ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დედაქალაქში საველე ტიპის ინფრასტრუქტურა ქავთარაძის ქუჩაზეც მოეწყო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საველე ჰოსპიტალს დაახლოებით 200-მდე პაციენტის მიღება შეეძლება და სრულად უზრუნველყოფილია ჟანგბადით.
„დედაქალაქში ერთ-ერთი მსგავსი საველე ტიპის ინფრასტრუქტურა მოეწყო ასევე ქავთარაძის ქუჩაზე. ჰოსპიტალურ ნაწილში ჩვენ სრულიად ახალი, 200 საწოლზე დაწესებულება გავხსენით, სადაც გუშინვე დაიწყო პაციენტების მიღება. დაახლოებით 200-მდე პაციენტის მიღება შეიძლება, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება ჟანგბადით. ახლა ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ რამდენად შეძლებს კახეთის რეგიონში ჰოსპიტალური სექტორი იმ დატვირთვის მიღებას, რაც ეპიდკვლევიდან გამომდინარე მოსალოდნელი არის. საჭიროების შემთხვევაში, კახეთში განვიხილავთ დროებითი დაყოვნების სივრცის მოწყობას, სადაც ჩვენი მოქალაქეები საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებენ“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა აჭარაში კლინიკები გადატვირთული, ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა, რომ ჰოსპიტალურ სექტორში ადგილები აღარ არის და ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობა თბილისშია.
„ჩვენ არ გვაქვს ჰოსპიტალურ სექტორში ადგილები და სწორედ აქედან გამომდინარე, ვცდილობთ ყველანაირი რესურსი გამოვიყენოთ, მათ შორის საველე ჰოსპიტლებიც. მსგავსი დაგეგმვა რეგიონულ ჭრილშიც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში არის განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობა. გუშინ აჭარის და იმერეთის რეგიონშიც შევძელით იმ პაციენტების კლინიკაში გადაყვანა, რომლებსაც ესაჭიროებოდათ“,-განაცხადა ტიკარაძემ.