როგორც ყველა ქვეყანაში, პარლამენტს საქართველოშიც ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა არავინ ამბობს, რომ ჩვენს პარლამენტში ძალიან ბევრი ნიჭიერი, პერსპექტიული ახალგაზრდა საქმიანობს. მათ შორისაა ხატია წილოსანი, რომელსაც წარმოგიდგენთ.
- ქალბატონო ხატია, როდის გადაწყვიტეთ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა და ბავშვობაში თუ გიფიქრიათ ამგვარ კარიერაზე?
- ყოველთვის აქტიური ბავშვი ვიყავი. წერა-კითხვის სწავლა 4 წლიდან დავიწყე და სკოლაში შესვლამდე უკვე დამოუკიდებლად ვკითხულობდი. ხომ არიან ბავშვები, რომლებსაც შეხედულებები ეცვლებათ და სხვადასხვა ასაკში განსხვავებული მიზნები, ოცნებები აქვთ?.. მე თავიდანვე ვიცოდი, რა მაინტერესებდა. ბევრს ვკითხულობდი და ლიტერატურას, რომელიც უნდა წამეკითხა, მამა მირჩევდა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი. მეორე-მესამე კლასიდან უკვე მაინტერესებდა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება. გურიაში, ლანჩხუთში ვცხოვრობდი და სკოლაც იქ დავამთავრე. 1990-იან წლებში, შუქი რომ მოვიდოდა, ტელევიზიით ძირითადად პარლამენტის სხდომებს, საინფორმაციო გამოშვებებს და სხვა პოლიტიკურ გადაცემებს აჩვენებდნენ. ბუნებრივია, ყველაფერს ვუყურებდი და მაინტერესებდა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უჩვეულო და სამახსოვრო მოვლენა მაინც 1989 წლის 9 აპრილი იყო.
- როგორ გახსენდებათ ეს დღე?
- მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი, ჯერ სკოლაშიც არ დავდიოდი და პირველად ვნახე ატირებული ოჯახის წევრები, ბებია, ბაბუა, ჩემი ახლობლები და მეზობლები. არ მავიწყდება იმ ახალგაზრდების ფოტოები, რომლებიც 9 აპრილს დაიღუპნენ; შავ-თეთრი კადრები, რომელზეც იმდროინდელი მოვლენები იყო ასახული... მოკლედ, ეს დღე ჩემს გონებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა და ჩემი არჩევანიც ალბათ, იმ ურთულესმა დღეებმა განსაზღვრა. პირველად მაშინ ვიგრძენი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ყველამ რაღაც უნდა გავაკეთოთ. მე ვიტყოდი, რომ 1990-იანი წლების თაობისთვის ეს ერთ-ერთი გარდამტეხი მოვლენა იყო. სკოლის პერიოდიდან კარგად მახსენდება 5 წუთი, რომელსაც მასწავლებელი გაკვეთილების ბოლოს გვაძლევდა: ამ 5 წუთში ყველა თავის ინტერესებზე საუბრობდა. როგორც წესი, მე პოლიტიკური მიმოხილვით გამოვდიოდი და კვირის მთავარ მოვლენებზე ვმსჯელობდი. ცხადია, ეს ბავშვის თვალით დანახული სინამდვილე იყო, მაგრამ ხომ ვცდილობდი? გაზეთებშიც ამ მიმართულების სტატიებს ვკითხულობდი და ყოველთვის მაინტერესებდა ახალგაზრდების ჩართულობა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.
- რა როლი შეასრულა ოჯახმა თქვენი ინტერესების ჩამოყალიბებაში?
- ოჯახი ყოველთვის მხარში მედგა. დედა - ნონა კილაბერია დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო, სხვა სკოლაში მუშაობდა და მე მუდმივად პროტესტი მქონდა იმის გამო, რომ 1-ლ სექტემბერს დედა სხვა ბავშვებთან ერთად ხვდებოდა. ამ დანაკლისს მამა - გელა წილოსანი გვივსებდა. როცა წამოვიზარდეთ, ისინი უცხოეთში წავიდნენ და ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდით. არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი გამზრდელი ნათელა ბებოს ამაგი. ის უკვე 81 წლისაა და ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს! 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მამა საქართველოში დაბრუნდა. ახლა ჩემი მშობლები გურიაში ცხოვრობენ და ჩემი დისშვილის აღზრდით არიან დაკავებული.
- რეგიონებში მცხოვრები ბავშვები ხშირად გამოირჩევიან კარგი სწავლით და ეროვნულ გამოცდებზეც ყველაზე მაღალ შეფასებებს იღებენ. როგორ ფიქრობთ, ეს რით აიხსნება?
