ავტორი:

იწვევს თუ არა ADE-ს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები? - ინფექციონისტის სკანდალური პოსტი და ქართველი ექიმების კრიტიკული პასუხი

იწვევს თუ არა ADE-ს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები? - ინფექციონისტის სკანდალური პოსტი და ქართველი ექიმების კრიტიკული პასუხი

შესაძლებელია თუ არა, კოვიდ 19-ს საწინააღმდეგო ვაქცინების შედეგად, ადამიანს ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) განუვითარდეს? ეს არის თემა, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა ქართველ ექიმებში დიდი პოლემიკის საგნად იქცა. საკითხი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვრცელი პოსტით, ინფექციონისტმა გიორგი კანდელაკმა წამოჭრა. ინფექციონის პოსტს, საქართველოს მძიმე ეპიდემიოლოგიური სტატისტიკისა და საზოგადოების ნაწილში არსებული ანტივაქსერული განწყობის ფონზე, მოქალაქეების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ინფექციონისტის პოსტს, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, საქართველოში თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ მომუშავე არერთმა ქართველმა სპეციალისტმა უპასუხა და გიორგი კანდელაკის მიერ დახატული საფრთხე, მყარი არგუმენტებით გააქარწყლა:

ინფექციონისტმა გიორგი კანდელაკმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, რომ მასიური ვაქცინაცია პანდემიის მიმდინარეობის დროს პოპულაციურ დონეზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს და აი, როგორ ახსნა საკუთარი მოსაზრება:

  • გიორგი კანდელაკი:

"იმუნოლოგია და ვაქცინოლოგია გასაოცარი დარგებია. რამდენადაც უფრო ღრმად შეეცდები რომ ჩაწვდე მათ კომპლექსურობას, მით უფრო ხვდები თუ როგორი უკიდეგანო და ჯერჯერობით გამოუკვლეველი სფეროებია. რაც მთავარია სიურპრიზებით აღსავსეა და ვერ იტანს თავდაჯერებულ ამპარტავნებას და ჯიუტობას.

ვაქცინოლოგიაში არსებობს ამ დარგისთვის ერთ-ერთი ფუნდამენტალური კონცეფცია, რომელსაც ქვია ვაქცინასთან ასოცირებული დაავადების გაძლიერება - “vaccine associated disease enhancement” (VADE) რომელიც არის ეგრეთ წოდებული ქოლგა ტერმინი რამდენიმე სხვადასხვა მექანიზმით მიმდინარე ვაქცინით გაძლიერებული დაავადების განმსაზღვრელად.

ორი ძირითადი ქვეტიპი მოიცავს: ანტისხეულით გაძლიერებულ დაავადებას - antibody dependent enhancement (ADE) და გაძლიერებულ რესპირატორულ დაავადებას „enhanced respiratory disease” (ERD). ვაქცინასთან ასოცირებული დაავადების გაძლიერება (VADE) წარმოადგენს ხშირ, განმსაზღვრელ მიზეზს, თუ რატომ ვერ იქმნება მრავალი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და რატომ გახდა ზოგიერთი შექმნილი ვაქცინის ფიასკოს მიზეზი.

მარტივად რომ ავხსნათ და თავი არ შეგაწყინოთ ძალზე რთული და კომპლექსური მექანიზმებით, ყველაზე კლასიკური ფორმით საქმის არსი მდგომარეობს შემდეგში: ზოგიერთი ვირუსის მიმართ გამომუშავდება ორი ტიპის ანტისხეული - მანეიტრალიზირებელი (რომელიც ანეიტრალებს ვირუსს) და ბმადი (ანტისხეულები რომლებიც უერთდებიან ვირუსს თუმცა მისი განეიტრალების უნარი არ შესწევთ. ანტისხეულების უმეტესობა არის ბმადი და მხოლოდ შედარებით მცირე ნაწილი - მანეიტრალიზირებელი. იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ძლიერი მანეიტრალიზირებელი აქტივობა, მაშინ თავი ქუდში გაქვთ და პრობლემა მოგვარებულია. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მანეიტრალიზირებელი აქტივობა კლებულობს და გვრჩება ძირითადად ბმადი ანტისხეულები, ვითარდება სწორედ ის, რაც არ გვინდა ყველაზე უფრო, რომ განვითარდეს - ვაქცინასთან ასოცირებული დაავადების გაძლიერების ფენომენი. ამ შემთხვევაში ვღებულობთ ვაქცინით გამოწვეულ, ბუნებრივ დაავადებაზე უფრო მძიმე მიმდინარეობის და მაღალი სიკვდილობის მქონე დაავადებას.

ვისაც უფრო სიღრმისეულად აინტერესებს მექანიზმები, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ თემაზე არსებულ მრავალ სტატიას თუ ვაქცინოლოგიის სახელმძღვანელოებში არსებულ თავებს.VADE არის სწორედ ის მიზეზი, რომელიც გახდა რესპირატორული სინციტიური ვირუსის (RSV) ვაქცინის ფიასკოს მიზეზი 60-იან წლებში, როდესაც აცრილი ბავშვები მოგვიანებით დაინფიცირდნენ RSV ვირუსით დაემართათ გაცილებით მძიმე მიმდინარეობის რესპირატორული დაავადება და მათი ნაწილი დაიღუპა. ამის შემდეგ დღემდე RSV ვირუსის ვაქცინა ვერ შეიქმნა.

