2015 წელს ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე აღმოჩენილმა 7200 წლის წინ გარდაცვლილი მოზარდი გოგონას ნეშტმა, მსოფლიო უნიკალური აღმოჩენის წინაშე დააყენა.
მას მერე, რაც მოხერხდა მისი თავის ქალიდან ჯერ დნმ-ის ნიმუშის ამოღება და შემდგომ გაშიფვრა, აღმოჩნდა, რომ გოგონა ადამიანების აქამდე უცნობ ჯგუფს მიეკუთვნება.
“Nature -ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ეს კონკრეტული წარმომავლობა მეცნიერებს მსოფლიოს არცერთ კუთხეში ჯერ არ უნახავთ", - წერს CNN-ი.
”ჩვენ აღმოვაჩინეთ უძველესი ადამიანის დნმ კუნძულზე, ავსტრალიასა და აზიას შორის რეგიონში, რომელსაც "Wallacea"-ს უწოდებენ. ეს აღმოჩენა გვაძლევს საშუალებას ახლებურად შევხედოთ პოპულაციის გენეტიკურ მრავალფეროვნებასა და ისტორიას ადრეული და თანამედროვე ადამიანების მაგალითზე მსოფლიოს ამ ნაკლებად შესწავლილ რეგიონში", - ნათქვამია კვლევაში, რომლის თანაავტორი ავსტრალიის ადამიანის ევოლუციის კვლევითი ცენტრის არქეოლოგიის პროფესორი ადამ ბრუმია.
მკვლევართა აზრით, პირველი ადამიანები იყენებდნენ Wallacea -ს და სხვა ინდონეზიურ კუნძულებს, მათ შორის სულავესსაც, ევრაზიიდან ავსტრალიის კონტინენტზე გადასასვლელად, დაახლოებით 50 ათასი წლის წინ, თუმცა მათი ზუსტი მარშრუტი ცნობილი არ არის. ნაპოვნი ინსტრუმენტები და ქვის მხატვრობის ნიმუშები აჩვენებს, რომ ადამიანები ამ კუნძულებზე 47 000 წლის წინ ნამდვილად ცხოვრობდნენ.
მას შემდეგ, რაც 2015 წელს არქეოლოგებმა იპოვეს 17-18 წლის გოგონას ჩონჩხი სულავესის ერთ-ერთ გამოქვაბულში, მისი კვლევა არ შეჩერებულა. დადგინდა, რომ გოგონას ნეშტი დაკრძალული იყო 7200 წლის წინ. ის იყო ე.წ. ტოალის კულტურის ნაწილი, რომლის ნახვაც შესაძლებელია ნახევარკუნძულ სულავესის სამხრეთ-დასავლეთით. გამოქვაბული, სადაც ნეშტი იპოვეს, ნაწილია არქეოლოგიური ძეგლისა, სახელად: ლენაგ პანინგე.
მონადირე-შემგროვებელთა ტომები ”ტოალიანები“ სამხრეთ სულავესის ტყის ვაკეებსა და მთებში დაახლოებით 8000 წლის წინ და ახ. წ. V საუკუნემდე ცხოვრობდნენ. მათ შექმნეს უნიკალური ქვის იარაღები (მათ შორის პაწაწინა, წვრილად დამუშავებული ისრის წვერები), რომლებიც ინდონეზიაში მხოლოდ ამ კონკრეტულ ადგილას გვხვდება.
წამყვანმა მეცნიერმა სელინა კარლჰოფმა დნმ - ის ამოღება თავის ქალის ძირში არსებული სფენოიდული ძვლისგან შეძლო.
”ეს იყო სერიოზული პრობლემა, რადგან ტროპიკულმა კლიმატმა მასალა ძლიერ დააზარალა", - აცხადებს კარლჰოფი.
ახალგაზრდა ქალის დნმ-მა აჩვენა, რომ იგი თანამედროვე ადამიანების პირველი ტალღისგან წარმოიშვა, რომლებიც კუნძულზე 50 000 წლის წინ არსებობდნენ. ბრამის თქმით, ისინი იყვნენ თანამედროვე ძირძველი ავსტრალიელებისა და პაპუასების წინაპრები.
უძველესმა გენომმა, რომლის მოკვლევაც შესაძლებელი გახდა, გამოავლინა აქამდე უცნობი უძველესი ხალხი.
”ადრე ეგონათ, რომ აზიური გენების მქონე ადამიანები პირველად "Wallacea"- ში დაახლოებით 3 500 წლის წინ შევიდნენ.
ეს აღმოჩენა კი იმაზე მეტყველებს, რომ ამ რეგიონში არსებობდა ადამიანთა ჯგუფი, რომლის შესახებაც ჩვენ აქამდე წარმოდგენაც კი არ გვქონდა, ვინაიდან ამ რეგიონში ძველთაძველი ჩონჩხის ნაშთები ძალიან იშვიათია”, - აცხადებენ მეცნიერები, რომელთა თქმით, მოზარდი გოგონას გენომი კიდევ არაერთ საიდუმლოს ახდის ფარდას. წყარო
მოამზადა თეონა რამაზაშვილმა