ავტორი:

"ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი დაიხურა - პროცესს ბრალდებულებიც ესწრებიან

"ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი დაიხურა - პროცესს ბრალდებულებიც ესწრებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროცესს ბრალდებულებიც ესწრებიან.

სასამართლოს სხდომის დახურვის შუამდგომლობით მიმართა ბრალდების მხარემ, რასაც არ იზიარებდა დაცვის მხარე და მიიჩნევდა, რომ პროცესი ღია რეჟიმში უნდა წარმართულიყო. პროცესის გახსნის მომხრე იყვნენ თვითონ ბრალდებულებიც. საბოლოო ჯამში, მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გაიზიარა პროკურატურის შუამდგიმლობა და სხდომა დაიხურა.

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე დაკავებულ ხუთივე პირს: უ.ც.-ს, მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს და რ.მ.-ს ბრალდება გუშინ წარედგინა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ც.-მ, რომელიც იყო გაერთიანებული უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციაში „ისლამური სახელმწიფო“, ამავე ორგანიზაციაში გააწევრიანა მ.მ., რ.ქ., ჰ.ბ. რ.მ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად მონაწილეობის მიღებას გეგმავდენენ.

„სამართალდამცველებმა ხუთივე პირი 24 აგვისტოს დააკავეს. მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს და რ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.