ავტორი:

ანტივაქსერული მითები დღეს და 200 წლის წინ - იპოვე მცირე განსხვავება მაინც

ანტივაქსერული მითები დღეს და 200 წლის წინ - იპოვე მცირე განსხვავება მაინც

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი, რბილად რომ ვთქვათ, კუს ნაბიჯებით მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 4 სახის ვაქცინაა და მოქალაქეებს ფართო არჩევნის საშუალება აქვთ, ისინი აცრას არ ჩქარობენ. მეორეს მხრივ, რამდენიმე კვირაა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ტრაგიკულად მაღალია. დღიური ინფიცირების მაჩვენებელი კი 5000 - ზე მეტია.

ადამიანთა ნაწილი ვაქცინას სკეპტიკურად უყურებს. ზოგისთვის შექმნის ვადები არის საკმაოდ მცირე, ზოგი დარწმუნებულია, რომ ხსნარში თხევადი ჩიპია მოთავსებული და ვიღაც, ამერიკაში შეპყრობილია მათი მონაცემების კონტროლით, ნაწილი ვარაუდობს, რომ ვაქცინა მემკვიდრეობის გაგრძელებაში ხელს შეუშლის, ხოლო უკიდურეს ნაწილს დღემდე საერთოდ არ სჯერა კორონავირუსის.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფექციის დამარცხება შესაძლოა ერთი ხელის გაწვდენაზეც კია, საზოგადოება მაქსიმალურად წელავს ამ პროცესს და უკმაყოფილებას გამოთქვამს, ვაითუ მათი ყველაზე საშინელი კოშმარი ახდეს და ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს?!

ჩვენ შევეცადეთ მოგვეკვლია, რა გავრცელებული მითები იყო სხვადასხვა ეპიდემიის დროს, რამდენად წინ წავიდა საზოგადოება, ირწმუნა მეცნიერების ან რამდენად გამრავალფეროვნდა ჩვენი კონსპირაციული ფანტაზიები გასულ საუკუნეებთან შედარებით?

მე-18 საუკუნეში, როცა შავი ჭირი ევროპაში მძვინვარებდა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე თან მიჰქონდა, თითქოს ხსნა არსაიდან ჩანდა. ადამიანები ღმერთს ევედრებოდნენ, რომ ეს მართლა ჭირი არ შეხვედროდათ და როგორმე მათი ორგანიზმი დაავადების მიმართ მდგრადი აღმოჩენილიყო.

1796 წელს ექიმმა ედვარდ ჯენერმა ძროხის ჭირით ექსპერიმენტები დაიწყო. ძროხის ჭირი შავი ჭირის მსუბუქი ფორმა იყო, ჯენერი კი მცირე დოზებს უკეთებდა ადამიანებს, რითაც მათ იმუნიტეტს აძლიერებდა და შავი ჭირის მიმართ ნამდვილად მდგრადს ხდიდა. მან ექსპერიმენტი ბავშვებში გააგრძელა და შედეგის ეფექტში იმდენად დარწმუნებული იყო, რომ თავის 11 თვის ვაჟიშვილსაც გაუკეთა აცრა. ასე წარმოიქმნა სიტყვა "ვაქცინაცია“, რომელიც იმუნიზაციის პროცესს აღნიშნავს, რომლის ფუძესაც წარმოადგენს ლათინური სიტყვა “vacca”, რაც ძროხას ნიშნავს.

როდესაც ეს ამბავი სასულიერო პირებმა გაიგეს, ისინი აღშფოთდნენ.

"როგორ შეიძლება, ადამიანში ძროხის ნაწილაკები შეიყვანო, ეს ადამიანს "ხარისმაგვარად“ გადააქცევს", - ამბობდნენ ისინი.

უსწრაფესად გავრცელდა ვერსია, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს გამოეზრდებოდათ კუდი, ხოლო თავზე რქები ამოუვიდოდათ, შეცვლილი გენები კი თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

მოკლე ხანში ფართო საზოგადოებისთვის მოულოდნელად აშკარა გახდა, რომ ვაქცინირებული ხალხი ნახირად არ გადაიქცა, ისინი ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ იმ სხვაობით, რომ კიდევ უფრო ჯანმრთელები და ვირუსისადმი მდგრადები გახდნენ.

კონსერვატული და სასულიერო საზოგადოების ნაწილი შეიკრიბა და განაცხადეს, - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროგნოზი არ გამართლდა, ვაქცინაცია მაინც დაუშვებელია, რადგან ის ღვთის ნებას ეწინააღმდეგებაო...