იგივე მექანიზმით ვერ გაამართლა დენგეს ვაქცინამ ათი წლის წინ - როდესაც პირველადი პროფილაქტიკის მიზნით აცრილებს შეეყარათ დენგე, განვითარდა დენგეს შოკის სინდრომი და ასობით ადამიანი დაიღუპა, დიდ წილად ბავშვები. მას შემდეგ დენგეს ვაქცინას იყენებენ მხოლოდ მეორადი პროფილაქტიკის მიზნითიგივე მიზეზებით ვერ შეიქმნა ორი სხვა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა - 2003 წელის SARS-ის ვაქცინა და 2012 წლის MERS-ის ვაქცინა. როდესაც SARS-ის და MERS-ის კორონავირუსის ვაქცინებით აცრეს ცხოველები (შეგახსენებთ რომ ეს ვაქცინები გადიოდნენ სრულ და ხანგრძლივ გამოცდებს ცხოველებზე) და გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ დააინფიცირეს კორონავირუსით, ცხოველების რესპირატორული დაავადება განვითარდა გაცილებით მძიმე ფორმით და მნიშვნელოვანი ნაწილი დაიღუპა.

როდის არის ვაქცინაციის შემდეგ ყველაზე მოსალოდნელი, რომ ვიხილოთ ასეთი გართულება? იმ დროს როდესაც ვაქცინის მანეიტრალიზირებელი აქტივობა ქვეითდება! ტიპიურად ეს ხდება არა ერთბაშად, არამედ რამოდენიმე თვიდან ერთ წლამდე პერიოდში ვაქცინირებიდან ან მაშინ, როდესაც რაიმე მიზეზით, ეპიდემიის დროს ხდება ვაქცინის ეფექტის მიმართ გამძლე, რეზისტენტული შტამის ჩამოყალიბება. ეს არის სწორედ ის მომენტი, როდესაც ხდება ამ მძიმე და ტრაგიკული ეფექტის მანიფესტაცია.

ემპირიული, პრეკლინიკური, ცხოველებზე ინტენსიური კვლევების გარეშე, სრულიად შეუძლებელია ამ ფენომენის პროგნოზირება, მითუმეტეს ისეთი პათოგენების საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნის დროს, რომელთა მონათესავე პათოგენების ვაქცინებს აღმოაჩნდათ ეს გადაულახავი პრობლემა. ქვემოთ მოყვანილ შესანიშნავ სტატიაში, რომელიც ერთი წლის წინ არის დაბეჭდილი, დეტალურად არის აღწერილი იმ ვრცელი, ხანგრძლივი და ინტენსიური კვლევების აუცილებლობა ცხოველებში, მანამ სანამ უსაფრთხოდ შეიძლება პროდუქტი გამოიცადოს ადამიანზე".

ინფექციონისტის პოსტს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკურმა დირექტორმა, გრიგოლ ხურციძემ უპასუხა:

  • გრიგოლ ხურციძე:

"1. კოვიდის ვაქცინები, როგორც ახალი ისე ძველი, ტექნოლოგიებით დამზადებულნი წინასწარი კვლევებით, თეორიული ანალიზით და პრაქტიკული ექსპერიმენტებით არ იწვევენ ADE (ანტისხეულებით განპირობებულ დაავადების გაძლერების) რეაქციას.

2. დღემდე არცერთი შემთხვევა არაა აღწერილი 2 მილიარდი დოზის და 2 ახალი ვარიანტის გამოჩენის მერე. ამას უყურებს WHO, ევროპის წამლის სააგენტო, ამერიკისა და ევროპის ინფექციური დაავადებების საზოგადოებები, სხვა ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოებს თავი რომ დავანებოთ.

3. სანამ ანტივაქსერები ამ თეორიულ საკითხს ეჭიდებიან, ვიმეორებ თეორიულს, რომელიც იყო გათვალისწინებული, გამოცდილი და დღემდე დაკვირვებაშია, დაღუპული ადამიანების 99% აუცრელია.

4. ვისაც არ სჯერა, ვეპატიჟები ჩვენი რეანიმაციების შემოვლებზე.

5. აუცრელები იყენებენ დღეს ჰოსპიტალური რესურსის 99%-ს და შესაბამისად ვინც აიცრა და აქვს სხვა პრობლემა (გულსისხლძარღვთა, ქირურგიული, ა.შ) უკავებენ ადგილს, სამედიცინო პერსონალსა და მკურნალობას. ეს ხალხი იღუპება და პასუხისმგებლობა უნდა აიღონ არავაქცინირებულებმა მაშინ.

