ავტორი:

"ის მაინც უნდა იცოდეს ხალხმა, რომ ხელის ჩამორთმევით არ გადადის..." - სახიფათოა თუ არა C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებთან ურთიერთობა?

"ის მაინც უნდა იცოდეს ხალხმა, რომ ხელის ჩამორთმევით არ გადადის..." - სახიფათოა თუ არა C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებთან ურთიერთობა?

არცთუ დიდი ხნის წინ ჩემმა ახლობელმა მიამბო ახალგაზრდა გოგონაზე, რომელიც აგარაკზე გაიცნო. გოგონას უჩვეულო სახელი - ბროლისა ერქვა და საყვარელ ბიჭთან დაშორების გამო ძალიან ნაღვლიანი იყო. მიზეზი? ისეთი მიზეზი იყო, წესით, შეყვარებულები რომ არ უნდა სცილდებოდნენ... ბროლისას ავადმყოფობა და მოულოდნელად აღმოჩენილი C ჰეპატიტი.

დღეს, როდესაც, წესით, უამრავი ინფორმაციაა C ჰეპატიტზე; როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნა, იკურნება და ვფიქრობ, აღარც სტიგმად უნდა იქცეს ამ ვირუსით დაავადებულის სხვა ადამიანებთან თანაცხოვრება; როდესაც სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს გამოკვლევისა და დიაგნოზის დადგენის, C ჰეპატიტის აღმოჩენის შემთხვევაში კი - მისი მკურნალობის ხარჯს და ეს, წესით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, ადამიანს რატომღა უნდა ეშინოდეს, რომ ან არ განიკურნება, ან ამის გამო თუნდაც შეყვარებული შეაქცევს ზურგს? იქნებ, ჩვენ გვგონია, რომ, წესით, ყველამ ყველაფერი იცის C ვირუსზე, სინამდვილეში კი...

თუნდაც ამ, 20 წლის გოგონას ამბავი ავიღოთ - მის ცხოვრებაში, ხომ, ყველაფერი ძალიან სევდიანად აეწყო:

ის და მისი შეყვარებული გოგი ერთმანეთს, თურმე, დიდი ხანია, იცნობენ. ქუთაისში ცხოვრობდნენ და მეორე კლასში იყო, გოგი მშობლებთან ერთად მის უბანში რომ გადავიდა საცხოვრებლად. მშობლები მალევე დამეგობრებულან, მერე, როცა სკოლაში მიდიოდა ხოლმე, ზოგჯერ გოგის აყოლებდნენ, - კლასამდე მიაცილეო... ასე დამეგობრდნენ. სტუდენტი რომ გახდა და თბილისში წამოვიდა, მიხვდა, რომ რაღაც დააკლდა და ეს „რაღაც“ გოგის გვერდით სიარული, მასთან ერთად დღის გატარება იყო... აღმოჩნდა, რომ ვაჟსაც ჰყვარებია, რადგან გოგონა ქუთაისში რომ ჩავიდა, გოგიმ პირველივე შეხვედრისას აუხსნა სიყვარული. ბროლისაც გამოუტყდა, რომ დიდი ხანია, უყვარდა, მაგრამ ვერ ეუბნებოდა. მათი სიყვარულის ამბავი მშობლებმაც გაიგეს და უთქვამთ, - ძალიან გაგვიხარდება, თუ ერთად იქნებითო. დაახლოებით, 4 თვის განმავლობაში ყველაფერი შესანიშნავად იყო, ვიდრე ბროლისა არ გაცივდა. ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ გაურთულდა, მშობლებმა თბილისში წამოიყვანეს, ექიმებთან ატარეს და... საბოლოოდ, C ჰეპატიტი დაუდგინდა. გოგონასთვის ეს, თურმე, მეხის დაცემასავით იყო. ყველას გაურბოდა, სასწავლებელშიც არ დადიოდა, მერე კი მონატრებას ვეღარ გაუძლო და გოგის ნახვა ითხოვა. გოგი კი მისულა, მაგრამ... ბროლისა მიხვდა, რომ გოგის ეშინოდა, მისგან დაავადება არ გადასდებოდა და.. შეყვარებული ოთახიდან ყვირილით გააგდო. ამის შემდეგ გოგიც გაბრაზდა: რატომ მიყვირე, შენგან ამას არ ვიმსახურებდი. მეშინოდა, მაგრამ მაინც მოვედი, შენ კი ოთახიდან გამომაგდეო. და ამის მერე აღარც დაურეკავს...

