ავტორი:

აშშ-ის გაფრთხილება საკუთარ მოქალაქეებს, ISIS-ის ლიკვიდირებული "ბოევიკი" და "თალიბანის" გეგმები - განახლებული ინფორმაცია ავღანეთიდან

აშშ-ის გაფრთხილება საკუთარ მოქალაქეებს, ISIS-ის ლიკვიდირებული "ბოევიკი" და "თალიბანის" გეგმები - განახლებული ინფორმაცია ავღანეთიდან

აშშ-მა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკის“ ლიკვიდაცია განახორციელა, რომელიც ტერაქტის ორგანიზებაში მონაწილეობდა - ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

„აშშ-ის სამხედრო ძალებმა კონტრტერორისტული ოპერაცია განახორციელეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. უპილოტო საფრენი აპარატით საჰაერო დარტყმა ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა. პირველადი მონაცემებით, მოკლულია სამიზნე. ვიცით, რომ ოპერაციას სამოქალაქო მსხვერპლი არ მოჰყოლია“, - განაცხადა ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერმა ბილ ურბანმა.

როგორც CNN-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, „ისლამური სახელმწიფოს“ ორგანიზატორის წინააღმდეგ ოპერაცია ჯო ბაიდენის თანხმობით განხორციელდა. როგორც ცნობილია, 26 აგვისტოს, ქაბულის აეროპორტთან განხორციელებული თავდასხმების სერიაზე პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფო - ხორასანის“ ფილიალმა აიღო.

ამასთან, ავღანეთში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს ქაბულის აეროპორტისთვის თავის არიდებისკენ მოუწოდებს. უსაფრთოების რისკებიდან გამომდინარე შესაბამისი განცხადება აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ქაბულის აეროპორტში უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, ჩვენ ვურჩევთ აშშ-ის მოქალაქეებს, მოერიდონ აეროპორტის გასასვლელებს. აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ახლა იმყოფებიან სხვადასხვა გასასვლელებთან, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ტერიტორია“, - წერია საელჩოს განცხადებაში.

აქვე აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევენ აკონტროლონ მათ გარშემო ვითარება, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში, თვალყური ადევნონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს, ადგილობრივ მედიას, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდებს სოციალურ ქსელებში და საგანგებო სიტუაციებისთვის გეგმა იქონიონ.

თეთრი სახლის ინფორმაციით, 14 აგვისტოდან დღემდე ავღანეთიდან 105 000-მდე ადამიანია გაყვანილი.

ამასთან, ქაბულის აეროპორტთან მომხდარი თავდასხმების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა. ინფორმაცია CBS News-ს ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დაუდასტურა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა დიდი უმრავლესობა ავღანელია.

აშშ 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებას ადასტურებს. თავდასხმისას დაშავდა მინიმუმ 18 ამერიკელი ჯარისკაცი. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 32 მამაკაცია, სამი ქალი, სამი ბავშვი, დანარჩენების ვინაობა კი დგინდება. „თალიბანი“ აცხადებს, რომ მომხდარს მათი ათობით მებრძოლი ემსხვერპლა.

„თალიბანი“ აცხადებს, რომ ავღანეთში დროებითი ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბება იგეგმება, - ინფორმაციას გამოცემა „ალ-ჯაზირა“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„თალიბანის“ წარმომადგენლებმა გამოცემას განუცხადეს, რომ დროებითი მთავრობა წარმოდგენილი იქნება ყველა ეთნიკური ჯგუფისა და ტომის წარმოშობის ლიდერებით.

ამასთან, მათივე თქმით, დროებით მთავრობას ეყოლება „ამირ-ულ მომინინი" (ერთგულების სარდალი), რომელიც ავღანეთის ისლამურ საამიროს უხელმძღვანელებს.

ალ-ჯაზირას წყაროების ინფორმაციით, მოწვეულია უმაღლესი ხელმძღვანელობის საბჭო იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება მომავალი მთავრობის ფორმასა და მინისტრებთან დაკავშირებით.

ძირითადი სამინისტროების დასახელებებია: სასამართლოს, შიდა უსაფრთხოების, თავდაცვის, საგარეო საქმეთა, ფინანსებისა და ინფორმაციის სამინისტროები.

რაც შეეხება ქალთა უფლებებს, წყაროებმა განაცხადეს, რომ ქალებს საშუალება ექნებათ, იმუშაონ სხვადასხვა სამთავრობო ორგანოებში ისე, როგორც წინა მთავრობის დროს მუშაობდნენ, ძირითადად ჯანდაცვისა და განათლების სექტორში.

ამასთან, კორუფციასთან ბრძოლის მიზნით სპეციალური სასამართლოების შექმნა იგეგმება.