6. ანტი ვაქსერებს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: არაკომპეტენტური ინფორმაციის გავრცელების და პროპაგანდის მაგივრად, გამოიჩინონ საზოგადო პასუხისმგებლობა და მაშინ შემოგვიერთდნენ მოხალისეებად თავისნაირი იდეური და პრინციპული ანტივაქსერების რეანიმაციებში დამხმარე მოხალისეებად. წინა მოწოდებაზე ერთიც არ გამომხმაურებიხართ, აი ერც ერთი!

7. სამედიცინო პესონალმა აქეთ ვიომოთ და იქიდან თქვენ თეორიული ჰიპოთეზების ქადაგებით სეირს უყურებდეთ უკვე აღარ გამოვა. პირდაპირ გეკითხებით, როცა დადგება არჩევანი და უკვე ძალიან ახლოსაა როგორ განვასხვაო და პირველი ვინ დავსვა ხელოვნურის სუნთქვის აპარატზე: ა) ადამიანი, რომელმაც არ გამოიყენა ვაქცინა და მისი 99%-იანი შანსი არ მოხვედრილიყო კოვიდით რეანიმაციაში, თუ ბ) აცრილი, რომელიც მწვავე გულის უკმარისობითაა შემოსული და აპარატი მისთვის აღარ მაქვს.

თქვენი არჩევანის თავისუფლება, სხვისი ჯამრთელობის ფასი რატომ უნდა ღირდეს?

P.S. აქ კაკუნს და თეორიულ წიაღსვლებს ნუ შემომთავაზებთ, გელით ხალათით, ნიღბით, ხელთათმანებით და დაღლილი სამედიცინო პერსონალით ისევ თქვენივე რწმენის და კრიტიკულად მძიმედ დაავადებული ადამიანების რეანიმაციებში დასახმარებლად".

გრიგოლ ხურციძის შეფასებები გაიზიარა ასევე სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ვაჟმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ:

"ზედმეტი თეორიული წიაღსვლების დრო ნამდვილად არაა. სრულიად ვეთანხმები გიას! Gregory Khurtsidze აიცერით", - დაწერა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

ასევე გრიგოლ ხურციძის შეფასებები გაიზიარა ცნობილმა პოლიტიკოსმა, ილიაუნის პროფესორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა:

"მადლობა Gregory Khurtsidze-ს, რომელიც, ინფექციონისტ გიორგი კანდელაკის სტატუსის შემდეგ, იძულებული გახდა, რეანიმაციული პაციენტების მკურნალობის პარალელურად, ეს ვრცელი სტატუსი დაეწერა".

გიორგი კანდელაკის პოსტს გამოეხმაურა ასევე აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი და ექიმი-ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე:

  • მამუკა მაჩაიძე:

"იმისთვის, რომ ანტისხეულებით დაავადების გაძლიერების მექანიზმი და შესაძლო ეფექტები და მასთან ასოცირებული გართულებები (ADE, VADE, VAERD) გავიგოთ რას ნიშნავს, მინიმუმ ბაზისური იმუნოლოგური ტერმინები უნდა გვესმოდეს (მაგალითად Fc, კომპლემენტი, კონფორმაციული ცვლილება, M1 და M2 მაკროფაგის აქტივაცია და კიდევ უამრავი სხვა), ასე რომ გიორგი კანდელაკის პოსტის გამზიერებლების 99%-ს წარმოდგენა არ აქვს რა შინაარსია პოსტში, არც აინტერესებთ, უბრალოდ იყნოსეს, რომ რაღაც ვაქცინაციის საწინააღმდეგო წერია და აზიარებენ ისეთივე სიხარულით, როგორც ვაქცინაციის შემდგომ კოვიდით გარდაცვლილების ისტორიებს.

აქვე ვიტყვი, რომ გიორგის თინა თოფურიას და სხვა ფსევდო ექიმების გვერდით დაყენება უბრალოდ უგუნურებაა, ისევე როგორც მისი რუსულ პროექტად გამოცხადება, ხანდახან ადამიანი ავრცელებს იმ თეორიას, რისაც მართლა სჯერა და დიახ, ხანდახან ამისთვის ყველაზე ცუდ დროს არჩევს, ხოდა ვიმსჯელოთ საჯაროდ.

ანტისხეულებით დაავადების გაძლიერების (ADE) თემა 1 წლის წინ იყო ყველაზე აქტუალური (2020-ს ზაფხულში ბევრი სტატია დაიბეჭდა ამ პოტენციურ რისკზე) და აქტიურად განიხილებოდა სამეცნიერო წრეებში ვაქცინის შექმნის დღიდან; როდესაც ნებისმიერი ვაქცინის გამოცდა ხდება უსაფრთხოებისთვის, ADE-ს რისკი არის ერთ-ერთი ის კითხვა, რომელსაც მწარმოებელმაც და საბოლოოდ მარეგულირებელმაც პასუხი უნდა გასცეს, სანამ ის ფართო მასებამდე მივა. შევეცდები მარტივად ავხსნა:

როდესაც შეგეყრება ვირუსის ერთი ვარიანტი/შტამი, მის საპასუხოდ ანტისხეულებს გამოიმუშავებ, შემდეგ შეგეყრება იგივე ვირუსის ახალი ვარიანტი და ანტისხეული ვირუსს მხოლოდ ებმის, მაგრამ არ ანეიტრალებს, ვირუსი მას იყენებს მტარებლად, როგორც „ტროას ცხენს“, შედეგად შედის ბევრ უჯრედში, უფრო მეტად მრავლდება და/ან უფრო ძლიერ ანთებით პასუხს (ციტოკინური შტორმს) რთავს, ესაა მარტივად ADE, მაგრამ ეს ვირუსს შეუძლია გააკეთოს მინიმუმ 5 სხვადასვა გზით, რაც აღწერილია სხვადასხვა ვირუსებზე წარსულში (დენგე, რსვ, აივ, სარსი, მერსი..).

