ავტორი:

"იმაზე საუბარი, რომ ანტიქრისტეს ბეჭედია და აცრა სულიერებას ეწინააღმდეგება, წარმოუდგენელი შეცდომაა" - მეუფე საბა

"იმაზე საუბარი, რომ ანტიქრისტეს ბეჭედია და აცრა სულიერებას ეწინააღმდეგება, წარმოუდგენელი შეცდომაა" - მეუფე საბა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის წინამძღვარი მეუფე საბა (ინწკირველი) "კვირის პალიტრას" ესაუბრა ადამიანების გაუცხოებასა და სიძულვილზე, 21-ე საუკუნის მთავარი საფრთხის, "კოვიდის" შესაჩერებელ ერთადერთ გზაზე, ვაქცინაციაზე, რომელიც უფლის წინააღმდეგ წასვლას კი არა, გადარჩენას ნიშნავს.

- უპირველესად მოვიკითხავ ჩემს ქვეყანას და მშვიდობას ვუსურვებ. ძალიან რთულ გზას გავდივართ, რომელიც სწორ გზაზე დაგვაყენებს, თუ გონივრულად მოვიქცევით. პოლარიზებისა და გახლეჩის პრობლემა ჩვენს ისტორიას მუდმივად თან სდევდა, ახლა კი განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა, ოღონდ მხოლოდ ქართველებში კი არა, მსოფლიოს სხვა ხალხებსა და ქვეყნებშიც. განსხვავებული აზრისა და ცხოვრების წესის მიუღებლობა დიდი პრობლემაა ყველასთვის, თუმცა მცირერიცხოვან ქართველ ერს ძალიან დიდ ზიანს აყენებს. თუ ერთმანეთის მეტი პატიების, შენდობისა და შემწყნარებლობის უნარი არ გვექნება, არც მშვიდობა იქნება, არც ერთობა, არც კაცისა და უფლის სიყვარული. სამყაროში ხომ ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება, ყველაფერს ბუნების კანონზომიერებასთან მივყავართ. ტრაგედიაა "კოვიდმა" ამდენი ადამიანის სიცოცხლე რომ წაგვართვა, მაგრამ დაგვანახა, სად არის ადამიანი, სამყარო და რა არის ამ ყველაფრის საწყისი. ყოველდღე უნდა ვფიქრობდეთ, რა გვაჩვენა ამ ვირუსმა, რომელმაც სიკვდილთან ასე დაგვაახლოვა და გაგვიშინაურა. მეგონა, ეს განსაცდელი ჭეშმარიტი სიყვარულისთვის მოგვამზადებდა... უფალი ცხადად გვაჩვენებს, რომ ნებისმიერ ადამიანში ღვთის ხატებაა, უფალი ამბობს, ამქვეყნად ყოველი ადამიანი შექმნილია ღვთის ხატადო - ანუ ადამიანის გაფრთხილება, ჩვენი და უფლის ურთიერთობის, მისი სიყვარულის გაფრთხილებაა. თავად იესო ქრისტე გაეკრა ჯვარზე ადამიანისთვის, ჩვენ კი გავაუფასურეთ ეს უზენაესი სიცოცხლე. სანამ ასეთი უბედურება არ დაგვატყდა თავს, ვერ გავიაზრეთ, სად ვართ, რისთვის მოვედით და მთავარი, ბოლოს მაინც მამაღმერთთან უნდა დავბრუნდეთ. იმ საფრთხეების წინაშე, რაც ახლა თავს დაგვატყდა, ერთობა და სიყვარული მთავარი იარაღია. "კოვიდი" 21-ე საუკუნის ყველაზე სახიფათო პრობლემაა. ადამიანური დანაკარგის კვალდაკვალ უამრავი ეკონომიკური პრობლემაც შეიქმნა, რის შედეგებსაც უკვე ვიმკით. ქაოსი და პანიკაა მსოფლიოში. ვირუსმა დაგვზაფრა. ნებისმიერი ასეთი პანდემიის დროს მეცნიერები ვაქცინას იგონებდნენ. ეს იყო გამოსავალი, აცრით ამარცხებდნენ სენს.ახლა გვაქვს კოვიდპანდემია, რომელმაც სამყარო თავდაყირა დააყენა. უფლის დიდი წყალობა ის არის, რომ მეცნიერებმა სიკვდილთან ბრძოლის იარაღი მოიფიქრეს. ადამიანთა ერთმა კატეგორიამ კი განგაში ატეხა, არ გვინდა ვაქცინაო. ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ადამიანი ყველაზე საშიში არსება ყოფილა, რომელიც მხოლოდ თავის თავს კი არა, გაუაზრებლად სხვასაც უქმნის საფრთხეს.

- სამწუხაროა, რომ ამაში სასულიერო პირების წვლილიც არის...- წმინდა სინოდმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არ შეიძლება დაძალება, ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა; რომ რეგულაციების დაცვა აუცილებელია. იმაზე საუბარი, რომ ანტიქრისტეს ბეჭედია და აცრა სულიერებას ეწინააღმდეგება, წარმოუდგენელი შეცდომაა. გააგრძელეთ კითხვა