მესამედ დაინფიცირების შემთხვევა ოფიციალურად ჯერ არ გვაქვს საქართველოში დადასტურებული, თუმცა არის სავარაუდო შემთხვევები, როცა პაციენტი ამბობს თვითონ, რომ მესამეჯერ დამემართაო , - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, მესამედ დაინფიცირების შესახებ ვარაუდს პაციენტები გამოთქვამენ, თუმცა ლაბორატორიულად დადასტურებული არაა, რადგან პირველი ორი ინფიცირების შემთხვევაში გაკეთებული ტესტის მასალა არ არის შენახული.
„დადასტურებული მესამედ ინფიცირების შემთხვევა არცერთი არ გვაქვს. არის სავარაუდო შემთხვევები, როცა პაციენტი ამბობს თვითონ, რომ მესამეჯერ დამემართაო, მაგრამ ეს რომ დაადასტურო, უნდა გქონდეს პირველი ორი დაინფიცირების დროს გაკეთებული ტესტის შენახული მასალა.
ეს არ გაკეთებულა, თვითონ პაციენტი ამბობს, რომ მე მქონდა შარშან აგვისტოში, მერე მქონდა ოქტომბერში და ახლაც დამემართა, მაგრამ პაციენტის ნათქვამი , შეიძლება მოისმინო და შეაფასო როგორც შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევა, მაგრამ არავითარი გარანტი არ არის, რომ პაციენტი რასაც ამბობს, ნამდვილად სიმართლეა. შეიძლება, მას ჰგონია, რომ მესამედ დაემართა, მაგრამ პირველი ორიდან რომელიმე არ იყო.
ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის და ამას, ჩვეულებრივ, ლუგარის ლაბორატორია ადასტურებს ხოლმე, როცა ასეთი უნიკალური შემთხვევაა. მეორეჯერ დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა გვაქვს, მაგრამ მესამე შემთხვევა არ არის და ყველას ვეუბნებით, რომ საქმე გვაქვს შესაძლო შემთხვევასთან“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.