდა, ვერ ვპასუხობდი, მეტირებოდა. მეგონა, ცეცხლი მთელ ჩემს სამშობლოს ეკიდა" - ტელეოპერატორი, მხატვარი და კულინარი ბექა "მსხვილი პლანით"

"პალიტრანიუსის“ ტელეოპერატორი ბექა მშვილდაძე მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია. ისეთი საინტერესო, რომ სურვილი გიჩნდება, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნო, მის ამა თუ იმ გატაცებაზე მოუთხრო, ყოველი მათგანი მისთვის უკვე პროფესიასავით საყვარელია.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ 5-6 ივლისს რუსთაველზე მედიის წარმომადგენლებზე აგრესიული თავდასხმისას, ძალადობას ისიც ვერ გადაურჩა...

ambebi.ge ბექა მშვილდაძეს, ტელეოპერატორების ტერმინით რომ ვთქვათ, "მსხვილი პლანით" წარმოგიდგეთ.

  • ოჯახი და რწმენა

მორწმუნე ოჯახში გაიზარდა. მშობლებს პატარაობიდანვე დაჰყავდათ ეკლესიაში და ეზიარებოდა.

"დედა ექიმ-ლაბორანტია, მაგრამ ამ ეტაპზე აღარ მუშაობს, თუმცა დახმარება თუ ვინმეს სჭირდება, მათ არ ზარდება. მამა კომუნიკაციის სფეროში მუშაობს, საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ინტერნეტი შემოიტანა... მყავს უმცროსი ძმა, რომელსაც ძალიან საყვარელი ოჯახი აქვს. დედა ახლა უმეტესად ჩემი ძმისშვილების მოვლითაა დაკავებული", - გვეუბნება ადამიანი, რომელსაც გარდა იმისა, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში, როგორც ტელეოპერატორს, საქართველოში არაერთ ცხელ წერტილში უმუშავია, სტიქაროსანიცაა.

"ეკლესიის წიაღში ბავშვობიდან ვარ, იქ გავიზარდე და უნდა ვთქვა, რომ სწორად გამზარდეს. საკმაოდ ბევრი რამ ვიცი და თუ საჭირო გახდა, ბევრ მოძღვარსა თუ მრევლს ვასწავლი კიდეც... ქრისტიანობა არ არის ძალადობა. ჩვენი სარწმუნოება ყველაზე ტოლერანტული რელიგიაა. უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ უფლის ხატად და მსგავსად შექმნილები. ამიტომ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მივემსგავსოთ, მივბაძოთ მას...

გული იმაზე მწყდება და არ მომწონს, რომ დღეს ეს საშინელი აგრესია ეკლესიას ბრალდება და ვიღაცები ამას ეკლესიის სახელით სჩადიან. ეკლესია არაფერ შუაშია! თუნდაც ქუჩაში გამოსული 4-5 მღვდელი ეკლესიის საერთო პოზიციას არ გამოხატავს", - გვეუბნება ბექა.

  • პროფესია - ტელეოპერატორი

"ოპერატორობა პატარა ასაკიდან მაინტერსებდა, მაგრამ სხვა სამსახურებში ვმუშაობდი. მერე გამიჩნდა შანსი, "პალიტრამედიაში“ მოვსულიყავი, სადაც არჩევანის საშუალება მქონდა, ტელევიზიაში სხვადასხვა საქმე მეკეთებინა, მაგრამ მივხვდი, რომ "ნიუსი“ ყველაზე საინტერესო რამ იყო. ოპერატორისა და ჟურნალისტის არც ერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს. ამიტომ, გადავწყვიტე, "ნიუსისთვის“ მეტი ყურადღება დამეთმო.

ეს პროფესია დიდი გამოწვევაა, ცხოვრებას თავიდან ბოლომდე სრულიად სხვა კუთხით სწავლობ. რაც მანამდე გიკეთებია, მას ხელახლა გადიხარ, ოღონდ, სამყაროს სხვაგვარად, სხვა თვალით უყურებ, უკვე ოპერატორის კამერიდან.

თან შენი დანახული, სხვას ისე უნდა მიაწოდო, ტექსტი რომ არც დაედოს, მაყურებელი მიხვდეს, საქმე რაშია.

ეს პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამ ყველაფერს კარგად რომ დაეუფლები და პროფესიას გაითავისებ, საქმე ძალიან მარტივია და მისი კეთება გიხარია. ისეთი პროფესიაა, თუ არ გიყვარს, მას ვერავინ გაიძულებს და ამ სფეროში დიდხანს ვერც გაჩერდები...

განსაზღვრული სამუშაო საათები არ გვაქვს. გრაფიკით არ ვმუშაობთ, პრაქტიკულად, ამა თუ იმ მოვლენაზე, ამბავზე ვართ დამოკიდებული. როდესაც რაიმე "ნიუსზე“ ხარ, არ არსებობს, თქვა, - სამუშაო საათები ამოიწურა და სახლში მივდივარ. თან არც გინდა, რომ სხვამ შეგცვალოს, გინდა, საქმე ბოლომდე მიიყვანო".

