ავტორი:

"ერთხელ ვარჯიშზე გიორგი ასანიძემ მითხრა, არაფრის თავი არ გაქვსო... დავიწყე ვარჯიში და მოწევას თავი დავანებე" - როგორ მოხვდა სპორტულ მედიცინაში გიორგი ჯინჭარაული?

"ერთხელ ვარჯიშზე გიორგი ასანიძემ მითხრა, არაფრის თავი არ გაქვსო... დავიწყე ვარჯიში და მოწევას თავი დავანებე" - როგორ მოხვდა სპორტულ მედიცინაში გიორგი ჯინჭარაული?

ახლახან საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი რეაბილიტოლოგი - გიორგი ჭინჭარაული ტოკიოს ოლიმპიადიდან დაბრუნდა, სადაც ეროვნული ნაკრების ექიმის ამპლუაში იმყოფებოდა. გიორგის სპორტსმენების ექიმის საქმიანობის სპეციფიკასა და ემოციურ ეპიზოდებზე ვესაუბრეთ. როგორც გვითხრა, ამ პროფესიის ადამიანები ექსტრემალები არიან და მათი გადაწყვეტილება ზოგჯერ კლინიკაში მომუშავე ექიმმა შესაძლოა არაპროფესიულ საქციელადაც კი შერაცხოს...

- ქალაქისგან ძალიან მოწყვეტილ სოფელში - ლაფანაანთკარში (დუშეთის რაიონი) გავიზარდე. სწავლით დიდად არ ვიკლავდი თავს, მაგრამ ლიტერატურა მიყვარდა. სკოლა რომ დავამთავრე, მეთორმეტე კლასი მგონი იმ წელს დაემატა. ოჯახის წევრებმა მთხოვეს, - რაკი 1 წელი დაემატა, იქნებ მოემზადოო. მოვინდომე. იმ დროს, სამედიცინო უნივერსიტეტში სპორტული მედიცინის ფაკულტეტი ახალი ჩამოყალიბებული იყო. საკმაოდ კარგი სპორტული მონაცემები მქონდა, მაგრამ სოფელში არც რამე წრე იყო, იქ რომ მევლო და არც იმის შესაძლებლობა, რომ მშობლებს თბილისში სპორტზე ვეტარებინე. დედ-მამამ მთხოვა, - იქნებ სპორტულ მედიცინაზე ჩააბარო, სპორტსმენებთან ერთად იქნები, სპორტული ტანსაცმელი გეცმევა, რომელსაც "ჯორჯია" ეწერებაო.

ბავშვური რაღაცებით, ასე ვთქვათ, მომთაფლეს და დამითანხმეს... 6 თვის განმავლობაში რეპეტიტორებთან მოვემზადე და უნივერსიტეტში გრანტით მოვხვდი. სამედიცინო სფეროში გარკვევაც მაშინ დავიწყე... ვერ ვიტყვი, სასწაული სტუდენტი ვიყავი-მეთქი. უბრალოდ, იმის ნიჭი მქონდა, რომ გამოცდების მოახლოებისას სასწავლო მასალა 10-15 დღეში მესწავლა და გამოცდა ჩამებარებინა... მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულები თურქეთში მიემგზავრებოდნენ, სადაც ცერებრალურდამბლიან ბავშვებთან, შშმ პირებთან მუშაობდნენ. საკმაოდ სოლიდური შემოსავალიც ჰქონდათ. მე და ჩემი რამდენიმე მეგობარიც ვაპირებდით, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა ლექტორი, რომელიც ჩემთვის დღეს მისაბაძი ადამიანია, ესაა ზურა კახაბრიშვილი - ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი. უნივერსიტეტში, მესამე-მეოთხე კურსზე ჩემი ლექტორი იყო. მასწავლიდა სპორტული მედიცინის საფუძვლებს, მედიკამენტებით სპორტსმენის მკურნალობას, მომზადებას... არ ვიცი, რატომ, პრაქტიკულ მეცადინეობებზე ზურას ისე მოვაწონე თავი, რომ ერთ დღეს, როცა ფეხით მივსეირნობდით, თავისთან დარჩენა შემომთავაზა და მეც მაშინვე დავთანხმდი... 2013 წლის 4 თებერვლიდან ძალოსნობის ეროვნულ ნაკრებთან გამგზავნა...

- რას ნიშნავს იყო სპორტსმენების ექიმი? რა სპეციფიკური მახასიათებლები აქვს თქვენს საქმიანობას?

