ავტორი:

"არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ცოლ-შვილი დამიღუპეს" - რას ამბობენ კოვიდით გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახის წევრები

"არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ცოლ-შვილი დამიღუპეს" - რას ამბობენ კოვიდით გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახის წევრები

კორონავირუსმა კიდევ ერთ ოჯახში დაატრიალა უდიდესი ტრაგედია, ბათუმში კორონავირუსს დედა-შვილი - 54 წლის ნონა ემირიძე და 31 წლის კობა ჯაშოიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული დედა-შვილი სამედიცინო დაწესებულებაში 30 ივლისს მოათავსეს. ორივე მათგანი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა. პაციენტები ჟანგბადდამოკიდებულები იყვნენ, მკურნალობის ეტაპზე საჭირო გახდა ორივე ინფიცირებულის ინტუბირება, თუმცა ექიმების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დედა 27 აგვისტოს გარდაიცვალა, 28 აგვისტოს კი კოვიდმა იმსხვერპლა მისი ვაჟის სიცოცხლეც.

გარდაცვლილთა ოჯახის წევრები მედპერსონალს არასწორად წარმართულ მკურნალობაში ადანაშაულებენ, ამის თაობაზე მათ "ტვ პირველთან" ისაუბრეს. გარდაცვლილი 31 წლის მამაკაცის მეუღლის თქმით, კობა ჯაშოიანი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლიდან მე-3 დღეს გაწერეს და გადაიყვანეს კოვიდსასტუმროში, სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა.

“3 საათი მანქანაში სიცხიანი იყო. როგორც კი კორონავირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა, კლინიკაში "ბი ემ სი" საკუთარი ფეხით წავიდა, იქ სამი დღე გააჩერეს, უთხრეს, კარგად ხარო და კოვიდსასტუმროში გაწერეს, სადაც 2 დღეში კიდევ უფრო უარესად გახდა. 30 ივლისს შევიდა ჩემი ქმარი კლინკა "ბაოში" და გუშინ, მისი ფეხით შესული კაცი ფიცრით გამოგვისვენეს. არ ვიცი იქ რა მოხდა, რატომ ვერ უმკურნალეს, რატომ ვერ გადაარჩინეს. ეს მოხდა მათი პროტოკოლის გამო. სამი კვირის განმავლობაში სიცხისგან იწვებოდა, არ ვიცი, იქ ანტიბიოტიკებს უკეთებდნენ თუ - არა", - აცხადებს კობა ჯაშოიანის მეუღლე.

"არ ვიცი, რა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის, არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ცოლ-შვილი დამიღუპეს"- უთხრა "ტვ პირველს" 54 წლის ნონა ემირიძის ქმარმა.

მათივე თქმით, ექიმების არასწორ მკურნალობაზე გარდაცვლილი დედა-შვილი ოჯახის წევრებს ესაუბრებოდნენ, არსებობს sms მიმოწერები.