რადგანაც მსგავსი რისკი წარსულში ბევრჯერ დაფიქსირდა სხვადასხვა ვაქცინების გამოკვლევებისას, ყველა ცხოველური კვლევის მოდელი ზუსტად ისეა აწყობილი, რომ ADE-ს სიგნალი ადრევე დაიჭიროს (ანუ ცხოველებს აინფიცირებენ ჯერ ერთი შტამით, მერე მეორეთი და ზომავენ სხვადასხვა ტიპის ანტისხეულების ტიტრს; ან ცრიან და შემდეგ აინფიცირებენ), რასაც მოწმობს ის ისტორიული ფაქტები, რომ ვაქცინების კვლევები შეჩერდა ებოლას, აივ-ის, სარსის, მერსის და წითელას ერთ-ერთი ვაქცინის ადრეული კვლევების დროს, მათ შორის სწორედ ამ მიზეზით.

უფრო მეტიც, როდესაც სარს-კოვ-2-ს კანდიდატ ვაქცინების კვლევები დაიწყო, ერთ-ერთი ვირუსის სამიზნე ნაწილი (ანუ სპაიკ ცილის მაგივრად) ე.წ ნუკლეოპროტეინი იყო, რომელმაც ADE-ს სიგნალი აჩვენა და ამ მიმართულებით კვლევები მაშინვე გაჩერდა, ანუ მეცნიერებმა ერთ დღეს კი არ გაიღვიძეს და თქვეს, რომ სპაიკ ცილა კარგი სამიზნე იყო, არამედ მივიდნენ აქამდე, როგოც იმუნოგენურობის და უსაფრთხოების ყველაზე სასარგებლო პროფილის მქონე სამიზნე ცილამდე.

უნდა იცოდეთ, რომ ADE-ს განვითარებას საერთოდ არ ჭირდება ვაქცინა, ანუ სანამ ვაქცინები ჯერ ჩანასახოვან ფაზაში იყო, ვირუსი ჩინეთიდან იტალიამდე უკვე აქტიურად მუტირებდა, ანუ ADE-ს განვითარების წინაპირობა უკვე შექმნილი იყო რადგან ბევრი შტამი ცირკულირებდა, რისი ნიშნებიც არ გამოვლენილა.

კოვიდ საწინაწღმდეგო ვაქცინების არც ერთმა კვლევამ ცხოველებში (თაგვებში, მაკაკებში) ADE-ს არცერთი შემთხვევა არ გამოავლინა; რაც მთავარია, უკვე გვყავს მილიარდობით აცრილი, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი ახალი შტამით დაინფიცირდა; ADE არ არის მიოკარდიტის მსუბუქი შემთხვევა და ამიტომ ვერ დაიმალება, სიგნალს ამხელა პოპულაციაში აუცილებლად დაინახავ, კერძოდ მასიური ციტოკინური შტორმით სიკვდილობა დაფიქსირდება, რაც არსად არ მომხდარა. აქ კი პირიქით ვხედავთ, სიკვდილობასთან ერთად, მასიურად შემცირდა დაავდების მძიმე ფორმები და ჰოსპიტალიზაცია.

ის რომ ვაქცინების ეფექტურობა დელტა შტამის მიმართ იკლებს და ვერ ვხედავთ სიკვდილობის მასიურ ზრდას, ეს ზუსტად ADE-ს საწინააღმეგო არგუმენტია და არა პირიქით.

თუ პირადი მაგალითი ვინმესთვის რამეს ნიშნავს, მე ავიცერი 2020 წლის დეკემბერში, მაშინ ეს თემა უფრო აქტუალური იყო, ამდენი დროის გასვლის და მილიარდობით ადამიანის აცრის შემდგომ, ნაკლებად მნიშვნელოვნად მიმაჩნია..."

მოგვიანებით გიორგი კანდელაკმა საკუთარ კოლეგებს ასევე სოციალურ ქსელში უპასუხა:

  • გიორგი კანდელაკი:

"მოკლედ გავცემ პასუხს ორ ჩემ მეგობარს, ჩემთვის ძალიან საყვარელ ადამიანს, რომელთა აზრს ყოველთვის პატივს ვცემ, თუმცა ზოგჯერ არ ვიზიარებ.

