ავტორი:

ერთდროულად დაკარგული 3 საყვარელი ქალი, გაფლანგული მილიონები და მსოფლიო სპორტის ისტორიის ყველაზე სენსაციური გამარჯვება

ერთდროულად დაკარგული 3 საყვარელი ქალი, გაფლანგული მილიონები და მსოფლიო სპორტის ისტორიის ყველაზე სენსაციური გამარჯვება

პატარა და ბნელ პალატას, სადაც შუახნის ქალი, სახელად ლულა იწვა, ხშირად სტუმრობდა მაღალი, ათლეტური ბიჭი. ის ან დილით ადრე ან გვიან ღამე მოდიოდა. საწოლთან ახლოს სავარძელში ჩაწვებოდა და ოთახის ისედაც პატარა სივრცეს, კიდევ უფრო აპატარავებდა. ოთახში კოსმოსური სიჩუმე ჩამოვარდებოდა. მხოლოდ კედლის საათი და კარდიო აპარატი, ემტერებოდნენ სიჩუმეს. ბიჭი ხშირად იმდენად დაღლილი მოდიოდა, რომ სავარძელშივე ეძინებოდა. როცა გაიღვიძებდა, ჯერ კარდიო აპარატს უყურებდა, მერე დედის ხელს თავის ვეებერთელა ხელში ჩაიდებდა და ასე, დიდხანს შესცქეროდა.

ჯეიმს "ბასტერ“ დაგლასი, რომელიც მომაკვდავ მშობელს ცარიელი თვალებით აკვირდებოდა, ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ თავის ცხოვრების 3 საყვარელ ქალს, პრაქტიკულად, ერთდროულად ემშვიდობებოდა. იანვარში მას ცოლი გაშორდა. მალევე ქალი, რომლისგან შვილი ჰყავდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან ლეიკემიის მკურნალობას სახლის პირობებში ვეღარ ახერხებდა და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი - დედა...

ცოლის წასვლას თუ თავის უდისციპლინო, უნებისყოფო ხასიათს აბრალებდა, დედისა და საყვარლის ავადმყოფობა ცდილობდა, რაღაც ზებუნებრივი მიზეზით აეხსნა.

სულ რაღაც ერთ თვეში, იაპონიაში პლანეტის საუკეთესო მოკრივეს, ნამდვილ მონსტრს მაიკ ტაისონს უნდა შეხვედროდა. კარგად ესმოდა, იმისათვის, რომ ტაისონს იაპონიაში ებრძოლა, ადგილობრივმა მთავრობამ უზარმაზარი ფული გადაიხადა და მებრძოლის მენეჯერმაც ბასტერის სახით მარტივი მოწინააღმდეგე შეურჩია.

"ვინ ჯანდაბაა "ბასტერი“? მისი ერთი ბრძოლაც კი არ მაქვს ნანახი. სად იპოვეთ ეს ბიჭი?“ - კითხულობდა ტაისონი ბრძოლამდე რამდენიმე თვით ადრე. თუმცა მაიკის იმ მომენტის ცხოვრება ჯეიმსის ცხოვრებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. ძლიერებისა და დიდების ზენიტში მყოფმა "რკინის მაიკმა“ დაივიწყა ვარჯიში და სტრიპ-კლუბებსა და ნარკოტიკებს გადაჰყვა. ფიქრობდა, რომ არაპრესტიჟულ, რამდენჯერმე დამარცხებულ მოწინააღმდეგეს ხვდებოდა და უმარტივესად მოუგებდა კიდეც.

ხალხი იმას კი არ მკითხაობდა რომელ რაუნდში დაამარცხებდა ტაიოსნი დაგლასს, არამედ იმას, თუ რომელ წამზე.

შეხვედრამდე 3 კვირით ადრე, ჯეიმსს საავადმყოფოდან დაურეკეს და აცნობეს, რომ 46 წლის ასაკში დედამისი გარდაიცვალა.

"ბასტერის“ მენეჯერი ჯონ ჯონსონი მთელი ღამე ცდილობდა მოკრივე ტაისონთან ბრძოლის გადავადებაზე დაეთანხმებინა, რაზეც უარი მიიღო.

"რაღაც მომენტში დედა გამოკეთდა, შინ გაწერეს და ერთ დღესაც ვარჯიშზე გამოჩნდა. ვერავინ წარმოიდგენს, ის რამდენად რთულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ მოიკრიბა ძალები, ჩაჯდა მანქანაში და თავისით მოვიდა ჩემთან. უნდოდა ენახა, რამდენად სერიოზულად ვუდგებოდი ბრძოლას. მან იცოდა ჩემი უნებისყოფო ხასიათის ამბავი... რამდენიმე დღეში დედაჩემის მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მე არ მქონდა უფლება ბრძოლაზე უარი მეთქვა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მინდოდა დედის პატივსაცემად მებრძოლა“, - იხსენებდა შემდგომ ჯეიმსი.

