დღეს ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 58 995-ია, ეს არ გვქონია შემოდგომის პიკზე, მაშინ 33 000 აქტიური პაციენტი გვყავდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედია ვებინარზე განაცხადა.
ამასთან, გამყრელიძემ საველე ჰოსპიტალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს დიღმის საველე ჰოსპიტალმა პირველი პაციენტები მიიღო, რომლებიც ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან.
„დღეს ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 58 995-ია, ეს არ გვქონია შემოდგომის პიკზე, მაშინ 33 000 აქტიური პაციენტი გვყავდა, რას ნიშნავს აქტიური? აქტიური ნიშნავს ინფიცირებულს, რომელიც მკურნალობს სახლში, ბინაზე, კოვიდსასტუმროებში და ჰოსპიტლებში. დღეს დილის მონაცემებით, ჰოსპიტლებში არის 7 238 ადამიანი, საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის მაქსიმალური რესურსი, კი რაც კოვიდისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული 8 000-მდეა, ამიტომაც მომზადდა საველე ჰოსპიტლები, ძირითადად თბილისში, რადგან ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის თბილისზე. დღეს ჩემი ინფორმაციით, პირველი პაციენტები მიიღო დიღმის საველე ჰოსპიტალმა, ძირითადად ეს არის საშუალო სიმძიმის პაციენტები“, - განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის შეფასებით, ინფიცირების რაოდენობის ნიშნები კლების ტენდენციისკენ, ორშაბათს-სამშაბათს უნდა გამოჩნდეს.
„მდგრად ნიშნებს ველოდები კლების ტენდენციისკენ, ორშაბათს - სამშაბათს უნდა გამოჩნდეს. ვნახოთ, დავაკვირდეთ.
რაც შეეხება იმას თუ რას უკავშირდება ეს, რას არ უკავშირდება, დიახ, ბევრ რამეს უკავშირდება, იმასაც უკავშირდება, რომ ადრე შემსუბუქდა ქვეყანაში შეზღუდვები, გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკა ჩაკეტილი იყო, ადამიანებს დასაქმება და შემოსვალი სჭირდებოდათ, ჩვენ არ გავითავისეთ რასთან გვქონდა საქმე.
ძალიან სწრაფად დავიწყეთ დერეგულაცია. ვიცი, მაკრიტიკებენ, მლანძღავენ, მაგრამ რა ვქნათ, ერთ-ერთი მთავარი „ბუსტერი“ არის დიდი თავშეყრები, განსაკუთრებით სუფრები. იქნებ როგორმე მოვითმინოთ ერთი წელიწადი, იმიტომ, რომ 59 სიკვდილი ყოველ დილას არ გვქონდეს", - განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც მან ეპიდვითარების შეფასებისას აღნიშნა, ეპიდსიტუაცია „ძალიან რთულია და ჯანდაცვის სისტემა დაძაბულობის ზღვარზე მუშაობს“.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, გამყრელიძის თქმით, მოსალოდენელია, რომ აგვისტოში 600 ათასი აცრა ჩატარდება, თუმცა კარგი იქნება, თუ ეს მაჩვენებელი 800-900 ათასამდე ავა.
„ბოლო 4 დღის განმავლობაში შეიმჩნევა ოდნავ სტაბილიზაციის დინამიკა. ზრდა არ არის ნახტომისებური. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეულად იმ შეზღუდვებით, რაც შემოღებულია და იმ რეკომენდაციების უფრო მეტად აღსრულებით, რაც დაწესებულია და არ სრულდებოდა. ასევე გამოწვეულია ქვეყანაში აცრის პროცესის უფრო მეტი ინტენსიფიკაციით.
მაგრამ, სამწუხაროდ, არ მცირდება და ჯერჯერობით არც შემცირდება ყველაზე უფრო მძიმე, გარდაცვალების ინდიკატორი. დღეს გვქონდა 59 - პანდემიის დაწყებიდან გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი“, - განაცხადა გამყრელიძემ.