ოკუპირებულ აფხაზეთში, სავარაუდოდ, 1,5 ათასი წლის ტყვიის სარკოფაგი აღმოაჩინეს. აფხაზური მედიის ცნობით, ოჩამჩირესთან ახლოს, რუსულ-აფხაზურმა საექსპედიციო ჯგუფმა, რომელიც 20 წელზე მეტია, ტყვარჩელსა და აჩანდარაში მუშაობს, ანტიკური ქალაქის, გიენოსის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი არტეფაქტი აღმოაჩინა. აღნიშნულ ქალაქს, ამავე სახელწოდების მდინარესთან ერთად, იხსენიებს ბერძენი ავტორი ფსევდო-სკილაქს კარიანდელი (ძვ. წ. IV ს.).
ოჩამჩირის მიდამოების არქეოლოგიური შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ აქ ჯერ კიდევ ქალაქის წარმოქმნამდე არსებობდა ადგილობრივი დიდი დასახლება და განვითარებული იყო ხელოსნური წარმოება. გიენოსის დაწინაურება და საქალაქო ცენტრად გადაქცევა ემთხვევა ახლანდელი ოჩამჩირის მახლობლად, მდინარე ჯიკუმურის შესართავთან ბერძენთა, კონკრეტულად, ათენელთა სავაჭრო სამოსახლოს დაარსებას (ძვ. წ. V ს. II ნახ.). გიენოსში ბერძენთა გვერდით ცხოვრობდა მკვიდრი კოლხური მოსახლეობა.
ადრინდელ ანტიკურ ხანაში (ძვ. წ. V-IV სს.) გიენოსს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა საბერძნეთის უმსხვილეს ცენტრებთან, განსაკუთრებით ათენთან, რომელსაც გემთმშენებლობისთვის საჭირო მასალას - ძვირფას ხეს აწვდიდა...
ადგილობრივი გამოცემა Апсадгьыл-инфо-ს ცნობით, ე.წ. სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, არკადი ჯოპუა, რომელიც ექსპედიციის აფხაზური ჯგუფის ხელმძღვანელია, აცხადებს, რომ "აღმოჩენა უნიკალურია, რადგან ტყვიის სარკოფაგი აფხაზეთში მანამდე არასდროს უნახავთ. მონაცემების წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ არტეფაქტი, დაახლოებით, 1.5 ათასი წლისაა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საფლავში სასულიერო პირი ან თავადაზნაურობის წარმომადგენელი იყო დაკრძალული...."
მისივე თქმით, ისინი თითქმის ოცი წელია საექსპედიციო სამუშაოებს აწარმოებენ აჩანდარაში, აბგარკუხაში, გუთაუთასა და ტყვარჩელში. აღმოაჩინეს ჯანტუხის სასაფლაო. ახლა კი, მიადგნენ ანტიკურ ქალაქ გიენოსს, რომელიც ისტორიაში, ბერძნულ ქალაქად არის მოხსენიებული...
"ეს სარკოფაგი იმავე ტერიტორიაზეა ნაპოვნი, სადაც 1980-იან წლებში, ისტორიკოსი სერგეი შამბა აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს... ამჯერად ჩვენ სიღრმეში ჩავედით და სარკოფაგი ვიპოვეთ... ის უკვე ამოტანილია, საიმედო ადგილას იმყოფება და უკვე დაწყებულია მისი შესწავლა. მუქი ნაცრისფერია და ძალიან მძიმე. არ ვიცი, დაახლოებით რამდენს იწონის, მაგრამ რვა მამაკაცმა ძლივს ასწია. დაახლოებით ორი მეტრი სიგრძის იქნება. სახურავი კაპიტალურად არის გაკეთებული და ისეა დამაგრებული, ადვილად არ იხსნება. პირველადი დათვალიერებით რაც გაირკვა, შიგნით მამაკაცის ნეშტია, თუმცა, საკმაოდ კარგად არის შენახული და დამატებით ინფორმაციის მიღებაც არ უნდა გაგვიჭირდეს. სარკოფაგს არავითარი წარწერა ან ნიშანი არ აქვს. სავარაუდოდ, ის დიდგვაროვნებს ეკუთვნოდა... ჭურჭელი აფხაზეთში დამზადდა თუ სხვა ქვეყნიდან შემოიტანეს, ამის დადგენა ძნელია. დეტალების გასარკვევად, სპეციალისტების მოწვევას ვაპირებთ. კარგად შესწავლის შემდეგ, სარკოფაგს აფხაზეთის მუზეუმში გადავიტანთ", განაცხადა არკადი ჯოპუამ.
"საინტერესოა, რომ 2020 წელს, დასავლური მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ საფრანგეთში, ადგილობრივმა არქეოლოგებმა, თანამედროვე ქალაქ ოტენთან ახლოს აღმოაჩინეს ტყვიის სარკოფაგი... გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ აფხაზეთში ნაპოვნი სარკოფაგი არაფრით განსხვავდება ფრანგულისგან, რომელიც სპეციალისტების შეფასებით, 1500 წლისაა... მსოფლიოში, მეცნიერებმა სულ 40 ტყვიის სარკოფაგი აღმოაჩინეს, მათგან რვა ოტენთან ახლოს არის ნანახი, ახლა კი, ერთი აფხაზეთში იპოვეს..." - წერს გამოცემა ekhokavkaza.com.
აფხაზები ეჭვობენ, რომ ეს პირველი მნიშვნელოვანი არტეფაქტი არ არის, რომელიც რუსულ-აფხაზურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში "შავი არქეოლოგია" ძალიან გააქტიურებულია, ბევრი რამის შესახებ ინფორმაცია მიზანმიმართულად არ ვრცელდება.
"სადაც ჩვენს თვალწინ ცვლიან და არუსულებენ ეკლესია-მონასტრებს და ჩვენი ხელისუფლება ამბობს,- მათ ჩამონგრევას, ისევ ავთენტურობის დაკარგვით რეაბილიტაცია ჯობიაო, რა გასაკვირია, არქეოლოგიური გათხრები კანონის გვერდის ავლით ჩატარებულიყო... რაღაც ნივთების წაღება რა პრობლემას წარმოადგენს? ვინმე აკონტროლებს, რევიზია ხდება თუ რა?" - წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი მირანდა გუმბა.
"ამდენი სიმდიდრე აქვს აფხაზეთს, ისტორიული კულტურისა და ბუნებრივი რესურსების კუთხით, მაგრამ რეალობა ასეთია, აქ მხოლოდ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოყვარულები ჩამოდიან..." - წერს სოხუმელი ლაშა დბარი.