ძალიან მსაყვედურობენ თუ რატომ არ ვებმები პოლემიკაში, არ ვცემ პასუხს თითოეულ კომენტარს, რომელიც იდება ჩემს პოსტებზე. ჯერ ერთი თუ დახედავთ ჩემს პოსტებს, ზოგ მათგანზე კომენტარების რაოდენობა აჭარბებს ათასს, და უბრალოდ შეუძლებელია მათზე პასუხის გაცემა. მეორეც ჩემი კლავიატურაზე ბეჭდვის სისწრაფე, ვერ აუვა იმ უამრავი საკითხის განხილვას, რაც დაგროვდა, თუმცა არავინ იწუხებს მათზე პასუხის გაცემას. ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩემი გრაფიკი იწყება დილის 8 საათზე ამბულატორიული პაციენტების მიღებით, გრძელდება სტაციონარებით და მთავრდება ვაიბერით დისტანციური კონსულტაციებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოთავსებულ კოვიდ პაციენტებთან დაახლოებით 11-12 საათისთვის და მძინავს 5-6 საათი.

ამ პირად დეტალებს იმიტომ გიყვებით მხოლოდ, რომ ყოველი ჩემი პოსტის დაწერა დიდ ძალისხმევად მიღირს და სიტუაციის სიმძიმეს რომ არ ვაცნობიერებდე, არაფრის დიდებით არ გავაკეთებდი ამას. ამჯერადაც უბრალოდ ვერ დავტოვებდი ამ ორი, ჩემთვის საპატივცემულო ადამიანების შენიშვნებს, თორემ შემდეგშიც პასუხები და დისკუსიაში შესვლა ვერაფრით ვერ იქცევა წესად. მითუმეტეს ვერ შევალ დისკუსიაში ზოგიერთ „ექსპერტთან“, რომელმაც ერთი თვის წინ ჩემი ვიდეო-პრეზენტაციით შეიტყო პირველად, თუ რას ნიშნავს ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება და დღეს უკვე „დეტალურ ექსპერტულ“ ანალიზს დებს თავის გვერდზე ამ თემასთან დაკავშირებით.

1. ანტისხეულით გაძლიერებულ დაავადებაზე პანდემიურ ვირუსთან მიმართებაში, თითქოს ჩატარებულია მრავალი კვლევა ცხოველებში და ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება არ დადასტურდა.

ამ არგუმენტს ვერ დავეთანხმები, არანაირი პრეკლინიკური (ლიცენზირებამდე) კვლევები ცხოველებში ამ კუთხით არ არის ჩატარებული, ამას პირდაპირ აღიარებს EMA (ევრობის წამლების სააგენტო) იმ დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც ფაიზერისთვის გაიცა გადაუდებელი გამოყენების ლიცენზია წლის დასაწყისში (ეს დოკუმენტი დევს ინტერნეტში, გასაჯაროვებული აქვს თავად EMA-ს). ამავე დოკუმენტში ცალკეა გამოყოფილი ის საკითხი, რომ მნიშვნელოვანი ნაკლია ლიცენზირების დროისთვის ასეთი კვლევების არარსებობა, და სთხოვს მწარმოებელს (წესით უნდა ვალებდეს), რომ შემდგომში ჩაატაროს ასეთი კვლევები. ასეთი კვლევები შემდგომში არ ჩატარებულა. ეს საკითხი არ არის სათანადოდ შესწავლილი.

2. თუ არსებობს ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება, მას აუცილებლად დავინახავდით აქამდე, და ეს ვერ დაიმალებოდა.

ვერც ამ არგუმენტს გავიზიარებთ, რადგან ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება ძირითადად გამოვლინდება, როდესაც მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების ტიტრი მკვეთრად დაიწევს, რასაც დელტა შტამთან მიმართებაში დაახლოებით 6-9 თვე სჭირდება, ან მაშინ, როდესაც გამოჩნდება სრულად რეზისტენტული შტამი (და ამ პროცესის გარდაუვალობაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ) რა შემთხვევაშიც ტიტრს უბრალოდ არ ექნება მნიშვნელობა. სწორედ ეს არის ნამდვილი (არა გაცხადებული) მიზეზი, თუ რატომ გადაცრა ისრაელმა მესამედ მოსახლეობის თითქმის მესამედი (ძირითადად მოხუცი პოპულაცია, რომელიც იყო აცრილი იანვარ-თებერვალში) და ბუსტერით გადაცრის პროცესი იყო გაცილებით სწრაფი, ვიდრე პირველი აცრა - რადგან სასწრაფოდ თავიდან აეცილებინათ ანტისხეულით გაძლიერებული დაავადების შესაძლებლობა. იგივეა სინამდვილეში ის მიზეზი, რის გამოც ამერიკა სასწრაფოდ იწყებს მესამე ბუსტერით აცრას (და მსჯელობა მიდის, თუ რომელი თვიდან იქნება ბუსტერი აუცილებელი, ბაიდენის ადმინისტრაციაში განიხილება აცრიდან 5-8 თვის დიაპაზონი). რა თქმა უნდა ჯერ ჯერობით ოფიციალურად ამას არავინ იტყვის. 3-ე ბუსტერი ამ ეტაპისთვის მაგ პრობლემას დიდ წილად მოაგვარებს, რადგან დელტა მხოლოდ ნაწილობრივ არის ვაქცინის მიმართ რეზისტენტული და ტიტრის აწევა ამ ეტაპზე შეანელებს პროცესს. მაგრამ როდესაც ვიხილავთ სრულად რეზისტენტულ შტამს, არანაირი ბუსტერი მაგ საქმეს აღარ უშველის. ამის მიუხედავად, დღესაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სიგნალი ჩანს, რადგან ის ფაქტი, რომ ისრაელში 50-60% მძიმე პაციენტებისა არის სწორედ აცრილი (ისრაელში მოსახლეობის 65% ი ამჟამად აცრილია და 60% ორჯერ აცრილი და თუ არ ვცდები 30%-მდეა უკვე სამჯერ აცრილი) ასეთი მაღალი მაჩვენებელი აცრილებში (> 50%) ძალიან მაღალია, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ აცრილებში უმეტესად მოხუცები ჭარბობენ).

3. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ანტისხეულით გაძლიერებულ დაავადებას ადვილად ამოვიცნობთ.

ეს ასე არ არის, რადგან მისი პრეზენტაცია იქნება ისეთივე, როგორიცაა ჩვეულებრივი ციტოკინური შტორმი და დისტრეს სინდრომი. და რაც მთავარია, ასეთი გაცხოველებული აქცენტირება იგივე აშშ-ში, რომ მანდატორულად აცრან რაც შეიძლება დიდი ნაწილი პოპულაციისა, მომდინარეობს სწორედ იქიდან, რომ შეცდობემი ნაკლებად გამჟღავნდეს, და თუ პოპულაციის უდიდესი ნაწილი აცრილი გყავთ, საკონტროლო ჯგუფი აღარ იარსებებს ცხადია, რომელთანაც შეძლებდით შეგედარებინათ ავადობის სიმძიმის განსხვავება

4. და კიდევ მინდა გამოვეხმაურო, სხვა ოპონენტებთან ნანახ კომენტარებს და აბსოლუტურად არასწორად გაგებულ საკითხს, თითქოს მე ვამბობ, რომ ყველანი დავიხოცებით და ამოვწყდებით ვაქცინის გამო. ეს რა თქმა უნდა სრული სისულელეა. აქ საუბარია, რომ რაღაც პროცენტით, გაიზრდება როგორც მძიმე ავადობა, ისევე სავარაუდოდ სიკვდილიანობაც, მაგრამ სიკვდილიანობა (Infection fatality rate) თუ ეხლა არის საშუალოდ 0.2-0.3 %, შეიძლება გაიზარდოს ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობ ნიშნულამდე, მაგალითად 0.9 %-მდე ან ნებისმიერ სხვა პროცენტამდე, რაც ნიშნავს, რომ ინფიცირებულთა დიდი ნაწილი კვლავ განიკურნება ამ დაავადებისაგან, მაგრამ პოპულაციურ დონეზე ეს იქნება უდიდესი დარტყმა და დანაკარგი.

5. და ბოლოს უბრალოდ საილუსტრაციოდ (ასეთი კვლევები სხვაც ბევრია) წარმოგიდგენთ იაპონურ კვლევას, სადაც ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია სრულად რეზისტენტული შტამი და თანაც ლაბორატორიულად დადასტურებული ანტისხეულით გაძლიერებული დაავადების პოტენციალით: https://www.biorxiv.org/.../2021.08.22.457114v1.full.pdf

6. ხოლო რატომ ვერ მოხდება ამ პრობლემის მოგვარება მოდიფიცირებული ვაქცინებით ან ბუსტერებით, მაგაზე ჩემს შემდეგ პოსტებში მექნება საუბარი.

საბოლოოდ კი, გთავაზობთ, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის, არჩილ მარშანიას ვრცელ პოსტს, სადაც ექიმი დეტალურად განმარტავს, თუ რატომ არ არის ADE კორონავირუსების, ან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისთვის მაღალი რისკის შემცველი საფრთხე:

  • არჩილ მარშანია:

"მოგესალმებით! ვეხმაურები ბ-ნი გიორგი კანდელაკის სტატუსს ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება)-ს შესახებ.

პირველ რიგში ვეხმაურები იმიტომ, რომ პროფესიული ღირსების საკითხია, გაივსო ჩემი მესენჯერი შეკითხვებით თუ რატომ ვმალავდი ინფორმაციას და ვაქცინების რეკომენდაციას რომ გავცემ, თურმე ხალხს ვწირავ უფრო მწვავე ინფექციისთვის.

ამ შეკითხვებში და დამოკიდებულებაში არც არაფერია გასაკვირი, ორაზროვნად და დასკვნის გარეშე აწყობილი ის ტექსტი არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანს სხვა აზრისკენ ვერც წაიყვანს, ჩემი მესენჯერის გარდა სტატუსის კომენტარებშიც (ანტივაქსერი ტროლბოტების მხიარული ყიჟინის ფონზე) იგივე დაბნეულობა იგრძნობა.

