ავტორი:

არჩევნების გადადება, აცრის მოწმობა და ზოგადი ეპიდვითარება - რა თემებზე ისაუბრა დღეს თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან

არჩევნების გადადება, აცრის მოწმობა და ზოგადი ეპიდვითარება - რა თემებზე ისაუბრა დღეს თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან

ვსაუბრობთ ჩვეულ და რეგულირებად გარემოში არჩევნების ჩატარებაზე, რაც შესაძლებელია გაკონტროლდეს და ეს თავისთავად მაღალ რისკებს არ უკავშირდება, ამ რისკების გადაზღვევა შესაძლებელია - წინა არჩევნების შემდეგ იყო ძალიან მაღალი მობილობა, რაც უკავშირდებოდა ქუჩის აქციებს და ეს იყო ეპიდემიის გავრცელების მკვებავი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ცესკო-სთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა, რათა არჩევნებში მონაწილე პირებში ვაქცინაცია აქტიური იყოს და ასევე, არსებობდეს რეკომენდაციების დაცვის გარანტია. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხების გარდა არჩევნებთან დაკავშირებით განსაკუთრებული რეკომენდაციები ჯანდაცვის სექტორს ჯერჯერობით არ გაუცია.

„ჯანდაცვის სექტორში არჩევნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ორი ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება - ერთი ის, რომ არჩევნები ბუნებრივად უკავშირდება მეტ მობილობას და ამას, რა თქმა უნდა, რისკების ზრდაც მოჰყვება; მეორე ის, რომ ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად დავიცვათ რეკომენდაციები, რაც სპეციალურად არჩევნების უსაფრთხოებისთვის არის შემუშავებული. დღეს ვმუშაობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს აქტიური არჩევნებში მონაწილე პირებისთვის და ასევე, რეკომენდაციების დაცვის გარანტია გვქონდეს. ამის იქით არჩევნებთან მიმართებით რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაცია ჯანდაცვის სექტორს არ გაუკეთებია. რა თქმა უნდა, ეს მიმდინარე პროცესია და გამომდინარე იქიდან, რა საჭიროება დადგება, შესაძლებელია ამაზე დამატებით ვიმსჯელოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, გასულ წელს არჩევნებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს მხოლოდ ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები დაემატა.

„უსაფრთხო არჩევნების რეკომენდაციები გასულ წელსაც გვქონდა. წელს რამდენადმე შეიცვალა რეკომენდაციები იმგვარად, რომ დაემატა ვაქცინაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და ჯანდაცვის სექტორის მხრიდან ვალდებულება, რომ საარჩევნო პროცესში მონაწილე პირებს ხელი შევუწყოთ ორგანიზებულ აცრაში. ასევე დაემატა სავალდებულო ტესტირება ვაქცინაციაში მონაწილე პირებისთვის კვირაში ერთხელ. სხვა დანარჩენი რეკომენდაციები რაც აქამდე იყო, ბუნებრივია, უნდა აღსრულდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის განცხადებით, მობილობა, რომლის კონტროლიც შესაძლებელია, ნაკლებად საშიშია.

„წინა არჩევნების შემდეგ იყო ძალიან მაღალი მობილობა, რაც უკავშირდებოდა ქუჩის აქციებს, ეს იყო მთავარი „ბუსტერი“ იმ შემთხვევაში ეპიდემიის გავრცელების. ეპიდემიის შემთხვევაში ის მობილობა, რისი კონტროლიც შესაძლებელია და რა გარემოშიც წესის დაცვა ხერხდება, ნაკლებად საშიშია, თუმცა უკონტროლო აქციების პირობებში ინფექციის გავრცელების რისკი მაღალია. ეს იყო ძირითადი „ბუსტერი“ და მკვებავი ეპიდემიის გავრცელების ნოემბერ-დეკემბერში. პოლიტიკური პროცესები რთულია და რისკი ყოველთვისაა. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვეულ და რეგულირებად გარემოში არჩევნების ჩატარებაზე, რაც შესაძლებელია გაკონტროლდეს და ეს თავისთავად მაღალ რისკებს არ უკავშირდება და ამ რისკების გადაზღვევა შესაძლებელია“, - განაცხადა გაბუნიამ.

  • ზოგადი ეპიდვითარება

თამარ გაბუნიას შეფასებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია კვლავ უაღრესად საყურადღებოა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, დღეს პირბადის გამოყენების მაჩვენებელი მხოლოდ 50%-ია, ასევე მაღალია მობილობაც.