გოგონამ მკურნალობა დაიწყო, მაგრამ მერე ყველაფერზე გული აუცრუვდა, - მის გარეშე აღარც ექიმი უნდოდა და აღარც სიცოცხლე და მკურნალობაც მიატოვა - იფიქრა, თურმე, ჯერ საყვარელი ადამიანის დასაბრუნებლად ვიბრძოლებ და მერე გამოჯანმრთელებასაც შევძლებო. აღმოჩნდა, რომ ბროლისას მეგობრებმაც, ხომ, გაიგეს მისი დაავადების ამბავი და გოგონა მიხვდა, ზოგიერთი როგორ გაურბოდა, ზოგიერთი კი პირიქით - მხარში დაუდგა. ბროლისა ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი უვიცობის ბრალია, რადგან ამ ადამიანებმა რომ იცოდნენ, C ჰეპატიტი რა დაავადებაა, მისგან არ გაიქცეოდნენ. არავინ იცის, ვის რა ელოდება. არც მე მეგონა, ოდესმე ავად თუ გავხდებოდი, მაგრამ ხომ გავხდი? თუმცა საზოგადოებისთვის საშიშროებას ნამდვილად არ წარმოვადგენ. ასე რომ იყოს, როგორ გგონიათ, ოჯახის წევრების სიცოცხლეს შევუქმნი საფრთხეს? მათ გვერდით ვარ გამუდმებით და რა - გადავდე ვინმეს რამე? C ჰეპატიტზე უკვე ისე ხმამაღლა ლაპარაკობენ, მინიმუმ, ის მაინც უნდა იცოდეს ხალხმა, რომ ხელის ჩამორთმევით არ გადადის ეს დაავადება.

გოგონამ ჩემს მეგობარს რჩევაც ჰკითხა, როგორ მოვიქცეო? უნდა გოგის ყურამდეც მივიდეს, რას განიცდის, რომ ისიც დაფიქრდეს, არასწორად რომ ექცევა შეყვარებულს. ისიც კი თქვა, თურმე, ჩემს ნაცვლად გოგი რომ ყოფილიყო ავად, ყველაფერს გეფიცებით, არ მივატოვებდი. შევეცდებოდი, ყოველთვის მის გვერდით ვყოფილიყავი. მართლა არ შემიძლია მის გარეშე არსებობა, თანაც რომ ვიცი, ჩემდამი გრძნობა აქვს და ამ გრძნობას თოკავს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც ძალიან მტკენს გულსო!!

„მე C ჰეპატიტი მაქვს! მომეცი ძალა, რომ გამოჯანმრთელებაზე დავიწყო ფიქრი“ - ბროლისას ამ ნათქვამმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. ვინ იცის, კიდევ რამდენი ფიქრობს,

  • სახიფათოა თუ არა C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებთან ურთიერთობა?

დავინტერესდი, რა იციან ახალგაზრდებმა, თუნდაც ბროლისას თანატოლებმა C ჰეპატიტზე და შეძლებდნენ თუ არა დასნებოვნებულ ადამიანთან მეგობრობის გაგრძელებას?

მარი, 16 წლის:

- რა თქმა უნდა, რომელიმე ჩემს მეგობარს ეს დაავადება რომ აღმოაჩნდეს, არ მესიამოვნება, მაგრამ მასთან ურთიერთობას არაფრით შევწყვეტ. არ მგონია, ეს მშობლებმაც ამიკრძალონ. ვიცი, რომ დაავადება მხოლოდ სისხლით გადადის. ასე რომ, მეგობრისგან რამის „აკიდების“ რისკი მინიმალურია.

სალი, 17 წლის:

- ალბათ, გამიჭირდებოდა იმის გაცნობიერება, რომ ჩემი მეგობრის სიცოცხლე საფრთხეშია. ვაღიარებ, შევეცდებოდი, მასთან ურთიერთობისას დისტანცია დამეცვა. ძნელია გამუდმებით იმაზე ფიქრი, რომ შესაძლოა, საყვარელი ადამიანისგან რამე გადაგედოს და ეს დაძაბულობა ურთიერთობაზეც უეჭველად აისახებოდა.

ზაზა, 18 წლის:

- ბიძა მყავდა C-ჰეპატიტიანი და, შესაბამისად, ამ დაავადების შესახებ ბევრი ინფორმაციაც მაქვს. მასთან ურთიერთობისას ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, უბრალოდ, ხელს თუ გაიკაწრავდა ან რაღაც მსგავსი დაემართებოდა, ვცდილობდით, იმ ადგილს არ შევხებოდით, ვიდრე დეზინფექცია არ მოხდებოდა. ცხადია, ამ დაავადების გამო მეგობარსაც არ ვკრავდი ხელს. საბედნიეროდ, ბიძას ელიმინაციის პროგრამამ მოუსწრო, იმკურნალა და ახლა შესანიშნავად გრძნობს თავს.

დღევანდელი კოვიდპანდემიის ფონზე ადამიანებს C ჰეპატიტი, თითქოს, მიავიწყდათ, მაგრამ ის საკმაოდ სახიფათო დაავადებაა და თუ დროულად არ იმკურნალე, ადამიანისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია, როგორც ფიზიკურად, ასევე - ფსიქოლოგიურად (აქ მოთხრობილი ამბავიც ამის დასტურია). ახლახან სწორედ C ჰეპატიტის პრევენციისთვის პაციენტთა ორგანიზაციებმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, დაიწყეს საინფორმაციო კამპანია - „იCოდე, C ჰეპატიტი არ იცდის!“

ადამიანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ:

C ჰეპატიტი შეხებით არ გადადის!

C ჰეპატიტი გადადის სისხლით:

- ნარკოტიკების ინიექციური მოხმარების დროს ზიარი შპრიცის, ნემსის ან ჭურჭლის გამოყენებისას;

- ინფიცირებული სისხლის და/ან სისხლის პროდუქტების გადასხმის დროს;

- არასტერილური ინსტრუმენტებით სამედიცინო მანიპულაციების დროს: ქირურგიული ოპერაციები, გინეკოლოგიური ჩარევები, სტომატოლოგიური მანიპულაციები, ჰემოდიალიზი და სხვა;

- არასტერილური ინსტრუმენტებით კოსმეტიკური პროცედურების დროს: წვერის გაპარსვა, მანიკიური, პედიკიური, ტატუირება, პირსინგი და სხვა;

- დაინფიცირებული ბასრი, მჭრელი საყოფაცხოვრებო ნივთების (საპარსი, მაკრატელი და სხვ.) გამოყენების დროს;

- სქესობრივი კონტაქტის შედეგად;

- ინფიცირებული დედიდან შვილზე.

ამიტომ უნდა იCოდე გადადების გზები!

Cოდნა გადაგარჩენს!

გზადაგზა კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოისმენთ და C ვირუსის და მისგან მომდინარე სტიგმის დასაძლევად კონკრეტულ ნაბიჯების გადადგმასაც მარტივად შეძლებთ. მთავარია, თავად მოინდომოთ მისგან თავის დაღწევა!

ავტორი: ირმა ხარშილაძე