არავინ არაფერს მალავდა ცხადია, 2020 წლის დეკემბერში ვწერდი მე პირადად რისკებსა და სარგებელზე ვაქცინების შესახებ, სადაც რა თქმა უნდა, ADE-ც არის განხილული (https://www.facebook.com/525239291/posts/10158884510864292/).

აქ უბრალოდ კომუნიკაციის ფორმაზეა და სკანდალურობაზეა საუბარი, ჩემზე ხაზგასმაც ცოტა ღიმილისმომგვრელია, რა თქმა უნდა, ყველა რისკი და სარგებელი აწონილ-დაწონილია და ისე არის ყველა გადაწყვეტილება მიღებული, მე კი არა, მთელი მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოება ამ პრინციპს ეყრდნობა და გუშინ არ გამხდარა ეს თეორია აქტუალური.

თუმცა იმის კარგად გასააზრებლად, რომ ამ თეორიაში არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ არის, ჯობია ქრონოლოგიურად მივყვეთ ყველაფერს და პირველ რიგში მოკლედ განვმარტოთ რა არის ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება).

ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) ეს არის იშვიათი ფენომენი, როდესაც იმუნური პასუხის დროს, ანტისხეულები კი არ იცავენ ორგანიზმს ვირუსისგან, არამედ პირიქით, იწვევენ უფრო მწვავე ინფექციას. ის შეიძლება განვითარდეს ინფექციით ან ვაქცინით:

1 - მაგალითად: თუ არსებობს ერთი სახეობის ვირუსის ოთხი ტიპი (I, II, III და IV).I ტიპი ვირუსით დასნებოვნების შემდეგ, იგივე სახეობის თუმცა III ტიპის ვირუსთან თუ გვექნება შეხება, შესაძლოა* განვითარდეს უფრო მწვავე ინფექცია, რადგან პირველი ინფექციის შემდეგ გამომუშავებული ანტსხეულები კი არ იცავენ ორგანიზმს, არამედ "ეხმარებიან" ვირუსს (ამის მაგალითია დენგეს ცხელება);

2 - იგივე პრინციპით ეს შესაძლოა* მოხდეს ვაქცინითაც. ვაქცინით გამომუშავებული ანტისხეულები შესაძლოა* არ იყოს დამცავი და პირიქით, დაეხმაროს ინფექციას. ისტორიაში ამის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა არსებობს. მისი ამოცნობა უმეტესწილად ხდება კვლევებში. ADE-ს განვითარების შემთხვევაში ვაქცინა ეფექტურობას ვერ აჩვენებს, რადგან ამ შემთხვევაში ინფექცია აუცრელ ადამიანში უფრო მსუბუქად წავა, ვიდრე აცრილში.

  • შესაძლებელია თუ არა ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) განვითარდეს კოვიდ19-ს საწინააღმდეგო ვაქცინების შედეგად?

ეს შეკითხვა ერთი წლის წინ, ვაქცინების გამოსვლამდე იყო აქტუალური, ისიც თეორიის, კითხვის ნიშნის და არა მტკიცებითი სახით. მას შემდეგ ძალიან ბევრი დრო და ხუთ მილიარდზე მეტი დოზა ვაქცინა გავიდა, შესაბამისად დღეს ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება)-ს მაღალ რისკებზე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებში, სერიოზულად, მითუმეტრეს მტკიცებით ფორმაში, აღარავინ სამეცნიერო მაღალ წრეებში აღარ საუბრობს.

ჩვენ უკე ვნახეთ ვაქცინების ეფექტურობაც და ისიც, თუ სად წარმოიშვა საშიში შტამები, მაღალი ვაქცინაციის მქონე ქვეყნებში თუ პირიქით. ის ცნობილი ენდემური შტამები არ წარმოიქმნილა იქ, სადაც ვაქცინაცია სწრაფი და მოცულობითი იყო, არამედ გაჩნდა იქ სადაც ვირუსი სწრაფად და ''ჯოგური იმუნიტეტის'' სტილში გავრცელდა: - ინდური შტამი; - ბრიტანული შტამი; - ბრაზილიური შტამი; - სამხრეთ აფრიკული შტამი.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ ნებისმიერ თეორიას და აზრს აქვს არსებობის უფლება, მათ შორის იმასაც, რომ ვიფიქროთ მხოლოდ ჩვენ ვიცით იმუნოლოგია და ვაქცინოლოგია ამ პლანეტაზე, მხოლოდ ჩვენ გაგვახსენდა ADE და მხოლოდ ჩვენ ვაფასებთ რისკებს ობიექტურად და მთელი დანარჩენი განვითარებული სამყარო და მისი სამეცნიერო საზოგადოება კი ცდება და ასე 2 წელიწადში განვითარებული ქვეყნების უმეტესობა გაწყდება ამ შეცდომის გამო.

