ავტორი:

"ჩემი, ჩვენი "ბოლოკა" აღარ არის..." - გოჩა ლომია გარდაიცვალა

"ჩემი, ჩვენი "ბოლოკა" აღარ არის..." - გოჩა ლომია გარდაიცვალა

"სენაკის ქრონიკა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ 67 წლის ასაკაში გარდაიცვალა რეზო ჩხეიძის ფილმ "ღიმილის ბიჭების" ერთ-ერთი მთავარი გმირის "ბოლოკას" როლის შემსრულებელი გოჩა ლომია.

ამის თაობაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ექიმი თენგიზ ვერულავა.

"თუ ჩემი ცრემლიანი ბავშვობიდან რამე მაინც გამახსენდება თბილი, ეს გოჩას ღიმილიანი ოჯახიდან. ეს ღიმილი შემდგომ ყველგან მამხნევებდა, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი. ძალიან გამიჭირდება ამ ღიმილის გარეშე", - წერს ის.

"ჩემი, ჩვენი ბოლოკა აღარ არის... თითებზე დაითვლიდა იმათ, ვისაც გვიტარებდა "ბოლოკას" დაძახებას. "აბაროტს" შეჩვენებულოთი მიღებდა. ძალიან მეტკინა... ბოლოს მითხრა, შენ იშვითად რეკავ და რამე ხომ არ გწყინსო... დაბერდითქო... მე კი დავბერდი, მაგრამ შენ უნდა მყავდე მაგრად და ქურდოვანიძეო... ჰო, ვიცოდი და მაინც ვერ ვუთხარი პაატას... მაინც მას ვათქმევინე, რომ არ ხარ.... ჰა, იძაზე ახლა გიტლერ კაპუტ... ან ორი პარავოზის ამბავი, ან სულაც - გუტენ მორგენ პარმენა... როგორ მატკინე მაინც ბოლოკა, როგორ.... ძალიან..." - წერს ანალიტკოსი გოჩა ტყებუჩავა.

შეიძლება ითქვას, რომ მის მიერ შესრულებლი როლი ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია ქართველი კინომოყვარულებისთვის. როგორ მოხვდა რეზო ჩხეიძის ფილმში, ამის შესახებ ამბავს ის ასე ყვებოდა:

"ფილმში შემთხვევით მოვხვდი. 1967 წლის ზაფხულია. ახალი დათხოვილი ვართ სკოლიდან და ჩვენთან, სენაკში, "გარადოკში" ქართული სკოლელები რუსულ სკოლელებს ვეთამაშებით კალათბურთს. გადამღები ჯგუფის ავტობუსი სათამაშო მოედანთან სწორედ მაშინ გაჩერდა, როცა დამაჯარიმეს. მე გავბრაზდი, ვანჩხლობ, ვჭყიპინებ... უცებ დავინახე, რომ ავტობუსიდან ჩამოსული მამაკაცი, რომელიც რეჟისორის ასისტენტი აღმოჩნდა, მიყურებს და კვდება სიცილით. ამაზე სულ გავგიჟდი. ამასობაში ავტობუსის მგზავრებს ერთ-ერთი გამოეყო, გოჩა ლომია წამოგვყვეს, იბარებენო. ვიფიქრე, ვაი, ახლა გამაძრობენ ტყავს-მეთქი. მიმიყვანეს პიონერთა სასახლეში. თუ განათლების დარგში ვინმე რამეს წამოადგენდა რაიონში, ყველა იქ დამხვდა. კინოში გადაღება გინდაო? - მკითხეს. ეგ ვის არ უნდა-მეთქი. ლექსი წაგვიკითხეო. პოეზიასთან ვერ ვმეგობრობ, თუ გინდათ, ანეკდოტს მოგიყვებით-მეთქი. კარგიო. მოვყევი და სული ძლივს მოითქვეს სიცილით. მერე ვინმეს პაროდია გააკეთეო, დამავალეს. თუ ცუდად არ დამიმახსოვრებს, ჩვენს სასწავლო ნაწილს გავცინებ-მეთქი. შენ მაგაზე არ იდარდოო, დამაიმედეს და ახლა ამაზე ვაცინე. ორი კვირის თავზე თბილისში კახა ქორიძესთან ერთად ჩამაწერინეს რამდენიმე სცენა და მახარეს, როლზე დაგამტკიცესო. დავფრინავდი სიხარულით".

  • ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს.