რამდენიმე საათის წინ, ვღანეთის დედაქალაქ ქაბულში, აეროპორტის სიახლოვეს ძლიერი აფეთქება მოხდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა დრონით მიიტანა იერიში მანქანაზე, რომლითაც ექსტრემისტული გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" მეომრები, სავარუოდ, თვითმკვლელი ტერორისტები გადაადგილდებოდნენ.
ავტომობილი ქაბულის აეროპორტისკენ მიემართებოდა. ინფორმაცია ამერიკელი ოფიციალური პირებისა და თალიბანის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გავრცელდა.
მომხდარს წინ უძღოდა 26 აგვისტოს, ქაბულის აეროპორტთან თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი ტერაქტი, რასაც 200-მდე ავღანელი და 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა. როდესაც აფეთქება მოხდა, ქაბულის აეროპორტთან ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, რომლებიც აეროპორტში შეღწევასა და ქვეყნიდან წასვლას ცდილობდნენ.
აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-მ გააფრთხილა ადამიანები, რომ მათი დაზვერვის ცნობით, ISIS-ის ადგილობრივი, ავღანური ჯგუფის მხრიდან მოსალოდნელი იყო ტერაქტი. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღესაც გააფრთხილა ქაბულში მყოფი ამერიკელები, არ მიუახლოვდნენ ქაბულის აეროპორტს კიდევ ერთი მოსალოდნელი ტერაქტის გამო.
როგორც Al Jazeera იტყობინება, ამერიკული მხრიდან დღეს განხორციელებული ავიადარტყმით აღნიშნული საფრთხე შეიძლება განეიტრალებული იყოს.
ამერიკელმა სამხედროებმა 31 აგვისტოს უნდა დაასრულონ საკუთარი და ავღანეთის მოქალაქეების ევაკუაცია ქაბულის აეროპორტიდან და ქვეყანა თავადაც უნდა დატოვონ.
ამის შემდეგ აეროპორტზე სრულ კონტროლს დაამყარებს თალიბანი.