1853 წელს ბრიტანეთში შავი ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. 1885 წელს კი, უზარმაზარი აქცია მოეწყო. მოსახლეობის ნაწილმა, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, პერფორმანსი მოაწყო: ათიათასობით ადამიანს ხის პატარა კუბოები ხელში ეკავათ, კუბოზე კი ედვარდ ჯენერის სურათები ჰქონდათ მიკრული. ერთ-ერთი აქტივისტი ვილიამ ტები ამერიკაშიც გააგზავნეს, რათა მათი კონსპირაციული თეორიები იქაც აქტიურად გავრცელებულიყო. საბოლოოდ, სავალდებულო ვაქცინაცია მეტ-ნაკლებად შეიზღუდა, თუმცა ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა და დაავადების აფეთქების რამდენიმე კერა გაჩნდა, როგორც ბრიტანეთში, ასევე აშშ-ში.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მომდევნო საუკუნეებში ვაქცინებისადმი ანტივაქსერების დამოკიდებულება, ტონი ან ტაქტიკა შეიცვალა, ცდებით.

შემდეგი 100 წლის განმავლობაში გამოჩნდა ისეთი ინფექციები, როგორიცაა ტეტანუსი, დიფტერია და ყივანახველა. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები კი ბავშვები იყვნენ, განსაკუთრებით კი ახალშობილები. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დედების უმეტესობა შექმნიდა ანტივაქსერულ თეორიებს. "საიდუმლოდ გავიგე, რომ აცრა ბუნებრივ იმუნიტეტს ასუსტებს“ - ამბობდნენ მშობლები და ექიმები დაუღალავად უხსნიდნენ, რომ ადამიანის ორგანიზმს ტეტანუსის, დიფტერიისა და ყივანახველას თანდაყოლილი იმუნიტეტი არ გააჩნია, სხვა შემთხვევაში მის საწინააღმდეგო ვაქცინას არც გამოიგონებდნენ.

"მე მაინც, მირჩევნია 1 წლამდე მოვიცადო, შევხედო რა მოხდება“, - აგრძელებდნენ ანტივაქსერები. "რაღა ერთ წლამდე, ბარემ 5-მდე მოიცადეთ“, - ამბობდნენ დანარჩენები, არადა, ექიმები ცდილობდნენ აეხსნათ, რომ: "ადამიანის იმუნიტეტის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი ეტაპი სწორედ 1-დან 5 წლამდეა".

1974 წელს "ბავშვთა დაავადების არქივში“ გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვით, ტეტანუსის, დიფტერიისა და ყივანახველას აცრის შემდეგ, პირველ 24 საათში 36 ბავშვს ნევროლოგიური გართულება განუვითარდა.

ანტივაქსერებისთვის ეს კვლევა ნამდვილი ზეიმი იყო, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ზემოთნახსენები ინფექციების საწინააღმდეგო აცრაზე უარი თქვა. მალევე კი დიდ ბრიტანეთში ყივანახველამ 100 000 ადამიანი დააზარალა. მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ კვლევის ავტორებს ის 36 ბავშვი პირველი 24 საათის შემდეგ არა რამდენიმე წლის, არამედ, რამდენიმე თვის შემდეგაც კი აღარ შეუმოწმებიათ. საბედნიეროდ, ბავშვები ჯანმრთელები და გავრცელებული ინფექციისადმი დაცულები აღმოჩნდნენ. არქივში გამოქვეყნებული შედეგების ნამდვილობა კი ეჭვის ქვეშ დადგა. ანტივაქსერები დამარცხდნენ, თანაც ორჯერ.

1998 წელს ვაქცინის წინააღმდეგ არსებული შიშები სერიოზულად გაიზარდა და ამჯერადაც კონსერვატული რელიგიური წრის გარდა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც იზიარებდნენ შეხედულებებს. ყველაფერი კი ერთი კვლევის ბრალი იყო, რომლის შედეგები დიდი ხანია უარყოფილია.

ენდრიუ ვეიკფილდმა სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც ეწერა, - წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინამ, რომელიც ბავშვს პირველად 18 თვის, ხოლო მეორედ 4 წლის ასაკში უკეთებენ, შესაძლოა აუტიზმი გამოიწვიოსო. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა მცდარი აღმოჩნდა, მისმა მომხრეებმა აიკვიატეს და დეზინფორმაციული ბომბი მთელ მსოფლიოში გაავრცელეს. 20 წლის შემდეგაც კი ადამიანებს ვეიკფილდის მცდარი კვლევის სჯერათ. დიდწილად სწორედ ენდრიუს ბრალია, რომ ადამიანებს ვაქცინის შეყვანის შემდეგ სხვადასხვა დაავადებების გაჩენის სჯერათ.

ყველასთვის ცნობილი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინით (BCG) აცრის შემდგომ მკლავზე დატოვებულ კვალს, საუკუნის წინ, სწორედ ასევე ეძახდნენ "ეშმაკის ბეჭედს", როგორც ახლა ზოგიერთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს მოიხსენიებს.

2010-იან წლებში პაკისტანში სულ ორი რამის ეშინოდათ: ამერიკული გავლენის გაზრდისა და პოლიომიელიტის. ქვეყანაში ინფექციის მასიური ვაქცინაცია მიმდინარეობდა. ქალაქ აბოტაბადში აცრებს დოქტორი შაკილ აფრიდი ატარებდა. იმუნიზაციის პროცესი ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA)-ს გეგმაც იყო. სადაზვერვოს ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში უსამა ბინ ლადენი იმყოფებოდა. პაკისტანური მხარე ამტკიცებს, რომ აფრიდი CIA-ს ამ ინფორმაციის დადასტურებისთვის სჭირდებოდა.

დოქტორი სახელმწიფომ მოღალატედ შერაცხა და 33 წლით ციხეში ჩასვა. თალიბებმა კი ეს შემთხვევა ვაქცინის ანტიპროპაგანდისთვის გამოიყენეს, ჯანდაცვის თანამშრომლები ჯაშუშობაში დაადანაშაულეს და მეორე დღეს 70 მედიკოსი დახვრიტეს. მეტიც, მათი ექიმების დევნა დღემდე გრძელდება.

სიტუაცია პაკისტანში რადიკალურად გაუარესდა, ქვეყანაში პოლიომიელიტის რეკორდული შემთხვევები გამოვლინდა, ვითარების გამოსწორება მხოლოდ 2021 წელს მოხერხდა.

პაკისტანში ეპიდაფეთქების შემთხვევა - ნათელი მაგალითია იმისა, რომ ულტრა-რელიგიურ და პოპულისტურ ჯგუფებს ვაქცინაციის წინააღმდეგ უზარმაზარი და სავალალო შედეგების მომტანი კამპანიის მოწყობა შეუძლიათ.

ჩვენ დროში კი ანტივაქსერობის ნაკადის შეჩერება ურთულესია. სოციალურმა ქსელებმა და მესენჯერებმა მათ სამიზნე აუდიტორიასთან პირდაპირი, უშუალო წვდომა მისცა.

პირველი ვაქცინიდან 200 წელიწადზე მეტი გავიდა. კაცობრიობა კოვიდ-19-ის სახით მორიგ პანდემიას ებრძვის. დღევანდელი ედვარდ ჯენერები საზოგადოების ნაწილისთვის, ისევე როგროც მარავალი წლის წინ, ახლაც არა ხსნად, არამედ მტრად ცხადდებიან.

არის კი საუკუნეები საზოგადოების განვითარებისთვის საკმაო დრო? რა მნიშვნელობა აქვს, თუ 200 წლის წინ ადამიანს ეგონა, რომ ვაქცინა მას კუდსა და რქებს "გამოუყვანდა“ და ცხოველი გახდებოდა, ხოლო დღეს კი ჰგონიათ, რომ ისინი "იჩიპებიან“ და ბილ გეითსი (პირობითად) მათ გაკონტროლებას შეძლებს.

ამ ისტორიაში ტრაგიკული მხოლოდ ის კი არაა, რომ საუკუნეების განმავლობაში ვერ ვისწავლეთ, რომ ვაქცინა ერთადერთი საშუალებაა პანდემიის დამარცხებისა, არამედ ისიც არის, რომ ჩვენს დროში ანტივაქსერული მოძრაობა მნიშვნელოვანწილად კრემლიდან, ჩვენი მთავარი მტრის მიერ იმართება. ეს ფაქტი "ფეისბუქმა“ შესაბამისი ტროლებისა და ბოტების ანგარიშების დაბლოკვით დაადასტურა, თუმცა ამასაც კი ქართველი ანტივაქსერების იდეებზე გავლენა არ ჰქონია. მათ ნაწილს კვლავ სჯერა, რომ ვაქცინა არ გვიცავს, ხოლო მთლად უკიდურესი ნაწილი დარწმუნებულია, რომ არანაირი კორონა არ არსებობს. და თანაც, რის ფონზე? გადაჭედილი საავადმყოფოების, სამედიცონო პერსონალის შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობის, დასუსტებული ეკონომიკისა და უდიდესი კოლაფისის მოლოდინში.

ახლა, როცა პერანგს შეისწორებთ, საკუთარი თავით სარკეში დატკებებით და უზარმაზარ ქორწილში სუფრას მიუსხდებით, უნდა ფიქრობდეთ, რომ სადღაც, ვიღაც თქვენი თანამემამულე ბოლო ძალებით ცდილობს ისუნთქოს და ფილტვები სამუდამოდ არ გაეთიშოს. მისი შვილები, მშობლები და ახლობლები კი ყველა ღონეს იყენებენ, რომ იქნებ, საავადმყოფოში მაინც მოახვედრონ. თქვენ კი, დაახლოებით იქ ხართ, სადაც საუკუნების წინ იყვნენ ის ადამიანები, კუბოებითა და ედვარდ ჯენერის სურათებით...

ავტორი: ანრი კურტანიძე