ორი დღის წინ კორონავირუსით მწერალი ვაჟა შაქარაშვილი გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში 11 აგვისტოს თავად გაავრცელა. მწერალი წერდა, რომ კოვიდთან ომში ჩაება. მისი გარდაცვალება რეზონანსული აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, რადგან ის აღმოჩნდა კორონავირუსის პირველი მსხვერპლი საქართველოში, რომელიც კოვიდვაქცინის ორი დოზით იყო აცრილი. ბატონმა ვაჟამ ვაქცინაცია "სინოვაკის" ვაქცინით ჩაიტარა.
ორჯერადად აცრილის გარდაცვალების შესახებ გუშინ პირდაპირ ეთერში ისაუბრა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრის თქმით, ეს არ უნდა იყოს პანიკის საფუძველი, რადგან ორჯერადად აცრილებში სიკვდილიანობა 0.001%-ია.
ორი დღეა სოციალურ ქსელში მწერლის სურათს აქტიურად აზიარებენ და ანტივაქსერები წერენ, რომ ორჯერადად აცრამ ბატონი ვაჟა ვერ დაიცვა და მაინც გარდაიცვალა.
Ambebi.ge ვაჟა შაქარაშვილის ქალიშვილს მარიამ შაქარაშვილს დაუკავშირდა. მწერლის შვილი გვიყვება, რომ მამა მეორე ვაქცინის გაკეთებიდან ძალიან მალე დაინფიცირდა
მარიამ შაქარაშვილი:
- მამა ორჯერადად იყო აცრილი. მიუხედავად შიშისა, მან პირველ რიგში, საზოგადოებრივი ვალი მოიხადა და ორჯერ აიცრა სინოვაკის ვაქცინით.
მე არ ვარ საქართველოში და დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა, ვიცი, რომ მეორე დოზის გაკეთებიდან ძალიან მალე დაინფიცირდა და ამის გამო, ვდარდობდი, რადგან ვიცოდი, რომ ეს დრო არ იქნებოდა საკმარისი ანტისხეულების გამოსამუშავებლად...
მამაზე ბევრ დეზინფორმაციას ავრცელებენ, მას არ ჰქონდა არანაირი თანმდევი დაავადება, ყოველ შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა. დაახლოებით ორი კვირა იწვა კოვიდ კლინიკაში და ვიცოდი, რომ ხელოვნურ ჟანგბადს აწვდიდნენ.
მამა იყო სიცოცხლით სავსე და ემოციური ადამიანი, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ მისთვის იმ გარემოში ყოფნა და ამ ფიქრებთან გამკლავება რთული იყო, რამაც შესაძლოა, მდგომარეობა დაუმძიმა. ვფიქრობ, მეორე დოზიდან ორი კვირის შემდეგ რომ დაინფიცირებულიყო, შედეგი ლეტალური არ იქნებოდა...“ - ამბობს მარიამი.
ვაჟა შაქარაშვილი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი იყო. მუშაობდა ჟურნალ-გაზეთებში - „ნიანგი“, „შავი დოსიე“, „ვერსია“, „სრულიად არასაიდუმლოდ“, „კრიმინალური ქრონიკა“, „ევრაზია-ექსპრესი“. არის 46 საავტორო წიგნის ავტორი.