ავტორი:

რატომ მოხვდნენ კორონავირუსის ვაქცინით ორჯერადად აცრილი ადამიანები რეანიმაციაში - "ამის განმაპირობებელი თანმხლები დაავადებები იყო"

რატომ მოხვდნენ კორონავირუსის ვაქცინით ორჯერადად აცრილი ადამიანები რეანიმაციაში - "ამის განმაპირობებელი თანმხლები დაავადებები იყო"

ასეთი შემთხვევები ერთეულია, ამის განმაპირობებელი თანმხლები დაავადებები იყო, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, მედია ვებინარზე დასმულ შეკითხვას, თუ რატომ გახდა კორონავირუსის ვაქცინით ორჯერადად აცრილი ადამიანების რეანიმაციაში განთავსება აუცილებელი.

გამყრელიძის თქმით, როცა გარშემო ამდენი ინფიცირებულია, ორჯერადად აცრილებიც ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან გადადების შანსი არსებობს.

„ჩემი ინფორმაციით, ასეთი შემთხვევები ერთეულია, რა თქმა უნდა, ამის განმაპირობებელი თანმხლები დაავადებები იყო. ის, რომ ორჯერ აცრილი იყო, ბევრს ეგონა და ჰგონია, რომ არ დაემართება კოვიდი და უფრო თავისუფლად არიან, არადა როცა გარშემო ამდენი ინფიცირებულია ორჯერადად აცრილებიც ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, იმიტომ, რომ გადადების შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს.

ხშირესად, როგორც გითხარით, 98-99% შემთხვევებში ძალიან იოლად წავა, მაგრამ შეიძლება იყოს 1%, ნახევარი პროცენტი, რომ დამძიმდეს ადამიანი. ამის ანალიზი ახლა კეთდება და ალაბთ ერთი თვე დაგვჭირდება, სექტემბერში გამოვაქვეყნებთ ანალიზსაც როგორ წავიდა ვთქვათ რეინფექცია ერთჯერადად და ორჯადად აცრილებში, მაგრამ მე რა ინფორმაციაც მაქვს, თითზე ჩამოსათვლელია, მითუმეტეს ორჯერადად აცრილების რეანიმაციაში განთავსება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს საქართველოში ადმინისტრირდება „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოვაკი“, „სინოფარმი“, იცავენ ადამიანებს დღეს მოცირკულირე ყველა შტამისგან, ოღონდ განსხვავებული პროცენტით.

როგორც მან ვებინარზე განაცხადა, ეს პროცენტი მერყეობს 70-დან-88%-ს შორის სხვადასხვა ვაქცინებზე.

„ისინი იგივე „დელტა“ შტამზეც მუშაობენ. ხაზს ვუსვამ, რომ ყველა ეს ვაქცინა იგივე „დელტა“ შტამთან მიმართებით მოქალაქეებს დაიცავს ჰოსპიტალიზაციისგან, დიდი ალბათობით რეანიმაციაში მოხვედრისგან, დამძიმებისა და სიკვდილიანობისგან. ეს ვაქცინები მუშაობენ „დელტა“ შტამზე. რაც შეეხება იმას, გვაქვს თუ არა რეინფიცირება აცრის შემდეგ? გვაქვს. სექტემბერშიც გამოვაქვეყნებთ ალბათ ივლის-აგვისტოს თვის მონაცემებს. ივნისის მონაცემებით, ერთჯერად აცრილებში გვქონდა 0.9% რეინფიცირება, ორჯერადად აცრილებში 0.3%. ეს თითქმის თანაბარი იყო ოთხივე ვაქცინაზე, რომელიც ივნისის ჩათვლით ადმინისტრირდებოდა. მაშინ ცოტა გვქონდა „ფაიზერი“ 30 ათასამდე დოზამდე, მეტი იყო ჩინური ვაქცინები და „ასტრაზენეკა“. ახლა უფრო მეტი დოზები ივლისსა და აგვისტოში გაკეთდა და სექტემბერში ახალ მონაცემებს გამოვაქვეყნებთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.