ავტორი:

"თალიბანმა" მუსიკისა და ქალების ხმების ტრანსლაცია აკრძალა, ბიჭებსა და გოგონებს კი უნივერსიტეტებში ერთად სწავლა აეკრძალათ

"თალიბანმა" მუსიკისა და ქალების ხმების ტრანსლაცია აკრძალა, ბიჭებსა და გოგონებს კი უნივერსიტეტებში ერთად სწავლა აეკრძალათ

ავღანეთის ყოფილი შს მინისტრი მასუდ ანდარაბი აცხადებს, რომ თალიბებმა ქვეყანაში ცნობილი მუსიკოსი ფავად ანდარაბი სასტიკად მოკლეს.

მისივე თქმით, ხალხური სიმღერების შემსრულებელი ბაღდადის პროვინციაში, საკუთარი სახლიდან გამოიყვანეს და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

ამასთან, ავღანური საინფორმაციო სააგენტო Pajhwok-ის ცნობით, „თალიბანმა“ ყანდაარის პროვინციაში მუსიკისა და ქალების ხმების ტრანსლაცია აკრძალა.

ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავღანეთის უნივერსიტეტებში ბიჭები და გოგონები ერთად აღარ ისწავლიან. ამის შესახებ თალიბების მიერ ახლად დანიშნულმა უმაღლესი განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აბდულ ბაკი ჰაკანმა განაცხადა.

„გოგონები და ბიჭები ვეღარ შეძლებენ ერთად სწავლას უნივერსიტეტებში და გააგრძელებენ სწავლას ცალ-ცალკე კლასებში, ისლამური კანონის შესაბამისად“, - აღნიშნა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

მანამდე აბდულ ბაკი ჰაკანმა საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაფუძნებული განათლების სისტემა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რელიგიური განათლების უგულვებელყოფა ადამიანებისთვის ზიანის მომტანია.

„მსოფლიო ცდილობდა რელიგია სამეცნიერო განათლებიდან ამოეღო, რამაც ზიანი მიაყენა ხალხს”, - აღნიშნა ჰაკანმა.