ავტორი:

"მიმდინარეობს გამოძიება, სად აპირებდნენ კორპუსის აფეთქებას" - "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა

"მიმდინარეობს გამოძიება, სად აპირებდნენ კორპუსის აფეთქებას" - "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ხუთივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. პროცესს თვითონ ბრალდებულებიც ესწრებოდნენ.

სასამართლოს სხდომის დახურვის შუამდგომლობით მიმართა ბრალდების მხარემ, რასაც არ იზიარებდა დაცვის მხარე. პროცესის ღია რეჟიმში წარმართვის მომხრე იყვნენ თვითონ ბრალდებულებიც. საბოლოო ჯამში, მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და სხდომა დაიხურა. მოტივად კი საქმის მასალები და ქვეყნის ინტერესები დასახელდა.

პროკურორ გიორგი ხაჩიძის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება, სად აპირებდნენ კორპუსის აფეთქებას ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებული პირები, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ისინი კორპუსის აფეთქებას საქართველოში აპირებდნენ. ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულების პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ განმარტა, მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ხუთივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

ამასთან, როგორც პროკურორმა განმარტა, გამოძიება ტარდება ბრალდებულების ბათუმში ყოფნასთან დაკავშირებით.

“არსებობდა მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, აქედან გამომდინარე, ყველა ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. რაც შეეხება სხდომის დახურვის მოტივს, საქმე სპეციფიურობიდან გამომდინარე საკმაოდ მოცულობითია, ბევრი მოწმეა დაკითხული მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე და მათი გასაჯაროვება, მათი ვინაობის გასაჯაროვება ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ იქნებოდა. ამ ეტაპზე, ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, ბუნებრივია, შესაძლოა გამოიკვეთონ სხვა, პასუხისგებაში მისაცემი პირები. რაც შეეხება ბრალდებულების პოზიციას, მათ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ისინი გირაოს ითხოვდნენ, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული”,- განაცხადა ხაჩიძემ.

რაც შეეხება ბრალდებულების მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობას, პროკურორი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე, ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.

გარდა ამისა, პროკურორმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რატომ დევს აღნიშნულ საქმეში “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას ბრიფინგი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

“ეს მტკიცებულებად არ დევს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ინფორმაცია სუს-ს არ გადაუცია ადვოკატისთვის. დაცვის მხარეს მტკიცებულება გამოძიებამ გადასცა”, - განაცხადა გიორგი ხაჩიძემ.

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე დაკავებულ ხუთივე პირს: უ.ც.-ს, მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს და რ.მ.-ს ბრალდება გუშინ წარედგინა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ც.-მ, რომელიც იყო გაერთიანებული უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციაში „ისლამური სახელმწიფო“, ამავე ორგანიზაციაში გააწევრიანა მ.მ., რ.ქ., ჰ.ბ., რ.მ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად მონაწილეობის მიღებას გეგმავდნენ.

„სამართალდამცველებმა ხუთივე პირი 24 აგვისტოს დააკავეს. მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს და რ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.