ავტორი:

რა გავლენას ახდენს ნიკოტინი ადამიანის ჯანმრთელობაზე?

რა გავლენას ახდენს ნიკოტინი ადამიანის ჯანმრთელობაზე?

რა ზეგავლენას ახდენს ნიკოტინი ადამიანის ორგანიზმზე? საზიანოა თუ არა ის ჯანმრთელობისათვის? სასარგებლოა თუ არა ნიკოტინის მოხმარება? მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა თამბაქოს მოხმარება 2000 წლის წინ დაიწყეს, ნიკოტინის ყველა თვისება ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სრულად შეუძლებელია. თუმცა, ნიკოტინისადმი სამეცნიერო ინტერესი დღითიდღე იზრდება.

  • ნიკოტინი ბუნებაში

ნიკოტინი არის ალკოლოიდი - ბუნებრივი წარმოშობის ორგანული ნაერთია, რომელიც სხვადასხვა მცენარეში გვხვდება, მათ შორის: პომიდორში, კარტოფილში, ბადრიჯანსა და ტკბილ წიწაკაში. თუმცა, ამ მცენარეებში ნიკოტინი მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი. მაგალითად, ერთი კილოგრამი პომიდორი 2.7-9.1 მგ. ნიკოტინს შეიცავს. საინტერესოა, რომ ამ ნივთიერების კონცენტრაცია ყველაზე მაღალია თამბაქოს ფოთოლში, სადაც ის ფოთლის მშრალი მასის 1.5-2.2%-ს შეადგენს.

იენის ქიმიური ეკოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა, 2004 წელს გამოაქვეყნა კვლევა თემაზე - “ნიკოტინის დამცავი როლი ბუნებაში”. ჩატარებული ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ნიკოტინის შემცველი მცენარეები მავნებლებისათვის ნაკლებად მიმზიდველია და ის ერთგვარად მცენარეების დამცავ მექანიზმს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზეზით, წარსულში, ნიკოტინი სოფლის მეურნეობაში აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც ინსექტიციდი, ახლა კი მისი ჩანაცვლება მისივე სინთეზური ანალოგებით - ნეონიკოტინოიდებით მოხდა.

2018 წელს, ლონდონის სამეფო კოლეჯის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, მწერების ერთ-ერთ სახეობას (Bombus terrestris) ნიკოტინის დაბალი დონის შემცველი საქაროზას ხსნარი შესთავაზეს, მათ ქცევაზე დაკვირვებით კი დაასკვნეს, რომ მათ შესაძლოა ადამიანების მსგავსად გაუჩნდეთ დამოკიდებულება ნეონიკოტინოიდებისადმი.

  • ნიკოტინი ადამიანების ორგანიზმში

ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, ნიკოტინი ადამიანებზე ისეთივე ზეგავლენას ახდენს, როგორსაც მწერებზე. ის ააქტიურებს ნიკოტინის აცეტილქოლინის რეცეპტორებს და ზემოქმედებას ახდენს ნეირონებზე. აცეტილქოლინი პარასიმპათიკური ნერვული სისტემის მთავარ ნეიროტრანსმიტერს წარმოადგენს. ის ხელს უწყობს კუნთების შეკუმშვას, ანელებს გულისცემას და ამცირებს არტერიულ წნევას. აცეტილქოლინი მოქმედებს ტვინზე, ყურადღების უნარსა და სწავლის პროცესზე. ამგვარად, აცეტილქოლინს აქვს შესაძლებლობა, დათრგუნოს აღგზნებული ნერვული კავშირები. აქედან გამომდინარე, ნიკოტინი მწეველზე შეიძლება მოქმედებდეს ერთი მხრივ, როგორც სტიმულანტი, მეორე მხრივ, კი როგორც დამამშვიდებელი ნივთიერება.

ნიკოტინი ასევე ზემოქმედებს დოფამინის გამოყოფაზე, რაც ადამიანში სიამოვნების შეგრძნებას წარმოშობს. ეს კი დამოკიდებულების განვითარებას იწვევს.

დამოკიდებულება თავისთავად დაავადებაა. 2018 წელს, მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ Nature Medicine-ში დაიბეჭდა, ნიკოტინზე გამოწვეულ დამოკიდებულებაზე პასუხისმგებელი ცილები გავლენას ახდენენ გარდამავალ-ჩალისფერ (ან კრემისფერ) ცხიმებზე. კრემისფერი ცხიმოვანი უჯრედები, თეთრი ცხიმოვანი უჯრედებისგან განსხვავებით, არ ინახავს ქოლესტერინს, არამედ მარტივად იწვის. აცეტილქოლინი ან ნიკოტინი კი ამ წვის პროცესს ააქტიურებს. ნიკოტინისა და ცხიმის უჯრედების წვის ურთიერთმიმართება კი სიმსუქნესთან ბრძოლის ახალი მეთოდების შემუშავებაში მნიშვნელოვანი კომპონენტი შეიძლება აღმოჩნდეს.

