ორი დღის წინ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 15 წელი მიუსაჯა კაცს, რომელმაც 2020 წელს ცოლი საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო მოკლა.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 23 დეკემბერს, ქ. სამტრედიაში მ.მ.-მ მეუღლეს ე.კ.-ს, საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის განზრახვით, დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ე.კ. ადგილზე გარდაიცვალა", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს და ბრალი "სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის დ1 და ვ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა "
ტრაგედია სამტრედიაში მოხდა, სადაც 32 წლის მალხაზ მხეიძემ ცოლს დანით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. მისი ჩვენების ფრაგმენტები გამოაქვეყნა "რუსთავი 2“-მა, რომელშიც ის მომხდარის დეტალებს ყვება. მისი თქმით, დილის 5 საათზე ცოლი გააღვიძა და საუზმის მომზადება სთხოვა, ქალი ადგა და ძეხვის დაჭრა დაიწყო, თუმცა ქმარი ამან არ დააკმაყოფილა და სხვა კერძის მომზადება მოითხოვა, რა დროსაც დაიწყო ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირება.
"გავბრაზდი, ვუყვირე, მოტანილის მომზადებაც არ გინდა - მეთქი, ავიღე შავტანიანი დანა და მოვიქნიე, რომელიც მოხვდა ჩემს მეუღლეს ყელის არეში...“ - ყვება მამაკაცი ჩვენებაში.
მხეიძე ასევე ამბობს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანას ის ქუჩაში ელოდა, მაგრამ მერე შეეშინდა და მეზობლის სახლში დაიმალა.
ექსპერტიზის დასკვნით, მკვლელობა განზრახ მოხდა და ეს შემთხვევითი არ ყოფილა.