ავტორი:

თალიბებმა 3 - ჯერ დააკაკუნეს ნაჯიას კარზე, მეოთხედ მოკლეს... - ავღანეთში ქალთა უფლებების ღირებულება: ბურკის გაზრდილი ფასი

თალიბებმა 3 - ჯერ დააკაკუნეს ნაჯიას კარზე, მეოთხედ მოკლეს... -  ავღანეთში ქალთა უფლებების ღირებულება: ბურკის გაზრდილი ფასი

ნაჯია ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე პატარა სოფელში, თავის სამ მცირეწლოვან ვაჟთან და ქალიშვილთან ერთად, შინ იყო, როდესაც თალიბანის მებრძოლებმა მათ კარზე დააკაკუნეს.

ნაჯიას ქალიშვილმა, 25 წლის მანიჟამ იცოდა, რომ ისინი დაბრუნდებოდნენ, რადგან დედისგან იცოდა, რომ თალიბები ბოლოს მათთან სამი დღის წინ უკვე იყვნენ მისულები და მოითხოვეს, რომ ნაჯიას 15 მებრძოლისთვის საჭმელი მოემზადებინა, რაზეც ქალმა უარი უთხრა.

"მე ღარიბი ვარ, როგორ მოვამზადო თქვენთვის საჭმელი?" - უპასუხა ნაჯიამ.

”თალიბებმა დაიწყეს მისი ცემა. დედაჩემმა გონება დაკარგა მას მერე, რაც იარაღი AK-47 ურტყეს", - იხსენებს მანიჟა.

ქალიშვილი უყვიროდა, ევედრებოდა თალიბანის მებრძოლებს, რომ გაჩერებულიყვნენ. ისინი ცოტა ხნით შეჩერდნენ, შემდეგ მეზობელ ოთახში ყუმბარა შეაგდეს და ცეცხლის გაჩენისთანავე გაიქცნენ. ოთხი შვილის დედა ცემის შედეგად გარდაიცვალა...

თალიბებმა ნაჯიას მკვლელობა უარყვეს. მოწმეები ამბობდნენ, რომ 45 წლის ქვრივი ქალი სახლში ცეცხლის გაჩენის შედეგად გარდაიცვალა...

სასიკვდილო თავდასხმა ნაჯიაზე, მისსავე სახლში, ფარიაბის პროვინციაში, 12 ივლისს მოხდა. ეს იყო საშინელი სიგნალი იმ საფრთხის შესახებ, რაც ქალებს ავღანეთში ემუქრებათ. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც თალიბებმა ქაბული აიღეს და ქვეყანაზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ.

CNN-ს ამ რეალური ისტორიის თხრობისას, უსაფრთხოების მიზნით, ქალების სახელები შეცვლილი აქვს.

  • ღრმა უნდობლობა

როდესაც თალიბები 1996-2001 წლებში ავღანეთს მართავდნენ, მათ დახურეს გოგონების სკოლები და ქალებს მუშაობა აუკრძალეს.

2001 წელს ქვეყანაში აშშ -ის შესვლის შემდეგ ქალებისთვის შეზღუდვები შემსუბუქდა, საერთაშორისო ჯგუფებისა და დონორების მხარდაჭერით, გაუმჯობესდა ქალთა უფლებები, შეიქმნა ახალი სამართლებრივი საშუალებები.

ამჯერად, "თალიბანი" გეგმავს შექმნას "ავღანეთის ისლამისტური მთავრობა", თუმცა გაურკვეველია რა ფორმას მიიღებს ის, თუ არ იქნებიან ქალები ახალ ხელმძღვანელობაში.

"თალიბანის" სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა ორშაბათს საჯაროდ განაცხადა, რომ "თალიბანის" მმართველობის პირობებში გოგონებს სწავლის უფლება ექნებათ: “სკოლები გაიხსნება, სადაც გოგონები და ქალები ივლიან”, - თქვა მან.

თუმცა ადგილობრივი ისტორიები სხვა სურათს ასახავს. შესაბამისად, ამგვარი დაპირებების მიმართ ღრმა უნდობლობაა.

ჯერ კიდევ ივლისში, ავღანეთის ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა კომისიამ გამოაცხადა, რომ თალიბანის მიერ კონტროლირებად რაიონებში ქალებს სამედიცინო დაწესებულებებში მამაკაცის გარეშე სიარულის უფლება არ ჰქონდათ. აკრძალული იყო ტელევიზია, მასწავლებლებსა და სტუდენტებს ევალებოდათ ტურბანის ტარება. კომისიის ანგარიშის თანახმად, რელიგიური ლიდერები, მთავრობის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები და ქალები მკვლელობათა სამიზნეს წარმოადგენდნენ.

სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო 23 წლის მინა ჰაირი, გოგონა, რომელიც ივნისში მანქანის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. მამამისმა, მოჰამედ ჰარიფ ჰაირიმ, რომელმაც აფეთქების შედეგად ცოლი და კიდევ ერთი ქალიშვილი დაკარგა, განაცხადა, რომ ახალგაზრდა ტელეწამყვანი სასიკვდილო მუქარებს რამდენიმე თვის განმავლობაში იღებდა.

  • ბურკის ფასი იზრდება

როგორც ირკვევა, მას შემდეგ, რაც ათობით ქალაქი 10 დღეში აიღეს, საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა ბურკებზე.

ზოგიერთი ქალის თქმით, მათ ბურკის ყიდვის დროც არ ჰქონდათ, რის გამოც, გამოსავლის პოვნამდე სახლში მოუწიათ ჩაკეტვა. ავღანელი ქალებისთვის ბურკის იძულებით ტარება 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეძენილი უფლებების უეცარ და დამანგრეველ დაკარგვას წარმოადგენს.

ქალაქის სხვა მკვიდრის თქმით, ქაბულში ბურკას ფასი ათჯერ გაიზარდა.

  • ყველაფერი არაფრისთვის

ბოლო 10 დღის განმავლობაში, ათობით პროვინციის დედაქალაქზე თალიბანის გამარჯვებამ ავღანელი ქალები იმ წარსულში დააბრუნა, რომლის დატოვებაც უიმედოდ სურდათ.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა "ტვიტერით" განცხადება გაავრცელა.”საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი და ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით ის, რაც ქალებმა და გოგონებმა მძიმედ მოიპოვეს, უნდა იყოს დაცული,” - თქვა მან.

ქალმა ქაბულიდან, რომელმაც კვირა დღე ბანკში გაატარა, თქვა, რომ გაფრენის სურვილის შემთხვევაშიც კი, მას ვიზის გარეშე არსად წასვლის უფლება არ ექნება. ერთადერთი ვარიანტი არის ის, რომ დარჩეს სახლში და იმედი იქონიოს, რომ ზედმეტ ყურადღებას არ მიიპყრობს.

”გარეთ გასვლამ ან სხვა რამის გაკეთებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენს სიცოცხლეს", - თქვა მან.

როდესაც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა პერსონალის ევაკუაცია მოახდინეს, Human Rights Watch- ის დირექტორის მოადგილემ აზიაში პატრიცია გოსმანმა, საერთაშორისო დონორებს მოუწოდა, არ დატოვონ ავღანეთი.

”ბევრი ვერ შეძლებს აქედან წასვლას და მათ დასჭირდებათ სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება. ასევე სხვა მნიშვნელოვანი სერვისები, მაგალითად განათლება” - თქვა მან. წყარო

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა