ავტორი:

"ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩვენი გუნდის წევრის შვილი გაიტაცეს... სახელდება ვინმე კუპრაშვილის გვარი" - გიგა ბოკერია

"ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩვენი გუნდის წევრის შვილი გაიტაცეს... სახელდება ვინმე კუპრაშვილის გვარი" - გიგა ბოკერია

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრის, თელავის სოფელ ნასამხრალის საკრებულოს წევრობის კანდიდატის, ნინო გალახვარიძის შვილი გაიტაცეს ჩვენთვის ამ მომენტისთვის უცნობმა პირებმა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, მიუხედავად იმისა, რა იყო გატაცების მოტივი.

„ამ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავები უკვე არიან ჩაყენებული საქმის კურსში, „ევროპულ საქართველოს“ არასოდეს ავტომატურად არ უსვრია ტალახი ხელისუფლების მიმართ, სანამ არ ვიცით და არ გვაქვს საფუძველი, რომ პირდაპირ დავაბრალოთ პოლიტიკური მოტივი ამ ყველაფერს, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ზოგადი ვითარებიდან გამომდინარე და დამატებით, ოჯახის ინფორმაციაზე დაყრდნობით საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს შეიძლება იყოს კავშირში იმ პირებთან, რომლებიც ახლო ურთიერთობაში არიან ადგილზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო მანქანასთან და „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. სახელდება ვინმე კუპრაშვილის გვარი.

ყველა შემთხვევაში, იმის მიუხედავად თუ რა გაირკვევა და რა არის მოტივი ამ დანაშაულის, ის ვითარება, რომელშიც შესაძლებელია, რომ კრიმინალურმა ჯგუფებმა ან კრიმინალური მისწრაფების ახალგაზრდებმა დღისით, მზისით მოიტაცონ, არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმის. მის მიერ შექმნილი კლიმატის შედეგადაა ეს შესაძლებელი და როგორც წესი ის პირები, რომლებიც პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა მოტივით ასეთ ქმედებებში არიან შემჩნეული, არიან წინასაარჩევნო პროცესში პირდაპირ მიბმული „ქართული ოცნების“ საარჩევნო მანქანასთან, ეს არის საფირმო ნიშანი კამპანიის. ამიტომაა განსაკუთრებულად საგანგაშო ეს შემთხვევა, როდესაც პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრის მიმართ ხდება ეს, სადაც ცნობილია, რომ მოჰყვება მისი გუნდის „ევროპული საქართველოს“ რეაქცია, ის სადაც ბედავენ ასეთ რაღაცას, კიდევ უფრო დაუცველი არიან რიგითი მოქალაქეები.

პირდაპირ ვაკისრებ პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და მოვითხოვთ კატეგორიულად, სასწრაფოდ ზომები იქნას და მიღებული და ის პირები, ვინც ეს ჩაიდინა, იქნან დასჯილი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე.