ავტორი:

"თუ პედაგოგების, ადმინისტრაციული პერსონალის 80% ორჯერადად ​იქნება ვაქცინირებული, შესაძლებელი იქნება, სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს" - გამყრელიძე

"თუ პედაგოგების, ადმინისტრაციული პერსონალის 80% ორჯერადად ​იქნება ვაქცინირებული, შესაძლებელი იქნება, სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს" - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ პედაგოგების, პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების და ასევე, ადგილზე მომუშავე ადმინისტრაციული პერსონალის 80% სრულად ვაქცინირებული იქნება, შესაძლოა, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში ჩატარდეს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ რა გადაწყვეტილება იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული, ეს მომდევნო 2 კვირის ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.

„თუ სკოლის პედაგოგების, ასევე იქ მომუშავე ადმინისტრაციული პერსონალის 80% ორჯერადად ვაქცინირებული იქნება, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება, სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს. ამ ყველაფერს მომავალი 2 კვირის ზოგადი ეპიდსიტუაცია გვაჩვენებს. რა თქმა უნდა, აცრები აუცილებელია, განსაკუთრებით მასწავლებლების, ასევე პროფესორ-მასწავლებლების და უნივერსიტეტის სტუდენტების. სასურველია, რომ ამ თვალსაზრისით 80%-იანი მოცვა გვქონდეს, მაშინ რა თქმა უნდა, ვიტყვით, რომ სკოლები და უნივერსიტეტები უსაფრთხოა“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მან ასევე საქართველოში კორონავირუსით სამჯერადი დაინფიცირების შემთხვევა არ დაადასტურა. როგორც გამყრელიძემ განმარტა, ორჯერადი რეინფიცირების შემთხვევები იყო, მაგრამ სამჯერადი დაინფიცირების ფაქტი ჯერჯერობით ქვეყანაში არ გამოვლენილა და არც კვლევაში არის.