ავტორი:

"ჩამოსულებს შორის არიან ბავშვებიც, რომლებიც მშობლებმა ჯარისკაცებს გადასცეს და თვითმფრინავს გამოაყოლეს გადასარჩენად" - რას წერს მსოფლიო პრესა ავღანეთიდან დევნილებზე

"ჩამოსულებს შორის არიან ბავშვებიც, რომლებიც მშობლებმა ჯარისკაცებს გადასცეს და თვითმფრინავს გამოაყოლეს გადასარჩენად" - რას წერს მსოფლიო პრესა ავღანეთიდან დევნილებზე

მსოფლიო პრესა აქტიურად აშუქებს ავღანეთიდან დევნილთა ევაკუაციის პროცესს. "დალასის საერთაშორისო აეროპორტში ქაბულიდან გამოფრენილი ამერიკული თვითმფრინავების დაშვების შემდეგ, ავღანელი ლტოლვილები ავტობუსებში ჩასხეს და იქვე ახლოს მდებარე ფერფაქსის ოკრუგში მდებარე საგამოფენო ცენტრში გადაიყვანეს. ამ ობიექტის ფართობი 100 ათასი კვადრატული მეტრია და ის დროებით თავშესაფრად არის გადაკეთებული“, - წერს გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი“ («The Washington Post») სტატიაში, სათაურით" "პირველი ლტოლვილები ავღანეთიდან: ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში მშიერ-მწყურვალები იყვნენ“ (ავტორი - ანტონიო ოლივო).

"ქაბულიდან გაფრენას ლტოლვილები რამდენიმე დღე ელოდნენ. "ხუთი დღე-ღამე არ გვიჭამია და არც გვძინებია“, - ამბობს ერთ-ერთი ევაკუირებული ავღანელი, რომელიც ჩრდილოეთ ვირჯინიაში ცოლთან - ბენაზირთან და წლინახევრის შვილთან ერთად ჩაფრინდა. იგი გაზეთის ჟურნალისტს დასიებულ ფეხებს აჩვენებს - "სიჩქარეში ფეხსაცმელები დავკარგე და დღემდე არაფერი ჩამიცვამს“.

ვირჯინიაში ჩამოსულებს შორის არიან ბავშვებიც, რომლებიც, როგორც ჩანს, მშობლებმა ჯარისკაცებს გადასცეს და თვითმფრინავს გამოაყოლეს გადასარჩენად, თვითონ კი პრობლემებით სავსე ავრანეთში დარჩნენ. რა ბედი ეწევათ ამ ბავშვებს, ჯერ გაურკვეველია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უარი განაცხადა იმის კომენტირებაზე, მიიღებს თუ არა ამერიკა მომავალში იმ ავღანელ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები არ ახლავს.

"ეს არაადამიანური და სულისშემძვრელი ფაქტია“, - ამბობს გაზეთის ჟურნალისტთან საუბარში ავღანური წარმომავლობის მქონე ამერიკელი უფლებადამცველი.

"დღესდღეობით, მათი ბედი, ვინც ამერიკაში ჩამოსვლა შეძლო, მაგრამ საცხოვრებლად დარჩენისათვის აუცილებელი დოკუმენტები არ აქვს, ჯერჯერობით გაურკვეველია“, - წერს "ვაშინგტონ პოსტი“. წყარო

როგორც ფინური გაზეთი "ჰელსინკი თაიმსი“ («The Helsinki Times») წერს სტატიაში "ავღანეთიდან ევაკუირებულები ფინეთში ოთხწლიანი ცხოვრების უფლებას მიიღებენ“ (ავტორი - ალექს ტაივაინენი), ლტოლვილები თავშესაფრის მიღებისათვის ჩვეულებრივ სტანდარტულ პროცედურას არ გაივლიან.

ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მარია ოხისალოს ("მწვანეთა“ პარტიიდან) განცხადებით, "მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ავღანეთში სიტუაცია ექსტრაორდინარულია“. პრესკონფერენციაზე მან ხაზი გაუსვა: "ჩვენი ხელისუფლება თვლის, რომ ფინეთი უნდა დაეხმაროს იმ ავღანელებს, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობდნენ“.

იარი კიახკონენმა, ფინეთის იმიგრაციული სამსახურის (Migri) გენერალურმა დირექტორმა განმარტა, რომ ბინადრობის უფლება ავღანელებს ჰუმანიტარული თვალსაზრისით მიეცემათ, რაც კანონშიც არის ჩაწერილი (მუხლი 93-ე, "კანონი უცხოელების შესახებ“)

ორშაბათს ფინეთში, ქაბულიდან თბილისის - საქართველოს დედაქალაქის - გავლით 102 ავღანელი ჩამოფრინდა. მათი ასაკი განსხვავებულია - არიან ბავშვებიც, მოზარდებიც და შუახნის ადამიანებიც. სამწუხაროდ, ბავშვებს თან მშობლები არ ახლავთ.

ფინეთის თვითმფრინავის ქაბულიდან გამოფრენა იმ ძალისხმევის გამოხატულება, იყო, რომელიც ევროპის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის კოორდინაციით განხორციელდა. მართალია, ფინეთმა სხვა ქვეყნებსაც შესთავაზა თავისი თვითმფრინავებით ესარგებლათ ევაკუაციის დროს, მაგრამ ჰელსინკში ჩასულთა უმრავლესობა მაინც ან უშუალოდ ფინეთის მოქალაქეები არიან ან იმ ავღანელთა ოჯახები, რომლებიც ფინეთთან თანამშრომლობდნენ.

მარია ოხისალომ უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა იმ ადამიანების თაობაზე, რომლებიც ავღანეთში ფინეთთან თანამშრომლობდნენ და აღნიშნა, რომ კონფიდენციალური პირადი მონაცემების გამჟღავნება კანონით იკრძალება.

ჰელსინკში ჩაყვანილი ავღანელები ქვეყნის სხვადასხვა ადგილებზე გაანაწილეს, სადაც მათთვის მეტ-ნაკლებად ნორმალური პირობებია შექმნილი. მათ ასევე აქვთ ნაცნობებთან (თუ ასეთი ჰყავთ) დარჩენის შესაძლებლობა, ქვეყანაში ცხოვრების ნებართვის მისაღებად გარკვეული პროცედურების დასრულებამდე.

"პრაქტიკაში ეს პროცესი იმით გამოიხატება, რომ ისინი თავშესაფრის ცენტრებში იცხოვრებენ, მათ არავინ დევნას არ დაუწყებს, უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით, ტანსაცმლით, მაგრამ დაელოდებიან მთავრობის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა იარი კიახკონენმა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