ჯეიმს "ბასტერ“ დაგლასის დედა

თუმცა ღმერთი დაგლასის გამოცდას კვლავ განაგრძობდა და თითქოს რაღაც დიდი მისიისთვის ამზადებდა. ბრძოლამდე 10 დღით ადრე, როცა უკვე იაპონიაში ჩაფრინდნენ, "ბასტერს“ გრიპი შეხვდა, თანაც ისე გაურთულდა, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მენეჯერმა რამდენიმე დღის შემდეგ, ძლივს დაითანხმა ათლეტური კომისიები, რომ ანტიბიოტიკის დალევის უფლება მიეცათ.

ისედაც უნებისყოფო ჯეიმსს, ჯანმრთელობის პრობლემებიც დაემატა, რამაც მისი მოგების შანსები, პრაქტიკულად 0-მდე დაიყვანა.

ამასობაში, ტაისონის ბანაკიდან საზარელი ხმები გამოდიოდა - ისიც საკმაოდ შორს იყო ოპტიმალური ფორმისგან.

"ვვარჯიშობდი თუ არა "ბასტერთან" ბრძოლის წინ? რა თქმა უნდა, ვვარჯიშობდი, თუმცა გულმოდგინედ - არა. არც რეჟიმს ვიცავდი, ტოპ-მოდელები, ნარკოტიკები, არაფერს ვიკლებდი. ვიფიქრე, იაპონიაში რომ ჩავიდოდი, შემდეგ შევძლებდი რამდენიმე დღე რეჟიმის დაცვას, მაგრამ სიტუაცია იქაც არ შეცვლილა. ჯეიმსი რეიტინგში მეშვიდე იყო, მისნაირებს 2-3-ს ერთად მოვუგებდი. გულახდილად ვამბობ, მისი ბრძოლებიც კი არ მქონდა ნანახი, არც კი შემისწავლია", - იხსენებდა ტაისონი.

ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე, მებრძოლების პრესკონფერენცია გაიმართა. "ხულიგანმა" და ტიპურმა ცუდმა ბიჭმა მაიკმა მოწინააღმდეგეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ უმარტივესი მსხვერპლი იქნებოდა, თუმცა საუბარში თავი ვერ გააკონტროლა და ჯეიმსს უთხრა: "რამდენიმე დღეში დედიკოსთან გაგაგზავნი, ცოტაც მოითმინე". ეს სიტყვები წყნარ, მშვიდ, გაწონასწორებულ დაგლასს იმდენად მოხვდა გულზე, რომ სიმწრის ცრემლები წამოუვიდა.

1990 წლის 11 თებერვალს, ტოკიოში 23 წლის დაუმარცხებელი მაიკ ტაისონი და ჯეიმს "ბასტერ“ დუგლასი რინგზე ავიდნენ. მიუხედავად ტაისონის არაოპტიმალური ფიზიკური ფორმისა, მისი აურა ყველაფერს ჩრდილავდა. მოგების კოეფიციენტებიც არარეალურად გამოიყურებოდა - 1:42-ზე.

გონგის დარტყმიდან მოყოლებული, დაგლასი იყო კონცენტრირებული, ფოკუსირებული და უზუსტესი. რაც ყველაზე მთავარია, მას მაიკის საერთოდ არ ეშინოდა. არ არსებობდა ისტორიაში მოკრივე, რომელსაც ტაისონის დანახვაზე გული არ ეკუმშებოდა.

55 000 ათასი ადამიანი იმ იმედით მივიდა, რომ "რკინის მაიკი“ ბრუტალურად "დაანოკაუტებდა" მოწინააღმდეგეს, თუმცა სულ სხვა სცენარს შეესწრნენ. ჯეიმსი აკონტროლებდა ბრძოლას და პრაქტიკულად ყველაფერში ჯაბნიდა მოწინააღმდეგეს. მე-8 რაუნდში მაიკმა ტემპს უმატა და ბოლო წამებზე, უზუსტესი აპერკოტით ბასტერი ნოკაუტში ჩააგდო. შანსი არ იყო იმის, რომ რომელიმე მოკრივეს ამ დარტყმისთვის გაეძლო და ფეხზე ამდგარიყო, მაგრამ რაღაც ჯადოთი, დაგლასი ფეხზე წამოდგა.

