ავტორი:

"ზვიადაურით ვამაყობდით... რა ბიზნესი, რის კრიმინალი... ნუ ამოსვრიან ჩემი პატიოსანი შვილის სახელს ტალახში" - წინანდალში მოკლული ნიკა კენჭოშვილის მშობლები

"ზვიადაურით ვამაყობდით... რა ბიზნესი, რის კრიმინალი... ნუ ამოსვრიან ჩემი პატიოსანი შვილის სახელს ტალახში" - წინანდალში მოკლული ნიკა კენჭოშვილის მშობლები

წინანდალში მოკლული ნიკა კენჭოშვილის მშობლები "TV პირველთან" საუბარში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კენჭოშვილს ბიზნესი ჰქონდა და ძმებ ზვიადაურებთან სისხლიანი გარჩევა ბიზნესწილების გამო მოხდა.

ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური, სწორედ ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

27 წლის მამაკაცის მშობლები აცხადებენ, რომ მათი მიზანი არ არის ზვიადაურის დასჯა, მათ მხოლოდ გარდაცვლილი ვაჟის სახელის დაცვა სურთ.

"რა ბიზნესი, რის კრიმინალი, ისეთი კეთილი ბავშვი იყო... ფიზიკურად შრომობდა, სწავლა დაამთავრა, მაგრამ ეხერხებოდა ხელობა და წავიდა თავის ბიძაშვილებთან ერთად და შრომობდა ფიზიკურად. უბრალოდ, ნუ ამოსვრიან ჩემი პატიოსანი შვილის სახელს ტალახში. მე ვამაყობდი მაგ სპორტსმენებით, იმათი დედებიც ძალიან მეცოდება... წამომიდგენია, რა დღეში არიან, მაგრამ რატომ მივიდა 27 წლის ბავშვთან ამხელა კაცები ასეთი საშინელებებით?!..." - აცხადებს "TV პირველთან" ნიკა კენჭოშვილის დედა.

კენჭოშვილის ოჯახის წევრების თქმით, ოლიმპიური ჩემპიონი იტყუება, როცა ამბობს, რომ დაჭრილები საავადმყოფოში პირადად მიიყვანა.

"ჩემი შვილი მშრომელი, პატიოსანი ბიჭი და ვაჟკაცი ადამიანი იყო. წინანდალში ჩასული იყო იმისთვის, რომ ემუშავა და ფინანსურად დახმარებოდა ოჯახს. ფიზიკურად შრომობდა, რა ბიზნეს წილები? მე ზვიადაურით ვამაყობდი. ამ ადამიანზე არაფერი ვიცი, ალბათ, მოიქცა ისე, როგორც საჭიროდ ჩათვალა, მაგრამ მას შეეძლო, უფრო მეტი გაეკეთებინა თავიდანვე. იმ ოჯახს მინდა, პირველ რიგში, მივუსამძიმრო, ვხდები, იქაც რა ხდება", - აცხადებს "TV პირველთან" გარდაცვლილის მამა.

შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.

შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.