ავტორი:

დიღმის საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას დროებით აჩერებს - რა ვითარებაა ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ ჰოსპიტალში

დიღმის საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას დროებით აჩერებს - რა ვითარებაა ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ ჰოსპიტალში

დიღმის საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას დროებით აჩერებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დიღმის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორმა რევაზ კუჭუხიძემ განუცხადა, ამ დროისთვის კლინიკებში თავისუფალი ადგილები გაჩნდა, შესაბამისად, საველე ჰოსპიტლის ფუნქციონირება დროებით აღარაა საჭირო.

„საწოლფონდი კლინიკებში არის. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის მიღებას გავაჩერებთ ანუ კლინიკებში ადგილები გამოთავისუფლდა. ჩვენ არ ვიხურებით, უბრალოდ დავრეზერვდებით და აღჭურვილობითაც და მედპერსონალითაც ვიქნებით მზად, თუ ამის საჭიროება გახდება. როგორც კი გახდება საჭირო, პროცესში ჩავერთვებით. რაც შეეხება პაციენტებს, მათი ნაწილი ეწერება სახლში, ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაში გადავა“, - განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ.

რაც შეეხება ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალს, იქ ამ დროისთვის 79 პაციენტი მკურნალობს. როგორც ჰოსპიტლის კოვიდდეპარტამენტის კურატორმა მერაბ ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პაციენტების ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულებისგან მოიხსნა და დამოუკიდებლად სუნთქავენ.

“სტაციონარში მკურნალობას 79 პაციენტი აგრძელებს. გუშინ მორიგეობის განმავლობაში 3 პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანა მოხდა. პაციენტების გადაყვანის მიზეზი ზოგადი მდგომარეობის გაუარესება იყო. დღეს ვემზადებით 2 პაციენტის გასაწერად, რომელთა მდგომარეობაც გაუმჯობესდა, ლაბორატორიული კვლევების შემდეგ გადავწყვეტთ მათი გაწერის საკითხს. პაციენტების ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულებისგან მოიხსნა და დამოუკიდებლად სუნთქავენ, შესაბამისად, თუ ყველაფერი სტაბილურად გაგრძელდება, გაეწერებიან სტაციონარიდან”, - განაცხადა ჩიქოვანმა.