ავტორი:

"ამჟამად კლინიკებში 7400 პაციენტია, მათგან 70% არის ჟანგბადდამოკიდებული" - რა ვითარებაა კლინიკებსა და საველე ჰოსპიტლებში

"ამჟამად კლინიკებში 7400 პაციენტია, მათგან 70% არის ჟანგბადდამოკიდებული" - რა ვითარებაა კლინიკებსა და საველე ჰოსპიტლებში

დღეს კლინიკებში არის 7400 პაციენტი. მათი დიდი ნაწილი, დაახლოებით 70% არის ჟანგბადდამოკიდებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკებთან აქტიურად მუშაობს როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ისე საგარეო საქმეთა სამინისტრო, რათა ჟანგბადის მოწოდება სხვადასხვა ქვეყნიდან მოხდეს. მისი ინფორმაციით, ამ მხრივ საქართველოს აზერბაიჯანი და თურქეთი ეხმარებიან.

„ასევე, რამდენიმე კლინიკამ ავტონომიური ქარხანა დაიმატა და ამ მიმართულებით სრულიად დამოუკიდებლად მუშაობენ. კლინიკებს ყოველთვის ვაფრთხილებთ, ისე არ მოხდეს, რომ ჟანგბადის წყარო იყოს გახსნილი და ის ტყუილად იკარგებოდეს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც გვქონდა.

საგანგაშო ვითარება ნამდვილად არ არის. რამდენიმე წყაროდან ვიღებთ ჟანგბადს, რათა გადაზღვევა მოხდეს და ერთი წყაროს დაკარგვის შემთხვევაში, დეფიციტი არ შეიქმნას. ბუნებრივია, ამის მნიშვნელობა ყველას ესმის და ძალები მაქსიმალურად არის მობილიზებული, რათა კლინიკებს ეს პრობლება არ შეექმნათ. იმისთვის, რომ ჟანგბადის მიწოდება უზრუნველყოფილ იქნას, მუშაობის რეჟიმი საკმაოდ დატვირთულია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა ვაქცინაციის პროცესზე და აღნიშნა, რომ ორივე დოზით ვაქცინირებული მოზრდილი მოსახლეობის რაოდენობა 10.7% - ია.

„ამ შემთხვევაში საინტერესოა ის, რომ ჩატარებული აცრების საერთო რაოდენობა უკვე 1 000 000 აჭარბებს, 700 000 - მდე მოქალაქე აცრილია 1 დოზით და ერთ დოზასაც აქვს გარკვეული დამცველობითი ეფექტი. 300 000 - ზე მეტი მოქალაქე კი უკვე ორივე დოზით არის აცრილი. თუმცა სწორედ აცრების ყოველდღიური 40 000 ნიშნული არის მნიშვნელოვანი, რათა მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაციამდე სწრაფად მივიდეთ და უკვე გარკვეული, სერიოზული და რაც მთავარია სტაბილური გარდატეხა შევიტანოთ ეპიდემიაში. ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლომდე 40 000 ვაქცინაციის ნიშნულის მიღწევის შემთხვევაში, უკვე რეალურად მივიღებთ დაცვის იმგვარ ფონს, რომ უკვე ოქტომბერ-ნოემბერში ასეთ მიმდინარეობას აღარ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიამ საველე ჰოსპიტლების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია, 8000 საწოლი თავისი ადამიანური რესურსით არის ის შესაძლებლობა, რაც შეგვიძლია გამოვძებნოთ, ეს რესურსი მობილიზებულია და კიდევ დამატებით ცდილობენ ჰოსპიტლები რესურსების მობილიზებას".

მისივე ინფორმაციით, გეგმური ჩარევების შეჩერება იძლევა ადამიანური რესურსის კოვიდმიზნებისთვის გადმომისამართების შესაძლებლობას, შესაბამისად არსებობს მოსაზრება, რომ დამატებითი სივრცეები ჰოსპიტლებთან ახლოს მოეწყოს და ჰოსპიტლიდან მოხდეს პერსონალის გადანაწილება, ვინაიდან „დამატებითი ნაკადის შემოდინების შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ იქნება“.

"იმ ფონზე, რომ შეჩერებულია გეგმური ჩარევები, ესეც იძლევა ადამიანური რესურსის კოვიდმიზნებისთვის გადმომისამართების შესაძლებლობას. რაც შეეხება სივრცეების მობილიზებას, გეგმის მიხედვით არსებობს გარკვეული მოსაზრება, რომ ეს იყოს ჰოსპიტლებთან ახლოს. ჯერჯერობით ბათუმსა და ქუთაისში ხდება დამატებითი ჰოსპიტლების ჩართვა, იმის აუცილებლობა, რომ იქ სარეზერვო სივრცე შეიქმნას, არ არსებობს, თუმცა თუ ამის საჭიროება იქნება ჰოსპიტალთან ახლოს, იმავე პერსონალის გადმონაწილების ხარჯზე ეს შესაძლებელია. დამატებითი ნაკადის შემოდინების შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ იქნება", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, სამგორის საველე ჰოსპიტალში საწოლების გარკვეული რაოდენობა მობილიზებულია, თუმცა, მთავარი ადამიანური რესურსია. მისი თქმით, სამგორის საველე ჰოსპიტალი ამ ეტაპზე რჩება სათადარიგო სიაში და თუკი საჭიროება იქნება, მისი გამოყენებაც მოხდება.

„სამგორის საველე ჰოსპიტლისთვის ტერიტორია შეირჩა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და თავდაცვის სამინისტროდან კოლეგები ამაში გვეხმარებიან. იქაც არის გარკვეულწილად მობილიზებული სარეზერვო საწოლები, თუმცა, ადამიანური რესურსია მთავარი, საველე ჰოსპიტლის მობილიზება მხოლოდ ინფრასტრუქტურულ მზაობას არ ნიშნავს. ამდენად, ადამიანური რესურსი კონცენტრირებულია იმ პირობებში, სადაც დღეს არის უკეთესად მოვლის შესაძლებლობა, დამატებით ერთი სივრცე გაიხსნა ქავთარაძეზე, ესეც გარკვეულწილად არის ჰოპიტალი, რომელიც არ ფუნქციონირებდა, თუმცა, ინფრასტრუქტურულად სრულიად გამართულია, ამიტომ სამგორის რეზერვი ჩაანაცვლა ქავთარაძის ჰოპიტალმა. სამგორის რეზერვი რჩება სათადარიგო სიაში და თუკი საჭიროება იქნება მისი გამოყენებაც მოხდება,“ - განაცხადა გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სამგორის საველე ჰოსპიტლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყება, რაც პირველი ორი საველე ჰოსპიტალი სრულად დაიტვირთება.

როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საველე ჰოსპიტლებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსი და მისი რეკომენდაციაა, რომ ამ საქმეში სამედიცინო უნივერსიტეტების მეექვსე კურსის სტუდენტები (რეზიდენტები) ჩაერთონ.

„ჩემი გადმოსახედიდან ეს საჭირო გახდება მას შემდეგ, რაც პირველი ორი საველე ჰოსპიტალი დაიტვირთება, ისინი არ არიან სრულად დატვირთული, მხოლოდ 40-50%-ით დატვირთვით მუშაობენ. ადამიანური რესურსი ერთ-ერთი მთავარია, აქ ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ აქტიურად გამოვიყენოთ სამედიცინო უნივერსიტეტების ფაკულტეტების მეექვსე კურსის სტუდენტები (რეზიდენტები). მეექვსე კურსის სტუდენტი თითქმის ექიმია და მზად არის ექიმთან ერთად იმუშაოს როგორც უმცროსმა ექიმმა და მართოს ამ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი გამოწვევის დროს პაციენტები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 47 პაციენტი მკურნალობს. როგორც ჰოსპიტალის კოვიდდეპარტამენტის კურატორმა მერაბ ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ჰოსპიტალში მყოფი ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია.

“ამ დროისთვის სტაციონარში 47 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ყველა პაციენტი არის ჟანგბადდამოკიდებული, საშუალო სიმძიმის. გუშინ ერთი პაციენტის გაყვანა მოხდა სხვა სამედიცინო ცენტრში, მისი მდგომარეობა როგორც შეგვატყობინეს სტაბილურია. პაციენტის გადაყვანის მიზეზი ზოგადი მდგომარეობის დამძიმება გახდა. ვაგრძელებთ პაციენტების მიღებას ჩვეულებრივ რეჟიმში”, - განაცხადა ჩიქოვანმა.

გარდა ამისა, დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 91 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საველე ჰოსპიტლის კოორდინატორმა, რევაზ კუჭუხიძემ განუცხადა, ჰოსპიტალში მძიმე და საშუალო სიმძიმის პაციენტები იმყოფებიან.

დიღმის საველე ჰოსპიტალში პაციენტების მიღება 20 ივლისს დაიწყო. როგორც ცნობილია, საველე ჰოსპიტალში კოვიდ სასტუმროებში მომუშავე ექიმები და რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მუშაობს.