დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დღიურად 60 ადამიანის გარდაცვალება ძალიან მაღალი მაჩვენებელია. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამის მიზეზი არის ის, რომ ყოველდღიურად დაახლოებით 5 ათასი ადამიანია დაინფიცირებული.
„ზოგადად, სიკვდილიანობის განხილვა პროფესიულ საზოგადოებაში ხდება. ჩვენ დღეს სიკვდილიანობის მაჩვენებელი გვაქვს 1,35%. ეს არის ე.წ. კუმულაციური სიკვდილიანობის მაჩვენებელი მთელი ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, რომლითაც ითვლება, თუ რამდენი ადამიანი დაგვეღუპა და რა შეფარდებაა მისი დაინფიცირებულებთან, ანუ დღეს ნახევარ მილიონზე მეტია ქვეყანაში დაინფიცირებული, ეს არის 1,35%. საშუალო საერთაშორისო მაჩვენებელი არის 2,1%. თუ ამ პროცენტებით ვისაუბრებთ, ჩვენი მაჩვენებელი არ არის განსაკუთრებით ისეთი დიდი, მაგრამ თითოეული გარდაცვალება, რაც დღეს ხდება, როდესაც დღეში 60 გარდაცვალება გვაქვს ამ პატარა ქვეყანაში, როცა პიკზე 74 გვქონდა, ძალიან მაღალია ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის. პირველი განმაპირობებელი არის ის, რომ დღეში ინფიცირების 5 ათასი შემთხვევა გვაქვს.
რაც შეეხება პროტოკოლს, ის გარკვეული პერიოდულობით იხვეწება. ჩვენი დღევანდელი პროტოკოლი ერთ-ერთი კარგი პროტოკოლია. მეორე მხარეა ის, თუ როგორ სრულდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, დღეს ექიმების მხრიდან მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ თითოეული ინფიცირებული პაციენტი გადარჩეს.
„ეს დღეს მარტო საქართველოში არ ხდება. დღევანდელი გლობალური მონაცემებით, კოვიდით სიკვდილიანობა ბოლო კვირის განმავლობაში პირველ ადგილზე გავიდა. მან გაასწრო სიკვდილიანობის მთავარ მიზეზებს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, ინსულტი, სიმსივნეები თავიანთი ტვირთით, იგივე ხდება საქართველოშიც“, - განაცხადა გამყრელიძემ.