ავტორი:

"პოლონეთიდან ჩამოვიდა, ერთი ღამე სასტუმროში გაათია და გაქრა... "ფეისბუქზე" ყველაფერი წაუშლია - ფოტოები, მეგობრები" - რას ყვება დაკარგული 20 წლის ბიჭის დედა?

"პოლონეთიდან ჩამოვიდა, ერთი ღამე სასტუმროში გაათია და გაქრა... "ფეისბუქზე" ყველაფერი წაუშლია - ფოტოები, მეგობრები" - რას ყვება დაკარგული 20 წლის ბიჭის დედა?

მეოთხე დღეა სამართალდამცველები 20 წლის ნოდარ თამარიანს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დაკარგული ახალგაზრდის ოჯახმა გაავრცელა. მათი თქმით, ნოდარ თამარიანი 14 აგვისტოს ვარშავიდან ქუთაისში ჩამოფრინდა, მეორე დღეს კი მისი კვალი გაქრა. ახლობლების ინფორმაციით, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, რომ თამარიანი აეროპორტიდან სასტუმროში წავიდა, ღამე იქ გაათია, მეორე დღეს კი თბილისისკენ მომავალი სამარშრუტო ტაქსებისკენ წავიდა, საიდანაც მისი კვალი გაქრა.

ambebi.ge ნოდარ თამარიანის დედას, ეკა ლალოიანს ესაუბრა.

- ნოდარი 14 აგვისტოს ჩამოფრინდა ქუთაისში, კამერებიდან ამოღებული ჩანაწერების მიხედვით, ის კოპიტნარის აეროპორტში გადის რეგისტრაციას მშვიდად, წყნარად, მერე მიდის სასტუმროში ტაქსით, ერთ ღამეს ათევს იქ, მეორე დღეს კი 10 კამერა აფიქსირებს, რომ გამოდის სასტუმროდან, მიდის სადგურისკენ, საიდანაც თბილისისკენ გამოდის სამარშრუტო ტაქსები და იმის იქით აღარ ჩანს. ნოდარი ჩაჯდა თუ არა ავტომანქანაში, ეგ უკვე აღარ ვიცით, იქ იკარგება კვალი. არაფერი ვიცით. თუ კი ვინმემ რამე იცის, სადმე ნახა ჩემი შვილი, დაგვირეკეთ, მითხარით, სად არის ეს ბავშვი. იქნებ ცუდად არის და დახმარება სჭირდება... კადრები ვნახეთ და ნოდარი აბსოლუტურად ყველგან მარტო ფიქსირდება.

- ჩამოსვლისას შეგეხმიანათ?

- არა, არ შეგვხმიანებია, არც ჩვენ ვიცოდით, თუ ჩამოდიოდა. ნოდარი პოლონეთში ჩემს მულთან იყო, 2 წელი ხორცის ფაბრიკაში მუშაობდა პატიოსნად, არაფერი დაუშავებია. იქაც სახლიდან ისე გამოსულა და წამოსულა, არც მულმა იცოდა რამე. მერე, 2 დღე რომ არ გამოჩნდა, ჩემი მული პოლონეთის საელჩოში მივიდა და განაცხადა. ძალიან მშვიდი, წყნარი, უპრობლემო, ჯანმრთელი ბავშვია, ამიტომ გვიკვირს მისგან ეს ყველაფერი, ძალიან მოულოდნელია ნოდოსგან.

ძებნაში მთელი იმერეთის პოლიციაა ჩართული და არა მარტო იმერეთის, საქართველოს მასშტაბით ეძებს ყველა, მაგრამ კვალზე ვერ გადიან. რა ვიფიქრო, მტერიც არ ჰყოლია, არც კონფლიქტურია, არავისთვის არაფერი დაუშავებია, არც იმდენი ფული ჰქონდა, ვინმეს დაეყაჩაღებინა და რამე დაეშავებინა, არც ქალზე გვაქვს ეჭვი, რომ მასთან იყოს. ადამიანი ასე როგორ უნდა გაქრეს საკუთარ ქვეყანაში? არც ბევრი ფოტო მაქვს მისი, არ უყვარდა ფოტოების გადაღება. აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილი აქვს ინტერნეტში. გამომძიებელმა გახსნა მისი "ფეისბუქი“ და ბავშვს, აბსოლუტურად, ყველაფერი წაუშლია - ფოტოები, მეგობრები... აბსოლუტურად გასუფთავებული აქვს ყველაფერი.

- ეს როდის გააკეთა, ახლახან?

- არც ეგ ვიცი... ქუთაისში ჩავედით, შევხვდით გამომძიებელს და როცა მის გვერდებზე შევიდნენ, ბავშვს უკვე წაშლილი ჰქონდა ყველაფერი, ეს ჩვენთვისაც მოულოდნელობა იყო.

- რამე პრობლემა ხომ არ ჰქონდა, ჩაკეტილი ბიჭია ნოდარი?

- არაფერი, ძალიან გვიკვირს ყველას ნოდოსგან. ვერ ვხსნით, რა უნდა ყოფილიყო მოტივი, რომ ბავშვს ეს ნაბიჯი გადაედგა. ძალიან თბილი, კონტაქტური, პასუხისმგებლიანი, მოწესრიგებული ბიჭია. იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ, ვინმემ ხმა მოგვაწვდინოთ, იქნებ ჩვენამდე ვერ მოდის და ხმას ვერ გვაწვდენს, დამეხმარეთ, გემუდარებით!

ambebi.ge გთავაზობთ ნოდარ თამარიანის ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრებს:

555407303 - ეკა

579230860 - ნუგო