გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ორჯერ აცრილი ადამიანი გარდაიცვალა. ამის თაობაზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მან დაადასტურა მომხდარი და განაცხადა, - ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქეების გარდაცვალება არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, რადგან ასეთი შემთხვევა არის 0.001%.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებს ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ, რამაც მათ სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები მიაყენა.
'მსგავი შემთხვევა არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო ფაქტი. მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. თუმცა, ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ვინაიდან ეს არის 0.001%, ძირითადში ვაქცინა გვიცავს ლეტალობის შემთხვევებისგან. ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანებები, რომელიც მათი ქრონიკული დაავადებებისგან იყო გამოწვეული და ამ შემთხვევაში, ექიმების ძალისხმევაც უშედეგო აღმოჩნდა“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რომელი ვაქცინით იყვნენ აღნიშნული პირები აცრილი, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ "ეს არის პაციენტის პირადი ინფორმაცია“.
22 აგვისტოს ჟურნალისტმა ია თინიკაშვილმა "ფეისბუქზე" დაწერა:
"საშინელებაა თითოეული ადამიანის გარდაცვალება, აუტანელია ეს ყოველდღიური სიკვდილის ქრონიკა, ერთ დიდ ნეკროლოგად იქცა საინფორმაციო საშუალებებიც, კიდევ უფრო მძიმეა, როცა გარდაცვლილს იცნობდი, წლების ურთიერთობა გაკავშირებდა - ასეთი იყო გორელი მწერალი, 63 წლის ვაჟა შაქარაშვილი, რომელიც ერთ-ერთია კოვიდით გარდაცვლილთა დღევანდელ სტატისტიკაში.უზომოდ ვწუხვარ, რომ აჯობა კორონავირუსმა. კლინიკაში შესვლისას ფილტვების უკვე მაღალი ხარისხის დაზიანება ჰქონდა - 50%-ზე მეტი, მერე კიდევ უფრო დამძიმდა...
შაქარაშვილი ვაქცინირებული იყო, რაც ანტივაქსერებმა ისეთი აღტკინებით აიტაცეს, რომ ღმერთო, მაპატიე თუ ვცდები და რამდენიმე კომენტარზე მომეჩვენა, რომ ამ უწყინარი კაცის გარდაცვალება ისე არ ეწყინათ, როგორც ის ფაქტი გაეხარდათ, რომ შაქარაშვილი აცრილი იყო...
და რას ვიღებთ რეალურად?! იმას, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს ვუბიძგოთ აცრაზე უარის თქმისკენ?! არც იფიქროთ!ჯვარი გვწერია! ასეთ შემთხვევაში, ეს 'დელტა“ ისეთი ვერაგი შტამია, მკვდრების გატანას ვერ აუვლენ კლინიკები.და მთავარი: არცერთი ვაქცინის მწარმოებელი არ ამბობს, რომ ვაქცინა 100%-ით იცავს და ვთქვათ, როდესაც დაცვის 80%-იან მექანიზმზე გველაპარაკებიან, ის 20% ჩვენ უნდა ვიფრთხილოთ.ამ საღამოს ერთი მეგობარი მწერდა - ვირუსის შიშით ადამიანებზე თქვი უარიო... სამწუხაროდ, გარკვეულწილად, მართალია, არავაქცინირებულ მეგობრებთან ფაქტობრივად არ ვკონტაქტობ, რატომ? განა არ მენატრება მათთან ურთიერთობა, აცრილიც ვარ, მაგრამ ზემოთ რომ ვამბობდი, სწორედ ის 20% მიბიძგებს სიფრთხილისკენ და გარდა ამისა, ვინც კორონა მძიმე ფორმით გადავიტანეთ, ზუსტად ვიცით, ეს რა საშინელებაა. ჯანმრთელობას გისურვებთ, აუცილებლად აიცერით, არ გვაქვს სხვა გზა, აღარ მინდა, ვინმე მოკვდეს, მართალია, ბევრი არ ამახვილებს ყურადღებას ყოველდღიურ სტატისტიკაზე და ჩემსავით არ დებს კუბოების ფოტოებს ფეისბუქზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანზე საშინლად მოქმედებს, ყველა დაუსრულებელ სტრესში ვართ. სათითაო ადამიანი, წაქცევამდე მისული ჯანდაცვის სექტორი თუ მოსახლეობის აცრილი 10% ვერ შეცვლის ამ მძიმე სტატისტიკას".