ავტორი:

"ქორწილი არ ყოფილა, აქ შეკრებილები ჩემი პირადი სტუმრები იყვნენ" - რას ამბობს ზურა შევარდნაძე კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო "გარდენიას" დალუქვაზე?

"ქორწილი არ ყოფილა, აქ შეკრებილები ჩემი პირადი სტუმრები იყვნენ" - რას ამბობს ზურა შევარდნაძე კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო "გარდენიას" დალუქვაზე?

კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო, "გარდენია“ დროებით დაილუქება. როგორც "ინტერპრესნიუსს“ შრომის ინსპექციის სამსახურში განუცხადეს, გვიან ღამით დაწესებულებაში ქორწილი გადაიხადეს, რის გამოც ტერიტორიის მფლობელი 2000 ლარით დაჯარიმდა, დღეს დილით კი, ობიექტის დალუქვის ღონისძიებები მიმდინარეობს.

"ადგილზე ქორწილი იყო. აღნიშნული ფაქტი გუშინ, ღამის საათებში დაფიქსირდა, რის გამოც შრომის ინსპექციამ ობიექტი დააჯარიმა. დღეს დილით უკვე დალუქვის ღონისძიებები მიმდინარეობს“, - განმარტავენ შრომის ინსპექციის სამსახურში.

გავრცელებული ინფორმაციით, "გარდენიაში" ქორწილი გაიმართა, რომელსაც 40-მდე სტუმარი ესწრებოდა, ამას კატეგორიულად უარყოფს ზურა შევარდნაძე. მისი თქმით, ქორწილი არ ყოფილა და "გარდენიაში" შეკრებილები მისი პირადი სტუმრები იყვნენ.

"ქორწილი არ ყოფილა, აქ შეკრებილები ჩემი სტუმრები იყვნენ, მოგეხსენებათ, ჩემი სახლიც აქაა, სადაც ვცხოვრობ და ვიღებს სტუმრებს. სულ 22 კაცი ვიყავით, მეტს ვერაფერს გეტყვით...", - განუცხადა შევარდნაძემ ჟურნალისტებს.

მათივე ცნობით, კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის, ბოლო 72 საათის განმავლობაში 5 ობიექტი დაილუქა და 6 დაჯარიმდა.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურში აღნიშნავენ, ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქა და დაჯარიმდა 46 ბიზნეს ოპერატორი, მათ შორის 29 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი.