ავტორი:

"ახალგაზრდა გოგო დავკრძალეთ, ორსულად იყო, ბავშვი გადარჩა, თვითონ ვერ...“ - რას წერს რეჟისორი კორონავირუსით გარდაცვლილ ორსულზე

"ახალგაზრდა გოგო დავკრძალეთ, ორსულად იყო, ბავშვი გადარჩა, თვითონ ვერ...“ - რას წერს რეჟისორი კორონავირუსით გარდაცვლილ ორსულზე

სამწუხაროდ ქვეყანაში ეპიდმდგომარეობის გართულების პარალელურად კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ყოველდღიურად 60-70 ადამიანს მიაღწია. გაახალგაზრდავდა გარდაცვლილთა ასაკი, სამწუხაროდ, მათ შორის არიან ორსულებიც.

მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ მეგობრის ცოლის გასვენებას დაესწრო, გარდაცვლილი კი ორსული ქალბატონი იყო, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ბავშვი გადარჩა, დედა - გარდაიცვალა...

სანდრო ელოშვილი:

- დღეს ეკლესიაში ვიყავი. დიდი ხანია არ ვყოფილვარ, სიონში... გასვენებაში... ახალგაზრდა გოგო დავკრძალეთ, ორსულად იყო, ბავშვი გადარჩა, თვითონ ვერ... ცრემლები, ქვითინი, ყვავილები, მიწა. უფრო მეტად ახლობლების გასვენებებიც გამომიტოვებია, ვიდრე ჩემი მეგობრის მეგობრის მეუღლე, მაგრამ გულმა არ გამიძლო, დანაშაულის გრძნობის განცდა მქონდა.

ამიტომაც წავედი... თანამონაწილედ ვთვლი თავს მის მკვლელობაში, მისი ოჯახის, მისი ახლობლების, მისი შვილების გაუბედურებაში. სამოქალაქო პასუხისმგებლობა მაგარი რამეა. ზრუნვაა, სიყვარულია. ვუყურებდი იმ ადგილს, სადაც ბოლოს სულ ჩემს მეგობრებს ვუყურებდი. გოგოს და ბიჭს, გვერდშიც გოგონები და ბიჭები, ნიშნობის ბეჭდები, გვირგვინები. ახლა კი სასახლე, სასახლეც რაღაცნაირად აღმატებულად ჟღერს. კუბო... ოთხი ფიცარი... გია დანელიას "არ დაიდარდო" მახსენდებოდა, იქაა ასეთი ფრაზა а ребёнок будет жить...

სამწუხაროდ, აღარ ვარ ისე ღრმად მორწმუნე, რომ მჯეროდეს გარდაცვლილი გოგონა გვხედავდა, გრძნობდა როგორ ტკიოდა ხალხს უმისობა. ვერც მისი მეუღლის გაუთავებელ კოცნებს გრძნობდა, ვერც მამის დაუსრულებელ ფერებას, არც მამიდამისის განწირული, ჩამოუყალიბებელი, არეული სიტყვები ესმოდა. მჯერა მხოლოდ იმის, რომ ციფრები, რომლებსაც ისე შევეჩვიეთ, როგორც ბინგოში ამოსულ ციფრებს 40 52 73 23 39 თითოეულის უკან ბევრი უბედურად დარჩენილი ადამიანია. ბევრი ცრემლია, დაობლებული ბავშვებია, სამუდამოდ შავებში გამოწყობილი დედებია. მკვლელი კი უხილავი. ყველაზე და ყველაფერზე პატარა წვეთიც კი არა, რაღაც არ არსებული ვირუსია. ჩვენ კი თანამონაწილეები, ხელშემწყობები მაინც, იმიტომ რომ პირბადეში მცხელა, იმიტომ რომ აცრა არ ვიცი რას მიზამს მომავალში, იმიტომ რომ მეგობრები თუ არ შევიკრიბეთ, ისე რა აზრი აქვს ცხოვრებას?!

ჩვენც შევიკრიბეთ დღეს, მეგობრები, გასვენებაში, ისე რა აზრი აქვს ცხოვრებას?!" - წერს რეჟისორი.

"შარშან საქართველოში "კოვიდ-19“-ით ერთი ორსული გარდაიცვალა, წელს რვა ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვალების მე-9 ფაქტი კი შესწავლის ეტაპზეა,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 20 აგვისტოს მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.