ავტორი:

პროკურორი არ გამორიცხავს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით დაკავებულები ტერორისტული აქტის განხორციელებას საქართველოში გეგმავდნენ

პროკურორი არ გამორიცხავს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით დაკავებულები ტერორისტული აქტის განხორციელებას საქართველოში გეგმავდნენ

გეგმავდნენ თუ არა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებულები საქართველოს ტერიტორიაზე აფეთქებას, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე, ვერაფერს გამოვრიცხავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებულების საქმის პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს, ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე მიმართეს.

„ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები, რაც ადასტურებს ამ ბრალდებებს. ეს არის ვიდეო, აუდიო და ფოტომტკიცებულება. მტკიცებულებების ნაწილი გამოქვეყნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, თუმცა, არის სხვა მტკიცებულებებიც. ამასთანავე, მიმდინარეობს გამოძიება და ინტენსიურ რეჟიმში მტკიცებულებების მოპოვება. ეს მოპოვებული მტკიცებულებები ბრალდების წაყენების სტანდარტით საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს ის დანაშაული, რაც ჩვენ მათ ბრალად წავუყენეთ.

კონკრეტულად თუ სად გეგმავდნენ აფეთქებას, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დაკონკრეტებისგან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ. რაც შეეხება სოციალური ქსელიდან ამოღებულ მტკიცებულებას, ეს არის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული მტკიცებულება. ამ მტკიცებულებაში ჩაწერილია ფიცის მიღების ტექსტი ელექტრონულად და ეს საჯარო არ იყო“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება. სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე დაკავებულ ხუთივე პირს: უ.ც.-ს, მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს და რ.მ.-ს ბრალდება გუშინ წარედგინა.