- კლინიკაში მომუშავე პერსონალისგან ყველანაირად განვსხვავდებით. არის სიტუაციები, როდესაც ისეთი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, რომელიც კლინიკის ექიმმა შესაძლოა არაპროფესიულად შეგვიფასოს, თუმცა, როცა სპორტსმენი შეჯიბრებისთვის წლების განმავლობაში ემზადება, ერთი ნაბიჯიღა აქვს დარჩენილი და ტრავმა უშლის ხელს, სამსახურებრივ პასუხისმგებლობას მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე წინ ვერ დავაყენებთ. ექსტრემალები ვართ და ზოგჯერ სასწაულებრივ გადაწყვეტილებებს ვიღებთ... მეცხრე წელია, ამ საქმეს ვემსახურები. ამ ხნის განმავლობაში, სპორტსმენებთან მეტი დრო მაქვს გატარებული, ვიდრე შინ. შესაბამისად, კარგად მაქვს შესწავლილი მათი თითოეული ქმედება, გამოხედვა. ყველამ ჩვენი საქმე ვიცით - კონკრეტულ სიტუაციაში რა უნდა გავაკეთოთ, რომ ტრავმის გამო არც სპორტსმენი დაზარალდეს, არც - ჩვენი საქმე და ქვეყანა, მედალი არ დავკარგოთ...

- ახლა, ტოკიოს ოლიმპიადაზეც გქონდათ შემთხვევა, როცა შეიძლებოდა, თქვენი გადაწყვეტილება კლინიკის ექიმს არაპროფესიულად შეეფასებინა?

- გვქონდა: ანტონ პლესნოიმ გამოსვლისას, მეორე მოძრაობაზე, აკვრის დროს მუხლის სახსართან მყესის ნაწილი დაიზიანა... პლესნოი გარეთ კოჭლობით გამოვიდა. იმწამსვე გადაწყდა, რომ მისთვის ადგილობრივი ანესთეზია გამეკეთებინა. ზუსტად 2 წუთში ტკივილი გაუყუჩდა, სპორტსმენმა თავისი საქმე შეასრულა - მივიდა და წონა დააფიქსირა, რამაც ბრინჯაოს მედალი მოგვიტანა...

- ალბათ, ძლიერი ემოციები გეუფლებათ, როცა სპორტსმენები ასპარეზობენ...

- სპორტსმენი შეჯიბრებაზე ყოველთვის შესაძლებლობის მაქსიმუმის "დასადებად" მიდის. ეს ვალდებულებასავითაა, რომ ქვეყნის, გულშემატკივრების იმედი გაამართლოს და სამშობლოში მედლით დაბრუნდეს. შესაბამისად, ოლიმპიადები ემოციით დატვირთულია. ჩვეულებრივი შეჯიბრებებისგან განსხვავებით, დიდხანს გრძელდება. ლაშა ტალახაძის მაგალითს მოვიყვან: 18 ივლისი დგებოდა, როცა საქართველოდან გავემგზავრეთ. ლაშას გამოსვლა 4 აგვისტოს იყო. თუ სპორტსმენი ფსიქოლოგიურად ძალიან გაწონასწორებული არაა, რთულია, ამდენ ხანს შეჯიბრებას ელოდო, თან, სხვების გამოსვლებს ადევნო თვალი ისე, რომ არ დაესწრო, ოთახში გამოკეტილი იჯდე... ამ მხრივ ჩვენი ფუნქცია იზრდება: ექიმი მხოლოდ ფიზიკურ ტრავმაზე აღარ ზრუნავს. ჩვენ ოჯახის წევრებივით ვართ. სპორტსმენების განწყობის ამაღლებას ვცდილობთ... ბიჭებისთვის კიდევ ის არის რთული, რომ იქ ბევრი ულამაზესი გოგო მოძრაობს - სასწაული ფრენბურთელები, ხელბურთელები (იღიმის)...

ლაშა ფენომენალური ადამიანია. პირველ რიგში, ხაზს გავუსვამ, რომ ძალიან მორწმუნეა. არსებობენ მორწმუნე და ნაკლებად მორწმუნე სპორტსმენები. საბოლოოდ, ალბათ, თავიანთი გამარჯვებისთვის ყველა უფალს უხდის მადლობას, მაგრამ ლაშა სულ სხვა თემაა: სხვანაირი ცხოვრებით ცხოვრობს, ძალიან ახლოსაა ღმერთთან... სოციალურ ქსელში ამ ოლიმპიადაზე მისი ოთახის ფოტოც გავავრცელე, სადაც ბევრი პატარ-პატარა ხატი იყო, რასაც საზოგადოების შეფასება მოჰყვა. უარყოფითი ის იყო, რომ კითხულობდნენ, - ამდენი ხატი რად უნდაო?! საჭიროდ მივიჩნიე, ვიღაცებისთვის ამეხსნა: როცა შენთვის ძვირფასი ადამიანები სხვადასხვა ხატს გჩუქნიან, ეს ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ვერ არჩევ, რომელი დატოვო შინ და რომელი - წაიღო. ისე ხდება, რომ ლაშას საკმაოდ ბევრი ხატი ნებისმიერ შეჯიბრებაზე თან აქვს. ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. ჩემი აზრით, მის სიმშვიდეში მართლმორწმუნეობა დიდ როლს თამაშობს. შესაბამისად, მისი ნერვების "გაფუჭება", წონასწორობიდან მისი გამოყვანა ურთულესია. ვგულისხმობ, როცა ვარჯიშზეა ან შეჯიბრებაში მონაწილეობს...წაიკითხეთ სრულად