მთავრობის გადაწყვეტილებით, 300-მდე დევნილს, ასევე სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და იმ მოქალაქეებს, რომლებიც საცხოვრებელი ფართების დაკანონებას აქამდე ვერ ახერხებდნენ, ფართები სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაეცემათ.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გაგრძელდება.
"300-მდე ოჯახს სიმბოლურ ფასად დაუკანონდება ის ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ - ეს არის დევნილი მოსახლეობა, სოციალურად დაუცველები, ასევე ის მოსახლეობა, რომელიც წლების განმავლობაში ამა თუ იმ ფართში ცხოვრობდა და ვერ იკანონებდა. მივიღეთ გადაწყვეტიელება და მათ გადავეცით სიმბოლურ ფასში და დავუკანონეთ მათი საცხოვრებელი.
ეს არ არის ერთჯერადი აქტი. ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მუნიციპალიტეტები შემოდიან შუამდგომლობით და მათი შუამდგომლობის საფუძველზე გადავცემთ და ვუკანონებთ მოსახლეობას იმ ფართებს, სადაც დე ფაქტო იმყოფებიან, მაგრამ სამწუხაროდ, კანონიერი საკუთრების უფლება არ ჰქონდათ. ეს კეთდება რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, ბორჯომში, ზესტაფონში, თბილისში, ეს პროცესი გაგრძელდება",- განაცხადა თურნავამ.