ავტორი:

"წარმოდგენა არ გვაქვს, რომელ შტამს ვებრძვით, იდეალური შტორმია შექმნილი იმისთვის, რომ ვირუსი გავრცელდეს დარჩენილ პოპულაციაში" - რას წერს აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი

"წარმოდგენა არ გვაქვს, რომელ შტამს ვებრძვით, იდეალური შტორმია შექმნილი იმისთვის, რომ ვირუსი გავრცელდეს დარჩენილ პოპულაციაში" - რას წერს აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი

აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი, ექიმი-ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აფასებს და ექიმების კრიტიკასაც ეხმაურება:

" - ჯამურად დადასტურებული შემთხვევები (გამოჯანმრთელებული + აქტიური + ახალი) აჭარბებს ნახევარ მილიონს; დიდი ალბათობით ეს რიცხვი უფრო მაღალია მათ ხარჯზე, ვინც არ ჩაიტარა ტესტირება და/ან უსიმპტომოდ გადაიტანა

- ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილი - თითქმის 1 მილიონი - ამ ორ რიცხვს ვერ დავაჯამებთ, რადგან მნიშვნელოვანი გადაფარვაა - ანუ ბევრი გადატანილი აიცრა და პირიქით - ყველაზე ოპტიმისტური მონაცემებითაც კი (1,5 მილიონი ნაწილობრივ იმუნური ადამიანი) იდეალური შტორმია შექმნილი იმისთვის, რომ ვირუსი, რომელიც ამ იმუნიტეტს დაუსხლტა, უფრო ადვილად გადაეცემა და მეტად მრავლდება, გავრცელდეს დარჩენილ პოპულაციაში

- გუშინ 74 გარდაცვლილი დაფიქსირდა შედარებით დაბალი ახალი შემთხვევების ფონზე, თუ CFR-მაც გაუარესება გააგრძელა - ეს უდავოდ მიუთითებს სისტემის/მედპერსონალის გადატვირთვაზე და ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, უკვე სამედიცინო სერვისს ვერ მიიღებენ არა მარტო კოვიდიანები, არამედ სხვა პაციენტები

- ამ ფონზე წარმოდგენა არ გვაქვს, რომელ შტამს ვებრძვით; თუ ჯერ არ გაკეთებულა, კარგი იქნება, რომ 100-მდე რანდომული ნიმუშის სეკვენირება მაინც მოხდეს, რომ ვიცოდეთ, დელტა, დელტა პლუსი ან თუნდაც რამე ახალი შტამი ხომ არ ცირკულირებს ჩვენთან

- დელტა უკანასკნელი შტამი, სამწუხაროდ, არ იქნება, მაგრამ დამაიმედებელი ამბავი ის არის, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი (ინფექციის შემდგომი) არის საკმაოდ ხანგრძლივი და ვირუსს მაღალი სიკვდილობის გამოწვევის მუტაცია არ მოსვლია (ანუ მის წინაპარ MERS-ს არ დამსგავსებულა), ამიტომ საზოგადოებრივი იმუნიტეტის მიღწევა უნდა მოხდეს ვაქცინაციის და ბუნებრივი ინფექციის მიერ გამოწვეული იმუნიტეტის კომბინაციის ფონზე, მარტო ერთს ან მეორეს ამის თეორიული შანსიც არ აქვს;

პანდემიის ეფექტური დასრულების შანსი არცერთ არსებულ პრეპარატსაც არ აქვს და, მეეჭვება, ეს წამალმა გადაწყვიტოს როდესმე - რადგანაც მთავარი პასუხისმგებელი, ანუ მთავრობა, ინერტულია ვაქცინაციის სიკეთის და ასევე რისკების ახსნაში, ამ ნიშას სხვები, მათ შორის ჩემი კოლეგები ავსებენ, ამიტომ აგრესიის სამიზნეები ისინი ხდებიან, რაც ძალიან დიდი უსამართლობაა!"

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 514 744-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 771 პირი ემსხვერპლა.

22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 962 165 აცრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 675 978 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.7%.

სრულად ვაქცინირებულია 286 187 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 10.0%

21 აგვისტოს აიცრა 23 303 ადამიანი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში აცრა მიმდინარეობს ვაქცინებით: „ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი", "სინოვაკი".