დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებში, პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 80% თუ იქნება აცრილი, შესაძლებელია, დასწრებული სწავლება დაიწყოს.
თუმცა, როგორც მან ვებინარზე აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით სწავლის დაწყების რეკომენდაციის გაცემა გაუჭირდება.
„ჩვენი მონაცემებით, სკოლის პედაგოგების 30%-ია აცრილი. თუმცა, განათლების სამინისტრომ ჩაატარა გამოკითხვა და ამბობენ, რომ ეს მონაცემი არის 40%-მდე. ჩვენი მონაცემები ორი კვირის წინანდელია და კარგია, რომ ეს 40%-ია. უსაფრთხო სკოლებს ჩვენ ვუწოდებდით სკოლებს, თუ იქ მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის, ვინც სკოლაში მუშაობენ და ბავშვებთან შეხება აქვთ, 80% იქნება აცრილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, იქ სადაც 80% იქნება აცრილი, იქ შესაძლებელია და პირიქით უნდა წავახალისოთ, რომ იქ დაიწყოს დასწრებული სწავლება. მე რამდენჯერმე ვთქვი და გავიმეორებ, თუ ეპიდსიტუაცია ისეთი იქნა, როგორიც დღესაა, დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყების თაობაზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, სკოლებში მასწავლებლებისა და პედაგოგიურ სფეროში დასაქმებული სხვა პერსონალის აქტივობა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა.
გაბუნიამ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ სამიზნე ჯგუფში 30-დან 40%-მდე უკვე ვაქცინირებულია.
„რაც შეეხება სკოლებს, სკოლებში მასწავლებლებისა და პედაგოგიურ სფეროში დასაქმებული სხვა პერსონალის აქტივობა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა. პროპორციულად ეს რაოდენობა იზრდება, დაახლოებით 30-დან 40%-მდე სამიზნე ჯგუფის უკვე ვაქცინირებულია. რაც რა თქმა უნდა, სასურველი მაჩვენებელი არ არის და ჩვენ მაქსიმალურად გავააქტიურებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას განცხადებით, ასევე, სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია ჯამურად 67%-ია. ეს უფრო მეტად ექიმების ხარჯზეა. „ეტაპობრივად იზრდება, თუმცა ჯერ არ ვართ იქ, რომ საკმარისი რაოდენობა მივიღოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.