როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა ავღანეთი უკვე დატოვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში კერძო კონტრაქტით მყოფი 6 პირი, რომლებიც ამერიკულ კომპანიაში მუშაობდნენ, უნგრული ბორტით გამოფრინდნენ.
არსებული ინფრორმაციით, ავღანეთში, ამ დროისთვის კიდევ 18 მოქალაქე იმყოფება. ისინი ქაბულში არიან.
AMBEBI.GE-ს ქაბულში საერთაშოროსო სამხედრო მისიით ჩარჩენილი ერთ-ერთი ქართველი ესაუბრა, რომელიც "თალიბანის" მიერ კონტრლირებადი ქვეყნის დატოვების მოლოდინშია.
- ახლახან დამიმთავრდა შვებულება და საქართველოდან ავღანეთში დავბრუნდი. არ ველოდით და არც გვჯეროდა, რომ "თალიბანი" ასე სწრაფად აიღებდა კონტროლს. სიმართლე გითხრათ, ისიც არ მჯეროდა, თუ კოალიციური მისია მართლა სრულად გავიდოდა, გვეგონა, რაღაც ნაწილს დატოვებდნენ, რაც "თალიბებისთვის" წინააღდეგობის გაწევის ერთგვარი მოტივავია იქნებოდა. ჩემი ნაცნობი ავღანელები ისტერიაში იყვნენ, რა გვეშველება ამერიკა თუ გავა, "თალიბები" დაგვხოცავენო. ნაწილმა მოასწრო გასვლა, ნაწილი - დარჩა.
ვიცი, რომ ტერორისტები ამ ეტაპზე შედარებით მოზომილად იქცევიან, მაგრამ როგორც ადგილობრივები მწარედ ხუმრობენ, იარაღს ტყუილად ვერ მოაცდენენ და შედარებით მცირე დოზით მაინც ჩაატარეს "წმენდა". ნაწილმა მოასწრო და ვიცე-პრეზიდენტ ამრულა სალაჰს, ფანჯშირის პროვინციაში შეურთდა. არ ვიცი, მას რა გამოუვა, მაგრამ ავღანეთის გმირის, აჰმად შაჰ მასუდის ვაჟთან ერთად ძალების შემოკრებას ცდილობს და ადგილობრივების იმედი აქვთ, რომ რაღაც შეიცვლება და "თალიბანი" დიდხანს ვერ იქნება.
- თქვენთან რა მდგომარეობაა?
- ევაკუაციის მოლოდინში ვართ ნატოს ბაზაზე. მეტს ვერაფერს ვიტყვი. თავიდან, როდესაც "თალიბანი" შემოვიდა, პანიკა ატყდა, სროლები ისმოდა. აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე საცობი იყო... ამიტომ, უამრავმა ადამიანმა ვერ შეასწრო უსაფრთხო ადგილას. ახლა კი, როგორც ვიცი, "თალიბები" წყვეტენ ვინ შეუშვან აეროპორტში და ვინ არა. სროლები ისევ ისმის... ხან ინტენსიურად, ხან სუსტად და შორს. ავღანელები ამბობენ, რომ ყოველ წუთს ელოდებიან სიკვდილს... აქაურობის უსაფრთხოებას ამერიკელი სამხედროები უზრუნველყოფენ.
"თალიბები" ხან აგრესიულები არიან, შედარებით მშვიდები. გააჩნია, დაჯგუფებას. ნაწილი ხალისით აძლევდა ინტერვიუს საერთაშორისო მედიას ქუჩაში, პიკაპებს აჩერებდნენ და კბილებამდე შეიარაღებულები, უცხოელ რეპორტიორებს თავიანთი ორი ღერი ინგლისურით ეუბნებოდნენ, რომ "როგორც იქნა, ამერიკელებს მოიშორებენ და ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს"...
თუმცა, დღეს აეროპორტთან შეკრებილი უცხოელი ჟურნალასტების მიმართულებით ცეცხლი გაუხსნიათ. გავიგონეთ საპასუხო სროლა - საქმეში ამერიკელი სამხედროები ჩაერთვნენ... ავღანელები ამბობენ, რომ ამერიკას არ სურს, პოლიტიკური ნება არ არის, თორემ ახლა მხოლოდ ქაბულში არსებული შეიარაღებული ძალებიც კი საკმარისია "თალიბების" მოსაშორებლად, რაც უსაფუძვლო არ მგონია...
ქაბულელებს, განსაკუთრებით ქალებს და ქალიშვილების მამებს სიკვდილივით ეშინიათ "თალიბანის" დაბრუნება. "თალიბანმა" ძველი დროშების ნაცვლად თავისი დროშები გამოფინა, ადგილობრივები კი, ძველი დროშებით დადიან ქუჩებში შეძახილებით, რომ სინამდვილეში ეს არის მთაი დროშა და მის შესვლას არ დაუშვებენ. წლებია აქ ვმუშაობ და ამ ხალხს მეტ-ნაკლებას ვიცნობ - სამოქალაქო ომი გარდაუვალია