თუმცა, მოდი, მაინც ჩამოვთვალოთ და ვთქვათ - რატომ არ არის ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) კორონავირუსების, ან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისთვის მაღალი რისკის შემცველი საფრთხე:

  • პრეკლინიკურ კვლევებში (ცხოველებში) ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
  • კლინიკურ კვლევებში ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
  • პოსტკლინიკურ დაკვირვებაში ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
  • მანეტრალიზებელი ანტისხეულიების ტიტრი შესწავლილია და ამის მიხედვით დგება ვაქცინის დოზების განსაზღვრა, დამატებითი დოზები აჩვენებს, რომ ზრდის მანეიტრალიზებელი ანტისხეულების რაოდენობას და ამ დროს ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
  • ვაქცინა არის ეფექტური. არავაქცინირებულთან შედარებით საშუალოდ 90% მეტი შანის აქვს ვაქცინირებულს, რომ გადარჩეს და არ განუვითარდეს მძიმე გართულება, ანუ ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
  • განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა აცრილია, სტატისტიკა აჩვენებს, რომ სიკვდილიანობა მცირდება, ანუ აცრილებში დაავადება უფრო მწვავედ არ მიმდინარეობს, ანუ ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
  • ერთი ტიპის (ადამიანის კორონავირუსის ყველაზე* გავრცელებული 4 ტიპი არსებობს) კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში, მეორე (სხვა) ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
  • ვაქცინა გართულებების პრევენციის კუთხით რჩება მაღალეფექტური ახალწარმოქმნილი შტამების წინააღმდეგაც, ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
  • როდესაც უკვე ინფიცირებული ადამიანს მკურნალობისას აწვდიან მზა ანტისხეულებს (კონვალესცენტ პლაზმა), ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს.

ანუ რომ გავამარტვოთ და რისკი და სარგებელი ავწონ-დავწონოთ: დღეს ერთ მხარეს გვაქვს: სწრაფად გავრცელებადი ვირუსი, ყოველ დღე (მსოფლიოს რომ თავი დავანებოთ) საქართველოში ათეულობით მკვდარი ადამიანი, უკან წასული ეკონომიკა, გადატვირთული კლინიკები, ეფექტური ვაქცინა და ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) განვითარების არც ერთი ფაქტი. მეორე მხარეს კი გვაქვს: ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) განვითარების შესაძლო თეორია ერთი წლის დაძველებით, რომელიც არც ერთი ფაქტით არ დასტურდება. ანუ 100% გამორიცხულია, თეორიულადაც კი, რომ ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) არ განვითარდება?

როგორც ზემოთ აღვნიშნე ნებისმიერ თეორიას აქვს არსებობის უფლება. მეტიც, თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, აბსოლუტურად ყველაფერი, ალბათობაა მთავარი, რა არის იმის შანსი რომ ეს ასე მოხდეს და რას გვიჩვენებს ფაქტები, რა დასტურდება ექსპერიმენტალურად. და რადგან სამეცნიერო მეთოდი დადებით თეორიას ამტკიცებს და არა უარყოფითს, სამეცნიერო მეთოდით 100%-თ რაიმეს უარყოფა შეუძლებელია. ანუ თეორიულად: შეიძლება ჩვეულებრივი, აფთიაქში რეცეპტის გარეშე რომ იყიდება იმ ტკივილგამაყუჩებელის მიღების გამო სტივენ ჯონსონის სინდრომი განვითარდეს, რომლის მწვავე ფორმის დროს სხეულის 30% წყლულდება და სიკვდილიანობა 60% აღწევს; შეიძლება მეზობლის აივნიდან გადმოვარდნილი ტაფა დაგეცეთ თავზე და მოკვდეთ, ქუჩაში როდესაც გახვალთ; ასევე შეიძლება მთვარეზე ვარდისფერთავიანი ბეგემოტი ცხოვრობს, რომელიც მაღალტოქსიკურ გაზებს უშვებს.

ეს ყველაფერი თეორიულად შეიძლება კი, მაგრამ აქ ''შეიძლებაზე'' არ არის, (რომ განვმეორდეთ) ალბათობაა მთავარი, რა არის იმის შანსი, რომ ეს ასე მოხდეს, რას გვეუბნება ფაქტები და რა დასტურდება ექსპერიმენტალურად. ამაზეა დაფუძნებული ზუსტად სამედიცინო გადაწყვეტილებები და არა იმაზე ვის რა თეორია მოუვა თავში. და თუ ეს ყველაფერი უკუღმა გვინდა გავიგოთ, ალბათობას და ფაქტებს არაფრად ვაგდებთ და მხოლოდ თეორიებით გვსურს ვიხელმძღვანელოთ, ოკ რა პრობლემაა, მაშინ: თავი რომ აგვტკივდება გამაყუჩებელს ნუ მივიღებთ; ქუჩაშიც ნურასდროს გავალთ, ტაფა რომ არ დაგვეცეს თავში; და საერთოდაც ღამეები ნუღარ დავიძინებთ მშვიდად, რა დროს ძილია, ემანდ იმ ვარდისფერთავიანმა ბეგემოტმა არ გვაპკუროს მაღალტოქსიკური გაზები მთვარედან. რა იცით რა ხდება, ეშმაკს არ სძინავს!ჯანმრთელობას გისურვებთ".