ინტერნეტი 57 წლის ბრიტანელის, სერ ლორი ბრისტოუს ამბავმა მოიცვა, რომელსაც ჩვენი დროის გმირად მოიხსენიებენ. თალიბების მიერ, ქაბულის აღების მომენტიდან, მას შემდეგ, რაც არეულობის ფონზე ავღანეთში მდებარე ბრიტანეთის საელჩოს ევაკუაცია მოხდა, ორი თვის წინ დანიშნულმა ელჩმა წასვლაზე უარი თქვა, ქაბულის აეროპორტში დარჩა და საგანგებო პირობებში გასცემს ვიზებს იმ ავღანელებზე, რომლებიც ბრიტანელებთან თანამშრომლობდნენ და ქვეყნის დატოვება სურთ.
The Telegraph -ის ინფორმაციით, ელჩს მამაცობისთვის მადლობა ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის თავკაცმაც კი გადაუხადა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ელჩი ადგილიდან სავიზო განცხადებებს ამუშავებს. მან ასევე ავღანეთიდან ბრიტანეთის მოქალაქეების ევაკუაციას გაუწია ორგანიზება.
“ადგილზე შექმნილი სიტუაციის გამო, ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა ავღანეთში შევამცირეთ, მაგრამ ჩვენი ელჩი რჩება ქაბულში, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენლები აგრძელებენ მუშაობას ბრიტანეთის მოქალაქეების და ჩვენი ავღანელი თანამშრომლების დასახმარებლად.
ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ავღანეთიდან წასვლის მსურველ ბრიტანეთის მოქალაქეებს ამის შესაძლებლობა მიეცეთ”, - ნათქვამია განცხადებაში.
დიპლომატიურმა წყარომ The Telegraph- ს განუცხადა, რომ დაახლოებით 4000 ბრიტანეთის მოქალაქისა და ავღანეთის კვალიფიციური პერსონალის ევაკუაცია უნდა განხორციელდეს.
ელჩი ადგილზე რჩება და მუშაობას აგრძელებს. წყარო
მოამზადა თეონა რამაზაშვილმა