ავტორი:

ბოლო სამ დღეში კორონავირუსი 18 პატიმარს დაუდასტურდა - რა ვითარებაა ციხეებში

ბოლო სამ დღეში კორონავირუსი 18 პატიმარს დაუდასტურდა - რა ვითარებაა ციხეებში

პენიტენციურ სისტემაში ბოლო სამი დღის განმავლობაში კოვიდ 19 18 მსჯავრდებულს დაუდასტურდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობის კურსი ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში უტარდებათ. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც ამ ეტაპზე სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებენ, შემდგომი დაკვირვების მიზნით, ამავე კლინიკის ე.წ. სასტუმრო ნაწილში არიან მოთავსებული. მათთან შემხებლობაში მყოფი სხვა მსჯავრდებულები სპეციალურ საკარანტინე სივრცეში იმყოფებიან და საჭიროებისამებრ შესაბამისი დახმარება გაეწევათ“, - აღნიშნეს პენიტენციურ დაწესებულებაში.

მათივე ინფორმაციით, გავრცელებულ ინფორმაცია ქსნის N15 დაწესებულებაში არსებულ კოვიდვითარებასთან დაკავშირებით არის სიცრუე, ვინაიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში კოვიდ 19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

როგორც პენიტენციურ სამსახურში აღნიშნავენ, 26 აგვისტოს მდგომარეობით, ვაქცინირებულია მსაჯვრდებულთა 66% (6248), ხოლო 55% (5 234) რევაქცინირებულია.

„პენიტენციურმა სამსახურმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს“, - განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.