2009 წელს, ბაროუს უნივერსიტეტის ნევროლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა ნიკოტინის თერაპიულ პოტენციალზე მიუთითეს კვლევაში - “ნიკოტინის და ნერვული სისტემის ანთებითი დაავადებები”.

იაპონიის ვაკაიამას სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით კი დადგინდა, რომ ნიკოტინის მოხმარება ზრდის ენდორფინებისა და ენკეფალინების გამოყოფას ზურგის ტვინში, რაც ნიკოტინს ტკივილგამაყუჩებლის თვისებებს ანიჭებს. ეს დასკვნები კი სირაკუზას უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადასტურა. მათი კვლევის თანახმად, ნიკოტინი წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელს, რომლის ეფექტიც მამაკაცებში უფრო მეტად არის გამოხატული.

სისხლში მოხვედრის შემდეგ ნიკოტინი სწრაფად იშლება ღვიძლში და წარმოქმნის რამდენიმე მეტაბოლიტს, რომელთაგან მთავარი კოტინინია. კოტინინი უკავშირდება აცეტილქოლინის რეცეპტორებს, თუმცა, ნიკოტინთან შედარებით, სუსტი მოქმედება ახასიათებს. სამეცნიერო კვლევებმა კოტინინის ანტიფსიქოზური მოქმედება აჩვენა. რაც ნიშნავს იმას, რომ ნივთიერება შეიძლება გამოყენებულ იქნას ანტიდეპრესანტებში.

აქედან გამომდინარე, ნიკოტინისა თუ კოტინინის შემცველი წამლების - ტკივილგამაყუჩებლების, ნეიროპროტექტორების, სიმსუქნის საწინააღმდეგო პრეპარატების, ანტიდეპრესანტების თუ სხვა - გამოჩენა რეალობას წარმოადგენს.

თუმცა, დღეს, ნიკოტინს უკვე აქვს შესაძლებლობა, დაეხმაროს მილიონობით მწეველს, შეამციროს ტრადიციული თამბაქოს მოხმარების შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი.

  • ნიკოტინი მოწევის წინააღმდეგ

თამბაქოს მოხმარება ზრდის დაავადებათა განვითარების რისკებს, მათ შორის კიბოს (პირველ რიგში ფილტვის კიბოს) და გულსისხლძარღვთა დაავადებებს. თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზს არა ნიკოტინი, არამედ თამბაქოს კვამლში არსებული მავნე ქიმიური ნივთიერებები წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, რიგ ქვეყნებში, სადაც აღიარებენ თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის ეფექტურობას, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები და საკანონმდებლო ორგანოები ხელს უწყობენ მწეველებს, გადავიდნენ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ადმინისტრაციის განცხადებით, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებს აქვთ შესაძლებლობა, 90%-ით შეამცირონ ტრადიციული სიგარეტის შედეგად ორგანიზმზე განხორციელებული ზიანი.

თუმცა, სამეცნიერო საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ნიკოტინის მოხმარების უსაფრთხოების საკითხის შესახებ. მაგალითად, 2009 წელს პულმონოლოგთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ნიკოტინის შემცველი პლასტერების გამოყენება არ იწვევდა ფილტვის კიბოს.

ნორვეგიელი ონკოლოგები კი ვარაუდობენ, რომ ნიკოტინმა შესაძლოა ხელი შეუწყოს კიბოს განვითარებას მხოლოდ არაპირდაპირი ზეგავლენით, რაც უჯრედების დაყოფის დაჩქარებას გულისხმობს.

თუმცა, ლაბორატორიულ ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ იმ თაგვების ორგანიზმში, რომლებსაც ნიკოტინის დიდი რაოდენობა შეუყვანეს, ნივთიერებამ სიმსივნეების განვითარებას შეუწყო ხელი. ხოლო იმ ცხოველებში, რომელთა ორგანიზმში ნივთიერების დაბალი დონე სტაბილურად შეჰყავდათ, მსგავსი შედეგები არ დაფიქსირებულა.

ბაპტისტური სამედიცინო ცენტრის ონკოლოგთა მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ნიკოტინი საშიშია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკვე აქვს კიბო. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოტინი თავისთავად არ არის კანცეროგენი, ის ახდენს ტვინში იმუნური უჯრედების გადაპროგრამებას, რაც ხელს უშლის იმუნურ სისტემას, ეფექტურად ებრძოლონ კიბოს უჯრედებს.

აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ნიკოტინი არ არის სრულიად უსაფრთხო, თუმცა მას გააჩნია სხვადასხვა სფეროში გამოყენების პოტენციალი. თუმცა, მისი უსაფრთხოების დასადგენად, აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება.

(R)