  • ყველაზე რთული წუთები

"ძალიან განვიცადე ბორჯომის ტყის ხანძარი. დასამახსოვრებელი და რთული გადაღებები იყო. ფაქტობრივად, ორი კვირა იქ ვცხოვრობდი, რომ ჩავედი, ვიდრე ხანძარი არ ჩააქრეს, თბილისში არ ჩამოვსულვარ. მძიმე სანახავი და გადასაღები იყო, წიწვოვან ხეებს ცეცხლი როგორ ეკიდა და ტკაცა-ტკუცი როგორ გაჰქონდა. იმ პერიოდში მამაჩემი მოსაკითხად რომ მირეკავდა, ვერ ვპასუხობდი, მეტირებოდა. მეგონა, ცეცხლი მთელ ჩემს სამშობლოს ეკიდა. მერე მუშაობა აბასთუმანშიც მომიწია. იმ ყველაფერში იმდენად ვიყავი ჩართული, რომ სიზმარშიც ხანძარს ვნახულობდი. ერთ ღამეს დამესიზმრა - სამი ვერტმფრენი ჩამოვარდა და მასში მჯდომი სამივე ადამიანი გადარჩა. ეს სიზმარი ჩემს ჟურნალისტ მეგობრებს - ლექსო ნაბახტეველს და თორნიკე კოშკაძეს მოვუყევი, ვუთხარი, - გული მიგრძნობს, ეს რეალურადაც შეიძლება მოხდეს-მეთქი, დამცინეს. მართლაც რამდენიმე წუთში გავიგეთ, რომ ვერტმფრენი ჩამოვარდა, საბედნიეროდ, არავინ დაზარალებულა...

  • ხატვის ნიჭი

- ბექა, ძალიან ბევრ საქმესთან ერთად, აქტიურად ხატავ, რაც ბოლო პერიოდში შენი ძალიან სერიოზული გატაცება გახდა. რა ადგილი ეთმობა მას შენს ცხოვრებაში?

- ბავშვობიდან ვხატავ, ოღონდ, ჩემთვის ვხატავდი... იმდენად ძვირი ღირს სახატავი მასალა, რომ ვიდრე ფინანსურ დამოუკიდებლობას არ მივაღწიე, ასე აქტიურად, როგორც ახლა, ხატვა ვერ დავიწყე. დღეს კი ზეთი, ტილო, იდეა და ამ პროცესში მთლიანად ვიძირები...

ხატვის პედაგოგთან არასდროს მივლია. ეს ნიჭი ჩემში ღმერთმა შემოიტანა და ვცდილობ, გამოვიყენო... როდესაც თავის დროზე, უფალთან სამსჯავროზე წარვდგები და მომთხოვს, - ის ნიჭი რომ მოგეცი, სად წაიღეო? რომ ვუთხრა - აი, აქ-მეთქი... ხატვა რაღაც პერიოდი ჩემთვის გართობა იყო. პრინციპში ახლაც ასეა, დიდი სიამოვნებაა...

თუმცა ბოლო ხანს შემოსავლის წყაროდაც იქცა, ისე გამოვიდა, რომ ხალხს ჩემი ნამუშევრები მოსწონს. დავხატავ თუ არა, მაშინვე იყიდება... ყოველთვის იმას ვცდილობ, ხარისხიანი ნამუშევრები შევქმნა.

დღემდე ვერ მივაგენი სტილს, თუმცა ხალხი მეუბნება, რომ ჩემი ხელწერა მაქვს. მინდა, რომ თავისუფალი ვიყო და ამიტომაც არ ვისწავლე ხატვა არასად და არავისთან, რომ ჩარჩოში არ ჩავმჯდარიყავი. ეს ყველაფერი ვფიქრობ, რომ ალბათ, მაინც ფერწერაა...

- როდესაც შენი ნამუშევარი იყიდება, გული არ გწყდება, რომ ნახატი შენგან მიდის?

- თავიდან არ მემეტებოდა, მერე სახლში ბევრი ნამუშევარი დამიგროვდა და გაყიდვა უფრო ამიტომ გადავწყვიტე. რომ გავყიდე, მივხვდი, ჩემი ნამუშევრისთვის ეს მეორე სიცოცხლის მინიჭება იყო. ადამიანები, რომლებიც ნახატში თანხას იხდიან, ე.ი. უყვართ და ყოველ დილით რომ იღვიძებენ, სახლში კედელზე დაკიდულ შენს ნახელავს უყურებენ. ამიტომაცაა ჩემი ნახატები ფერადი, რომ ისინი გაახალისოს და მისი დამსახურებით დღე ბედნიერად დაიწყონ...

ფრესკებზეც მკითხეთ - მასზეც მიმუშავია და თუ საჭიროა, ვმუშაობ კიდეც... ნახატის რესტავრაციაც ჩამიტარებია და არც ეს მისწავლია არსად.