„ეპიდსიტუაცია კვლავ უაღრესად საყურადღებო რჩება. დღევანდელი მაჩვენებელიც აღემატება 5 ათასს შემთხვევას. 58 გარდაცვლილია, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მდგომარეობა მძიმეა და მძიმე პაციენტების გადარჩენა ძალიან რთულია. სტაბილიზაციის შემთხვევაში ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ ნახტომისებული მატება ისეთი, როგორიც გვქონდა გასული 2 კვირის განმავლობაში, ბოლო პერიოდში არ აღინიშნება, თუმცა, ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჯერჯერობით სიტუაციის გაუმჯობესების თაობაზე ვიფიქროთ, რადგან ამის ნიშნები ჯერ ნამდვილად არ არის. ოდნავ მეტი სტაბილიზაცია არის თბილისსა და აჭარაში, სხვა რეგიონებში პირიქით, შემთხვევების მატებაა. ასეთ სიტუაციაში, ძალიან მნიშვნელოვანია პირბადის გამოყენების ხელშეწყობა, სამწუხაროდ, დღეს პირბადის გამოყენების მაჩვენებელი მხოლოდ 50%-ია, მაშინ, როდესაც აპრილ-მაისში 73-75%-ზე ვიყავით. ასევე, საკმაოდ მაღალია მობილობის მაჩვენებელიც. ეს ორი მიმართულება კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სიტუაცია ვაქცინაციასთან ერთად დასტაბილურდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისი შეფასებით, ვაქცინაციის ტემპი გაიზარდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გააქტიურებაა საჭირო.

„ჩვენი მიზანია, რომ ავიდეთ დღეში 40 ათას აცრამდე“, - განაცხადა გაბუნიამ.

  • 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრა და ვითარება პედიატრიულ განყოფილებებში

პედიატრიულ განყოფილებაში დატვირთვა კვლავ მაღალია, თუმცა არა ისეთი, როგორიც ეს იყო თავიდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მცირე რაოდენობაა მძიმე შემთხვევებისა, რომელიც კლინიკაში რჩება, თუმცა პროპორციული მატება ბავშვთა ასაკში აღარ შეინიშნება.

მან ასევე ისაუბრა 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრის შესაძლებლობაზე. გაბუნიას თქმით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც „კიდევ ერთხელ მიგვაახლოებს ეპიდემიის დასრულებასთან“.

„ბავშვების ნაწილი რჩება ბინაზე, მშობლები მეტად თამამად ართმევენ თავს ბავშვების ბინაზე მართვას. იყო მცირე რაოდენობა მძიმე შემთხვევების, რომელიც კლინიკაში რჩება და იმართება. მატება პროპორციულად ბავშვთა ასაკში აღარ აღინიშნება, პირველი ნაკადის შემდეგ ეს გაჩერდა. 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც კიდევ ერთხელ მიგვაახლოებს ეპიდემიის დასრულებასთან. ამაზე ვაქცინაციის კომიტეტი იმსჯელებს და გადაწყვეტილება იქნება მიღებული მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში. ავტორიტეტული ორგანიზაციები ამას უკვე აკეთებენ და ჩვენს შეგვიძლია ვიმსჯელოთ მათი გადაწყვეტილების შესაბამისად“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

  • საწოლფონდი და ჟანგბადით მომარაგება

გაბუნიას თქმით, "ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებულია 8056 საწოლი, რამაც გადააჭარბა იმ ზღვარს, რომელიც ჯანდაცვის სისტემას შეეძლო მიეღო. ეს, გარკვეულწილად, საველე ჰოსპიტლების ხარჯზე მოხდა, სადაც 400-მდე საწოლია".

მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებებში ინფიცირებულთა მიმოცვლის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რადგან პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მათი გადამისამართება კლინიკურ სასტუმროებში ხდება.

მან ასევე ჰოსპიტალურ სექტორთან დაკავშირებული უახლესი სტატისტიკური მონაცემები გააცნო საზოგადოებას.

„7600-ზე მეტი პაციენტი დღეს ჰოსპიტალურ სექტორში მკურნალობს, 370-მდე პაციენტი რეანიმაციაშია, 1500-ზე ოდნავ მეტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

მაქსიმალური დატვირთვა გვაქვს, 47 000-ზე მეტი პირი მკურნალობას ბინაზე იტარებს. ჩვენ დღეს იმისთვის ვმუშაობთ, რომ ოჯახის ექიმების ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდეს და ბინაზე მართვის პრაქტიკა გაუმჯობესდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ჟანგბადის მიწოდების ჯაჭვი კომპლექსურია და ადგილობრივის გარდა მათი შემოტანა საზღვარგარეთიდანაც ხდება.