- როდესაც რეგიონში ცხოვრობ, მეტი მოტივაცია გაქვს, რომ კარგად ჩააბარო, სტუდენტობაშიც კარგად ისწავლო და დასახულ მიზნებს მიაღწიო... მე თსუ-ში 2002 წელს ჩავაბარე. მაშინ ეროვნული გამოცდები არ იყო. საკმაოდ კონკურენტუნარიანი უნდა ყოფილიყავი, რომ შენი ადგილი დაგემკვიდრებინა, მით უმეტეს, რომ მე საერთაშორისო ურთიერთობებზე ვაბარებდი - ეს მაშინ ერთ-ერთი პრესტიჟული და მოთხოვნადი მიმართულება იყო. საბედნიეროდ, ჩავირიცხე და ვცდილობდი, კარგად მესწავლა. ახლა მეღიმება, როცა მახსენდება, რომ ჩემი მიზანი ყოველთვის იყო მარგარეტ თეტჩერის მსგავსი ვყოფილიყავი. სულ პატარას რომ მკითხავდნენ, ვინ უნდა გამოხვიდეო, მაშინვე ვპასუხობდი, - მარგარეტ თეტჩერი-მეთქი. ამ მიზნის დასახვაში ჩემი საყვარელი მასწავლებელი - მაყვალა გვარჯალაძეც დამეხმარა, რომელიც სულ გვასწავლიდა: ადამიანს თავისი სამიზნე უნდა ჰქონდეს, მას უნდა ჰბაძავდეს და ცდილობდეს, მისი მსგავსი იყოსო. ჩემი ბავშვობის მთავარი მიზანი და ოცნება გახლდათ, მსოფლიოში ორ ყველაზე ცნობილ ქალბატონს შევხვედროდი - მარგარეტ თეტჩერს და მადლენ ოლბრაიტს. უნდა ვთქვა, რომ გამიმართლა და ორივეს შევხვდი.
- გამოდის, ეს ოცნება აგისრულდათ.
- დიახ, მარგარეტ თეტჩერს 2006 წლის ნოემბერში შევხვდი. საქართველოდან სულ 5 ადამიანი ვიყავით. მან ჩვენს ქვეყანაზე მკითხა. ვუპასუხე, რომ გურიიდან ვარ და მაშინვე იკითხა, - შევარდნაძეც ხომ გურიიდან იყოო?.. მოგვიანებით, როცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვმუშაობდი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ვიყავი, მადლენ ოლბრაიტსაც შევხვდი. მოკლედ, ბავშვობის ოცნება ავისრულე.
- თქვენს საქმიანობაზეც ვისაუბროთ: სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობა რატომ გადაწყვიტეთ?
- ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოვხვდებოდი, მაგრამ როცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები დაიწყო, ამ სამინისტროში ევროინტეგრაციის სამმართველო შეიქმნა. კონკურსი გამოცხადდა და ამ კონკურსში მონაწილეობა მივიღე. 9 წელი ვიმუშავე ამ სამინისტროში ძალიან კარგ, ძლიერ და წარმატებულ გუნდთან ერთად. ბოლო პერიოდში, ანუ 2020 წლის 1-ლ ოქტომბრამდე მინისტრის მოადგილე ვიყავი, მერე კი გადავწყვიტე, საპარლამენტო არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა. მგონი, ყველას, ვისაც სურს, ქვეყნის განვითარებაში წვლილი შეიტანოს, თავისთავად უჩნდება სურვილი, არჩევით ორგანოში იმუშაოს. ამიტომ, როცა შემოთავაზება მივიღე, უარი არ ვთქვი. ამისთვის დიდი მადლობა უნდა გადავუხადო მინისტრს - ლევან დავითაშვილს, რომელმაც რეკომენდაცია გამიწია, ხოლო პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაწყვეტილება მიიღო. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კვოტირების საკითხსაც, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო სიაში ყოველი მეოთხე ქალი უნდა ყოფილიყო.
- თუმცა კვოტირებამ დიდი კამათი გამოიწვია. ფიქრობთ, რომ ეს საჭირო იყო?
- გამბედაობისა და მოტივაციის ამაღლებისთვის ქალთა წახალისება აუცილებელია: ჯერ ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდა დემოკრატიაა, თანაც, ტრადიციულ საზოგადოებას ქალებზე გარკვეული სტერეოტიპები აქვს შექმნილი. ახლა რომ ვფიქრობ, კვოტირების სისტემის შემოტანა დროული და წინგადადგმული ნაბიჯი იყო. დიდი იმედი მაქვს, საზოგადოებრივი აზრის შეცვლის და ქალების მიერ გადადგმული გაბედული ნაბიჯების გამო, კვოტირება მომავალში საჭირო აღარ იქნება. ბედნიერი ვარ, რადგან ოჯახი ყველანაირად მიწყობდა ხელს. მე და ჩემს დას ხუმრობითაც კი არ გაგვიგონია, რომ გოგოები ვართ და აუცილებელი არ არის, ვისწავლოთ. პირიქით, სულ გვეუბნებოდნენ, რომ ნებისმიერ ადამიანს მოეთხოვება იყოს ჭკვიანი და განათლებული. ჩემი და, ნათელა წილოსანი იურისტია. იუსტიციის სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად მუშაობს, საკმაოდ წარმატებული კარიერა და პირადი ცხოვრება აქვს. მე კი საქართველოს პარლამენტის წევრი ვარ - ეს ჩემთვის საამაყო და სასიამოვნო მოვალეობაა...წაიკითხეთ სრულად