ავტორი:

პირბადისა და ვაქცინაციის წინააღმდეგ მებრძოლი 30 წლის კალებ უოლისი კოვიდით გარდაიცვალა - "ის ძალიან ჯიუტი იყო, არ სურდა ექიმისთვის მიგვემართა"

პირბადისა და ვაქცინაციის წინააღმდეგ მებრძოლი 30 წლის კალებ უოლისი კოვიდით გარდაიცვალა - "ის ძალიან ჯიუტი იყო, არ სურდა ექიმისთვის მიგვემართა"

ამერიკელი აქტვისიტი კალებ უოლისი, რომელიც პირბადის ტარებისა და ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქციებს მართავდა, ერთთვიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, კოვიდ -19-ით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

30 წლის აქტივისტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ორსულმა მეუღლემ, ჯესიკა უოლისმა GoFundMe-ს ვებ-გვერდზე გაავრცელა. როგორც ცნობილია, პირბადის ტარების წინააღმდეგ გამომსვლელი კალებ უოლისი დაახლოებით ერთი თვის წინ დაინფიცირდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და ჰოსპიტალში პაციენტის გადასარჩენად ფილტვების სავენტილაციო აპარატსაც იყენებდნენ.

3 გოგონას მამა, სან-ანჯელოში შენონის სამედიცინო ცენტრში 30 ივლისიდან იმყოფებოდა. უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ძლიერი დამამშვიდებლებიც უკეთდებოდა.

გასულ კვირას ჯესიკა უოლისმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, რომ კალების მდგომარეობა დამძიმდა.

"ჩემი გული ამას ვერ გაუძლებს. მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია", - დაწერა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჯესიკა უოლისმა.

პირბადეების წინააღმდეგ მებრძოლ აქტივისტს, სურდა ვირუსი დამოუკიდებლად დაემარცხებინა. პრესასთან საუბრისას, კალების მეუღლემ განაცხადა, რომ თავდაპირველად ის უარს ამბობდა ტესტის ჩატარებაზე, ცდილობდა სახლში დამოუკიდებლად ემკურნალა და ამიტომ C ვიტამინის, ასპირინისა და სხვა წამლების დიდ დოზას იღებდა. მან დიდი რაოდენობით პრეპარატი ივერმექტინიც მიიღო, რომელიც ძირითადად შინაური ცხოველების სამკურნალოდ გამოიყენება. თავად წამლის მწარმოებელ კომპანიასაც კი აქვს რეკომენდაცია, რომ წამლის გამოყენება კოვიდის სამკურნალოდ დაუშვებელია:

"კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ივერმექტინის გამოყენება სახიფათოა. მან შეიძლება ლეტალური შედეგი გამოიწვიოს. FDA - ს წამლისთვის ამ დანიშნულებით რეკომენდაცია არ გაუცია".

Standard-Times-სთან საუბრისას ჯესიკა ამბობს, რომ მისი მეუღლე პირბადის ტარების წინააღმდეგი იყო და ფიქრობდა, რომ ეს ადამიანს ვირუსისგან არ იცავს:

"ის ძალიან ჯიუტი იყო, არ სურდა ექიმისთვის მიგვემართა, არ სურდა COVID-ტესტირების სტატისტიკაში მოხვედრილიყო. კალები მეუბნებოდა, ხომ იცი, პირბადე ვერ დაგიცავსო, თუმცა ხვდებოდა, რომ მე მსურდა პირბადის ტარება. მამშვიდებს აზრი, რომ ამით ან საკუთარ თავს ვიცავ, ან სხვას ვიცავ ინფიცირებისგან... მიუხედავად მისი შეხედულებისა, ის საოცარი ადამიანი გახლდათ".

როგორც ცნობილია, აქტივისტმა ორი მასშტაბური საპროტესტო აქცია, სახელით: "COVID ტირანია" მოაწყო, ის უპირისპირდებოდა "ლოქდაუნს", ვაქცინაციასა და პირბადის ტარებას.

"დამიმტკიცეთ, რომ სკოლების დახურვა მოქმედებს პანდემიის წინააღმდეგ. დამიმტკიცეთ, რომ ყველაფრის ბლოკირება დადებითად მოქმედებს. 2020 წელი ამერიკისთვის ყველაზე ცუდი წელი იქნება", - ამბობდა აქციაზე კალებ უოლისი. წყარო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