„ჟანგბადით მომარაგების პრობლემა დგას ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბრის თვიდან და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეკონომიკის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო არიან ჩართულები იმაში, რომ კლინიკებმა დროულად მიიღონ ჟანგბადის საჭირო რაოდენობა. მოწოდების ჯაჭვი არის ძალიან კომპლექსური, საზღვარგარეთიდან შემოდის ნაწილი, ნაწილი ადგილზე არსებული ქარხნებიდან გამომუშავდება. რიგ შემთხვევაში, შეიძლება მოგვიხდეს კლინიკებს შორის გადანაწილება, ანუ კლინიკამ, რომელსაც აქვს მარაგი დაეხმაროს მეორე კლინიკას. ეს არის ძალიან რთული ლოჯისტიკა, რომელიც იმართება ჯერჯერობით. იმის პრობლემა, რომ რომელიმე კლინიკა კრიტიკული საჭიროების წინაშე დადგეს, დღეს ნამდვილად არ არის, თუმცა ლოჯისტიკური მართვის მექანიზმი არის ძალიან რთული,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

  • პედაგოგების ვაქცინაცია

თამარ გაბუნიას თქმით, ტექნიკური თვალსაზრისით რეალურია, რომ პედაგოგების 80 პროცენტი აიცრას, რათა ბავშვებმა უსაფრთხო გარემოში, საკლასო სივრცეში სწავლება შეძლონ.

„პედაგოგების ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიდის. გასული კვირის მონაცემებით, 40%-მდე პედაგოგია ვაქცინირებული ერთი დოზით, ბუნებრივია, 2 დოზით ვაქცინირებულების რაოდენობაც იმატებს. 80%-ის მიღწევა რეალურია ტექნიკური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია პედაგოგების აქტიურობა და ჩართულობა“, - აღნიშნავს გაბუნია.

  • აცრის საბუთი

თამარ გაბუნიას განცხადებით, ბიზნეს და სოციალურ აქტივობებში ჩართვისთვის ვაქცინაციის სტატუსის გათვალისწინებასთან დაკავშირებით მათი პოზიცია სახალხო დამცველის მოსაზრებას სრულად ემთხვევა. როგორც თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ეპიდუსაფრთხოების ნორმების დაცვა დისკრიმინაციად ვერ ჩაითვლება. მისი თქმით, მოქალაქეს რჩება არჩევანი, წარადგინოს აცრის დამადასტურებელი მოწმობა, ტესტირების პასუხი ან ცნობა გადატანილი დაავადების შესახებ.

„რაც შეეხება ვაქცინაციის სტატუსის გათვალისწინებას სხვადასხვა ტიპის ბიზნეს და სოციალურ აქტივობებში ჩართვისთვის, ჩვენი პოზიციაა და ეს გაზიარებულია უწყებათაშორისი ვაქცინაციის საბჭოსთან, სრულიად ემთხვევა სახალხო დამცველის პოზიციას იმ მიმართულებით, რომ ვერაფრით ჩაითვლება დისკრიმინაციად, როცა ადამიანი იცავს ეპიდუსაფრთხოებასთან დაწესებულ ნორმებს თავად და ასევე, მოლოდინი აქვს, რომ მის გარშემო სხვა პირებმაც იგივე გააკეთონ. ასე რომ, ბიზნესუსაფრთხოებისთვის, აკადემიური უსაფრთხოებისთვის, ასევე სოციალური უსაფრთხოებისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონი აქამდეც აყალიბებს იმ ვალდებულებას, რომ იქ, სადაც მე ვხდები რისკის მატარებელი სხვა პირებისთვის, რა თქმა უნდა, გარკვეული წესები უნდა დავიცვა. ეს არც ერთ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ვაქცინაციის სავალდებულებას, არჩევანი რჩება - ვაქცინირებული ან ტესტირებული პირი, ან ჰქონდეს გადატანილი დაავადება, ეს არის სამი სტატუსი იმის აღმწერი, რომ მე არ ვარ ამ შემთხვევაში რისკის მატარებელი და შემიძლია მონაწილეობა მივიღო მთელ რიგ აქტივობებში,“ - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, აცრა ხდება პირის გადაწყვეტილებით, თუმცა, დამსაქმებლის ვალდებულებაა უზრუნველყოს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემო.

„კომპანია თანამშრომლისგან ითხოვს სტატუსის დამადასტურებელ საბუთს, საბუთი უნდა აღწერდეს, რომ თანამშრომელი არის ეპიდემიურად უსაფრთხო ანუ მე თუ ვარ რომელიმე კომპანიის თანამშრომელი, მაქვს არჩევანი, რომ წარვადგინო აცრის დამადასტურებელი საბუთი, ტესტირების შედეგად ჩემი კოვიდ სტატუსის დამდასტურებელი საბუთი, ან წარვადგინო გადატანილი დაავადების ცნობა. ეს არაფრით ნიშნავს იმას, რომ რომელიმე კომპანია თავის დაქირავებულს მოუწოდებს ან ზემოქმედებას ახდენს, რომ მან ჩაიტაროს აცრა. აცრა ხდება პირის გადაწყვეტილებით, მაგრამ ის, რომ მე უნდა ვიყო ეპიდემიურად უსაფრთხო, გარკვეულწილად ეს არის დამსაქმებლის ვალდებულებაც, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო თავის ბიზნესდაწესებულებაში თუ რაც არის, იმ გარემოში,“ - განაცხადა გაბუნიამ.