  • კულინარიული გატაცება

- ცნობილია ასევე შენი კულინარიული ვიდეოები, რომლებსაც სოციალურ ქსელში დიდი ნახვა აქვს ხოლმე. შენი რეცეპტით კერძი მეც მომიმზადებია... როგორც მხატვრობა ესეც ასეა?

- კი. მეგობრებს მოსწონთ ჩემი მომზადებული კერძები, მაგრამ ვერ გეტყვით, რატომ. ერთადერთი, რასაც ვაკეთებ, ვიცი, რომ მათში გულს ვდებ და ეს არის.

ხორცის, თევზის დამუშავება კარგად გამომდის. ცომეულთან ურთიერობა არ მიყვარს. საერთოდ, რაც მაინტერესებს, იმას ვამზადებ. მთავარი მონდომებაა და ისიც - გიყვარდეს ჭამა. ადამიანი, რომელსაც ჭამა უყვარს, გემოებსაც კარგად შეაზავებს - არც მარილს დააკლებს და არც ზედმეტი მოუვა.

მეგობრები მეუბნებიან, - კულინარიულ შოუებში რატომ არ გადიხარო? ჯერ ერთი - არ მცალია, უამრავი სხვა საქმე მაქვს. მეორე - ვინც იქ გადის, უმრავლესობას შეფ-მზარეულობა უნდა, ან ამ სფეროში საქმიანობა. ჩემი მიზანი ეს არ არის და ამის მიღწევაში სხვას რატომ უნდა შევეცილო?

ასე რომ, ყური არავის დაუგდოთ და ვისაც რა მოგწონთ, ის აკეთეთ. ნუ იფიქრებთ იმაზე, სხვა რას იტყვის, მაგალითად, თქვენს დამწავრ მწვადსა თუ ზედმეტ მარილზე. მთავარია, არ დაკომპლექსდეთ - ერთხელაც იქნება, გამოგივათ. იმდენ რამეს ვაკეთებ და იმდენ საქმეს ვარ შეჭიდებული, რომ დავკომპლექსებულიყავი, ვერაფერს გავაკეთებდი. ამიტომ, ოცნებები აღარ მაქვს, მხოლოდ სურვილები და კიდევ მონდომება.

- ხის დარგვასთან დაკავშირებით, მგონი, ასევე საინტერესო ინიციატივა გაქვს. გვიამბე ამაზე.

- 200 ძირი კიპარისის პატარა ნერგები მაქვს სახლში, რომელსაც ვუვლი. მინდა, ისინი საქართველოში ჩამოსულმა ტურისტებმა დარგონ. ამისთვის კი მათ სერტიფიკატები გადავცეთ. სერტიფიკატებსაც უკვე შაბლონის სახე მივეცი, სადაც ჩაიწერება იმ პიროვნების სახელი და გვარი, ვინც დარგავს. შემდეგ კი მას თავის ქვეყანაში წაიღებს იმის ნიშნად, რომ აქ ხე დარგო და მის სახელზე ხე ხარობს.

ნერგები არის ლაგოდეხის სათბურიდან, სადაც ძმაკაცები მუშაობენ და შეღავათიან ფასში ვყიდულობ... მომავალში ამ ნერგებში ტურისტებმა შეიძლება, სიმბოლური თანხაც გადაიხადონ. მოკლედ, ვნახოთ.

ბექასთან საუბარი მის სხვადასხვა საქმიანობაზე დაუსრულებად შეიძლება და ამ ყველაფერს ერთ ინტერვიუში ვერც ჩაატევ... ყველაფერთან ერთად, დიზაინერიც არის, მისი ესკიზებით ერთ-ერთ საამქროში რკინისგან ქართული ორნამენტებით ქმნიან კარებს, კიბეებს, ჭიშკრებს და სხვადასხვა ნამუშევარს, რომლებიც შემდეგ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მიმართულებით იფანტება.

"რაც მინდა, იმას ვხატავ, თუ კლიენტს მოეწონება, მერე საამქროში მაგარი ბიჭები ამას აკეთებენ", - გვეუბნება ბექა და წუხს იმაზე, რომ განათლების სიმწირე ჩვენს ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა.

"10 საინტერესო წიგნი მაქვს ნათარგმნი, მათგან სამი ცოცხალ წყალზეა, შვიდი - ფსიქოლოგიური მოტივატორია. ისინი ადამიანს ასწავლის იმას, რომ მიღწეულს არ დასჯერდეს და მეტი გააკეთოს. ამ ლიტერატურით მინდა, განათლების დონემ 10%-ით აიწიოს. ჩემი აკვადისკებით კი ადამიანებს ის ავუხსნა, რომ ცოცხალი წყლის სტრუქტურა როგორ ცვლის სიცოცხლის ხანგრძლივობას. არ იქნება ურიგო თუ 10%-ით სიცოცხლის ხანგრძლივობაც გაიზრდება.

ახლა ვმუშაობ წიგნზე, რაც ტურისტებისთვის საჩქურად იქნება განკუთვნილი, რომ საქართველო კიდევ უკეთ გაიცნონ. ასე რომ, არ უნდა გავჩერდეთ. ყველამ უნდა ვაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია", - აღნიშნავს ბექა.