მე-9 რაუნდში ორივე მოკრივე ძალიან დაღლილი იყო, განსაკუთრებით კი - ჯეიმსი, რომელიც გაცილებით მეტს მოძრაობდა და ბევრს ურტყამდა, მაგრამ დანებებას არ აპირებდა. ამდენი ნებისყოფა ამ ბიჭს 29 წლის განმავლობაში ჯამში აღებულიც კი არ ჰქონია. მთელი მსოფლიო შოკში იყო: მათ თვალწინ "რკინის მაიკი“, რომელიც ზებუნებრივ ადამიანად მიიჩნეოდა, ჩვეულებრივ მოკვდავად გადაიქცა, რომელსაც რეიტინგის მე-7 ნომერი ანადგურებდა.

ტაისონის გუნდი იმდენად მოუმზადებელი იყო, იმდენად სჯეროდათ მარტივი ელვისებური გამარჯვების, რომ თან ჰემატომის დასამუშავებელი ყინულის მცირე ტომარაც არ ჰქონდათ. სამედიცინო ხელთათმანში ჩაყარეს ყინულები და ასე უმუშავებდნენ სპორტსმენს ნატკენ თვალს.

მე-10 რაუნდში ტაისონმა რამდენიმე ძლიერი დარტყმა გაატარა და ახლა უკვე ის დაეცა რინგზე მძიმედ. 10 თვლაზე ფეხზე წამოდგომა მოახერხა, მაგრამ იმდენად ცუდად გამოიყურებოდა და ისე ბარბაცებდა, რომ მსაჯმა შეხვედრა გააჩერა. ბასტერ დაგლასმა უმსხვილესი წერტილი დაუსვა მძიმე წონისა და ზოგადად, კრივის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პერსონაჟსა და ეპოქას, რითიც ტაისონი პრაქტიკულად დაასრულა.

"ეს გამარჯვება დედისთვისაა - ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ქალისთვის. ის რომ არა, მე აქ არ ვიქნებოდი. ღმერთმა დაიცვას იმ ქვეყნად“, - ტირილით განაცხადა ჯეიმსმა ბრძოლის შემდეგ.

ეს გამარჯვება სპორტის ყველაზე დიდ სენსაციადაა აღიარებული.

  • როგორ განვითარდა მომავალში მებრძოლების ბედი?

დაგლასმა წლის ბოლოსკენ ყველა ტიტული დაკარგა. ის ისევ დაუბრუნდა უნებისყოფო ბიჭის მდგომარეობას, მოიმატა 7 კგ და ევანდერ ჰოლიფილდთან მე-3 რაუნდში სასტიკად დამარცხდა. თუმცა მისი უკვე ვარსკვლავური სტატუსის გამო, ევანდერთან ბრძოლაში, კარიერაში რეკორდული - 20 მილიონამდე ჰონორარი გამოიმუშავა. მომდევნო წლებში ამ ფულს უნიჭოდ ფლანგავდა, გახდა 190 კგ და დიაბეტურ კომაშიც კი ჩავარდა. რამდენიმე წელში კარიერა ისევ განაახლა, მოიგო უმნიშვნელო შეხვედრები და გამომუშავებული ფულით სასტუმროები, რესტორნები და კრივის დარბაზი გახსნა. შემდეგ კი სამუდამოდ ჩამოკიდა ხელთათმანი ლურსმანზე.

ტაისონი რინგზე მარცხიდან 4 თვეში დაბრუნდა და 3 წუთში გაანადგურა ჰენრი ტილმანი. რამდენიმე შეხვედრის მოიგების შემდეგ, გაუპატიურების ბრალდებით ციხეში 3 წლით ჩასვეს. 1995 წელს "რკინის მაიკი“ დაბრუნდა და ჩემპიონიც გახდა, თუმცა შემდეგ ევანდერ ჰოლიფილდმა 2-ჯერ მოუგო. მეორე შეხვედრაში კი მაიკმა ევანდერს ყური მოაკვნიტა. რამდენიმე უმნიშვნელო შეხვედრაში გაიმარჯვა და ლენოქს ლუისსთან ბრძოლა დაიმსახურა. პრესკონფერენციაზე იყო დიდი სკანდალი, გაწევ-გამოწევა და კვლავ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ უაზროდ აგრესიული სიტყვების სროლა, ამჯერად ტაისონი ლუისს შვილების შეჭმით დაემუქრა. შედეგად კი რინგზე, უმძიმესად დამარცხდა და კარიერა 3 წელში დაასრულა. გამომუშავებულ მილიონებს კი ვერ უპატრონა და გაკოტრდა.

მხოლოდ რამდენიმე წელია, რაც ცხოვრების რეაბილიტაცია მოახერხა, აღიდგინა ჯანმრთელობა, სტატუსი და კვლავ ვარსკვლავური, თუმცა თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობს. აქვს მარიხუანას პლანტაციები და პოდკასტი, რომელშიც მისი ხშირი სტუმრები ცნობილი ადამიანები არიან.

ავტორი: ანრი კურტანიძე